სპეციალისტების შეფასებით, ტერორისტებს კლავიატურის მეშვეობით უფრო დიდი ზიანის მოტანა შეუძლიათ, ვიდრე ასაფეთქებელი საშუალებებით. საინტერესოა, რა კეთდება სახელმწიფოში კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დღეს, როდესაც მსოფლიო მასშტაბით გახშირდა სხვადასხვა სახის კრიზისის მიზანმიმართული ინსპირირება.
უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის დირექტორ ლაშა პატარაიასთან ინტერვიუ იმ თითქოსდა "თალიბანურ ვიდეოკლიპზე" საუბრით დავიწყეთ, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინტერნეტით და რომლის წარმომავლობის დადგენაზეც შსს მუშაობს.
- როდესაც ლაპარაკია სპეცსამსახურებსა და სამართალდამცველ ორგანოებზე, ამ ვიდეოკლიპის წარმომავლობა ძალიან იოლი დასადგენია - კოორდინაციის შემთხვევაში 3-4 საათის თემაა, ხოლო თუ კოორდინაციაში რაღაც შეფერხებაა, სამართალდამცველი უწყება თავის პარტნიორ ქვეყნებს სთხოვს დახმარებას და ერთობლივი ძალებით ხდება ინფორმაციის ამოღება-დაფიქსირება.
- როგორც ჩანს, ვიდეოკლიპი დილეტანტის ატვირთული არ არის, რა უნდა იყოს მისი გამავრცელებლის მიზანი?
- როდესაც ლაპარაკია სპეცსამსახურზე, კონკრეტულ ჯგუფებზე, მანიპულაციებსა და აზრის შექმნაზე, იქ დილეტანტიზმის ხსენება უადგილოა. თავისთავად ჩანს, რომ ამ ვიდეოს გავრცელების პირდაპირი მიზანია უარყოფითი აზრის შექმნა გარკვეული მოვლენების ინსპირაციის ან შემდგომი მოვლენების ლეგიტიმაციისთვის. მოკლედ რომ ვთქვათ, პირდაპირი მანიპულაციის საგანია და მანიპულაციის უკან, სავარაუდოდ, დგანან სპეცსამსახურები ან გარკვეული დაინტერესებული ჯგუფები. თავიდანვე შეგვიძლია გამოვრიცხოთ, რომ ეს ვიდეოკლიპი თალიბებმა დაამზადეს და ატვირთეს.
ბევრი ინდიკატორი შემიძლია ჩამოგითვალოთ, რა განსხვავებაა თალიბურ პროდუქტსა და რაღაც მანიპულაციებს შორის. მაგალითად, როდესაც იწყება თალიბური მიმართვა და რომელიმე ქვეყანას ჯიჰადს უცხადებ, მიმართვა იწყება ალაჰის დიდებით - "დიდება ალაჰს და ძეს მის მუჰამედს"... მეორეც, არ ვიცი, შეამჩნიეთ თუ არა და, იქ იყო კომპიუტერული ხმა, ანუ გამოყენებულია ისეთი ტექნოლოგია, როდესაც კრეფ ტექსტს და ხდება კომპიუტერული მეთოდით გახმოვანება. კლიპში მთავარი მესიჯია ის, რომ ხმა რეალური არ იყო, ამაზე კი არავის არაფერი უთქვამს. შესაძლებელია იმის დადგენაც, კონკრეტულად რომელი პროგრამის ხმა იყო. ეს უშუალოდ გამოძიების პრეროგატივაა. როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში გამოიყენება ავტორიტეტული ადამიანის მიმართვა და ის ანონიმური არ უნდა იყოს. მესამე - როდესაც მსგავსი ტერორისტული ორგანიზაციები ჯიჰადს უცხადებენ ვინმეს, ეს ოფიციალური მიმართვა უნდა იყოს. საზოგადოებას აქვს ისეთი შეხედულება, თითქოს ტერორისტები კლდეში სხედან, ქვის ხანაში არიან და არაფერი იციან, სინამდვილეში ეს ძალზე განვითარებული ხალხია, რომელთა შორისაც ვაწყდებით მილიონერებს, მილიარდერებს, უზარმაზარ ფინანსურ კაპიტალს, მაღალ პროფესიონალიზმს და ძალიან ხშირად ისინი ერთი ნაბიჯით წინ არიან სპეცსამსახურებზე. მათ ჰყავთ პრესსპიკერები, რეკრუტერები, ეს არის დიდი ინდუსტრია და არასწორი იქნება მათი შესაძლებლობების გაუთვალისწინებლობა.
ასე რომ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ კლიპი თალიბების დამზადებული არ არის, დანარჩენი კი გამოძიების საქმეა, არ შეიძლება მივბაძოთ ქართველ პოლიტიკოსებს და ჰაერში დავიწყოთ ვარაუდების სროლა. ქართული პრობლემა სწორედ ის არის, რომ გამოძიება არ არის დასრულებული და კეთდება რადიკალური განცხადებები. ეს ამბავი თავიდანვე გახდა სპეკულაციის საგანი, რაც ადასტურებს იმას, რომ ე.წ. თალიბური ვიდეოს გავრცელების მიზანი იყო დაპირისპირება, სპეკულაცია და მოსახლეობაში არაჯანსაღი ემოციებისა და აზრების შექმნა.
- თუ ამ ყველაფრის დასადგენად საათებია საჭირო, აქამდე რატომ გაჭიანურდა გამოძიება, მით უფრო, როცა არსებული ინფორმაციით, საქმეში FBI და ისრაელის ელექტრონული დაზვერვის სამსახურიც ჩაერთო?
- როდესაც მსგავსი მანიპულაციის საკითხებზე გამოძიება იწელება, გასაკვირი არაა, მაგრამ როდესაც არსებობს საზოგადოების მაღალი ინტერესი, არ შეიძლება ჩაკეტილად იმუშაო, ყველაფერი არ თქვა ბოლომდე. თუ ლაპარაკია იმაზე, რომ ვიდეო არ შექმნილა თალიბების მიერ, ჩანს, რომ ეს არის უშუალოდ შიდა სპეკულაციის საგანი - შიდაპარტიული ან დიპლომატიური. შესაბამისად, ლაპარაკი გვაქვს უკვე არა ჯიჰადსა და ტერორისტებზე, არამედ კონკრეტულ სპეცსამსახურებზე ან კონკრეტულ ჯგუფებზე. ჩვენ ვნახეთ, რომ ამ კუთხით წინა ხელისუფლება ბევრ შეცდომას უშვებდა. აგენტურული ქსელის აყვანა - ასეთი რამ მსოფლიოში არ ხდება. ეს არის პარადოქსი. როდესაც სპეცსამსახურები, კონტრდაზვერვის სამსახური, სამართალდამცველი ორგანოები მუშაობენ რაღაც პროექტზე და გამოავლენენ აგენტურულ ქსელს, ისინი, პირველ რიგში, მათთან მუშაობენ მარტივი მიზეზის გამო - თუ ძლივს გამოვლენილ ქსელს მაშინვე გაანეიტრალებენ, გაჩნდება რამდენიმე ახალი ქსელი. უკიდურეს შემთხვევაში, როცა ლაპარაკია დივერსიების საფრთხეზე, მაშინ შეიძლება ის აიყვანო. ახალი ხელისუფლება არ ჩქარობს და ბევრ რამეში კლასიკურად და კონსერვატიულად მიდის. მათ წინაშე ბევრი სირთულეა, მაგრამ ამ ყველაფერში საზოგადოებრივი აზრის და სამოქალაქო საზოგადოების უგულებელყოფა შეცდომაა.
- როგორ შეაფასებთ საქართველოს მდგომარეობას კიბერუსაფრთხოების მხრივ?
- საქართველოში ისევეა დალაგებული კიბერუსაფრთხოების თემა, როგორი აქტუალურიც არის. ამის მიზეზია არასაკმარისი პოლიტიკური ნება, არასაკმარისი კვალიფიკაცია, გამოცდილება და კადრები. ეს ყველაფერი აფერხებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. რომ ვამბობთ, ისრაელი ჩაერთო გამოძიების საქმეშიო და გვიხარია, იმაზე რატომ არ ვლაპარაკობთ, რომ ისრაელი გარკვეული პარამეტრებით ჩვენნაირი ქვეყანაა, ჩვენსავით სულ ბრძოლის რეჟიმშია, ებრძვის ტერორიზმს. მან თუ შეძლო და კიბერუსაფრთხოებაში ავტორიტეტული ქვეყანა გახდა, რატომ არის ეს ჩვენთან პრობლემა? სამწუხაროდ, 2008 წლის აგვისტოს ომმა ვერაფერი გვასწავლა. ესტონეთი დღეს პირველი სახელმწიფოა კიბერუსაფრთხოებაში, ამერიკელებიც კი მათგან სწავლობენ ბევრ რამეს. ესტონელებმა ბევრ რამეში ჩვენი გამოცდილება გამოიყენეს, დაწერეს სახელმძღვანელო და ბევრი მნიშვნელოვანი დოკუმენტი მიიღეს. ჩვენს საზოგადოებაში კი დღემდე არ იციან, რა განსხვავებაა კიბერშეტევასა და კიბერომს შორის, რა არის კიბერტერორიზმი, კიბერკრიმინალი და საერთოდ, რა რეალობაში ვართ. ჩვენს ქვეყანაში პირველი კიბერომი მოხდა 2008 წელს, რომელიც დროულად ვერავინ შეაფასა. ამ მხრივ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს და ჯერჯერობით არაფერი ხდება ამის გასაკეთებლად.
- ანუ კიბერშეტევების - კიბერტერორიზმი იქნება თუ კიბერომი, თავიდან აცილების ბერკეტები არ გაგვაჩნია?
- 2008 წელს, როდესაც ქვეყანაში კიბერომი გვქონდა, როცა სრულ ქაოსში ვიყავით, როდესაც ბოტნერის ქსელი შეიკრა, ჩაერთვნენ პროპაგანდისტები, ჰაკერები მუშაობდნენ მაღალ დონეზე, იყო ინფორმაციული ომი, კიბერშეტევები, ურტყამდნენ ინფრასტრუქტურას, საბანკო სექტორს... თუ გახსოვთ, რით უპასუხა ამას ჩვენმა მთავრობამ? ასეთ დროს 10-15 ბლოგერი დაიქირავეს, დასვეს ერთ ოთახში, აღჭურვეს კომპიუტერებით და რაღაც პროპაგანდას ეწეოდნენ. აი, ეს იყო ჩვენი მაშინდელი პასუხი. მართალია, ამ მხრივ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ იმის გამო, რომ პოლიტიკური ნება არ არის, საკმარისი აქტუალობა არ აქვს ამ ყველაფერს ქვეყანაში, სპეციალისტებს არ აძლევენ საკმარის რესურსებს და არის კადრების პრობლემაც. კიბერსაფრთხე დღევანდელ რეალობაში აბსოლუტურად სრულფასოვანი სამხედრო საფრთხეა. კიბერტერორიზმის სცენარებით განვითარებულ მოვლენებს შეიძლება შედეგად მოჰყვეს ადამიანთა მსხვერპლი, მატერიალური დანაკარგი და უამრავი სხვა პრობლემა. ყველა ის ამოცანა, რომელიც კლასიკურად ყოველთვის დაზვერვის სამსახურისთვის იყო მნიშვნელოვანი, დღეს უფრო იაფად და ეფექტურად არის რეალიზებული. ამ ყველაფერს გააზრება, ანალიზი, ცოდნა და კომპეტენცია ესაჭიროება.
ნანა ფიცხელაური
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)