"საქინფორმის" დირექტორი არნო ხიდირბეგიშვილი ყოველთვის გამოირჩევა სკანდალური განცხადებებით. პრეზიდენტისა და სხვა მაღალი რანგის პოლიტიკოსების მიმართ კრიტიკას არასოდეს იშურებს, თუმცა ხშირად მისი განცხადებები კრიტიკაზე მეტია: ფუტლარი, გიჟი, აფერისტი - ამ ეპითეტებით პრეზიდენტს ამკობს. სკანდალურია მისი განცხადებებიც პრეზიდენტის პირად ცხოვრებაზე. იმ თემებზე, რაზეც ხალხში ჩუმად ლაპარაკობენ, ბატონი არნო თამამად საუბრობს და არც არაფრის ეშინია.
- ბატონო არნო, "საქინფორმი" პირველად სკანდალში მაშინ გაეხვია, როდესაც რობერტ სტურუას ცნობილი ინტერვიუ გამოაქვეყნეთ, სადაც პრეზიდენტის სომხურ წარმომავლობაზე საუბრობდა.
- ჩვენ ხშირად ვეხვევით სკანდალში... არადა, იმ კაცს ისეთი არაფერი უთქვამს, სააკაშვილზე თქვა, რომ ეროვნებით სომეხია, რაც მეც ბევრჯერ მითქვამს და მთელმა საქართველომ იცის. რეალურად მიზეზი სხვა იყო - ბატონ რობიკოს თეატრი უნდა დაეტოვებინა! მერე მონახეს აქ მცხოვრები ცუდი სომხების კატეგორია, რომლებიც ვითომ სომხობენ, არადა, გრანტებით დიდ თანხებს შოულობენ, წერილი დააწერინეს და დაუპირისპირეს. რეალურად კი, როცა წინა ხელისუფლებების დროს მართლაც იყო სომხების სხვადასხვა პრობლემა გადასაწყვეტი, მაშინ ხმა არ ამოუღიათ!
- ამის შემდეგ თქვენი მილოცვა გამოქვეყნდა, სადაც ვლადიმირ პუტინს პრეზიდენტად არჩევას ულოცავდით...
- მაშინ ხალხმა მხარი დამიჭირა, მაგრამ საზოგადოების მცირერიცხოვანი ნაწილი გაღიზიანდა. "პედერასტები" გამომიგზავნა სააკაშვილის ხელისუფლებამ და დღისით-მზისით რედაქციაში შემომიცვივდნენ... ერთი მათგანი აქ, ჩემს კაბინეტში შემომივარდა, თანაც საპატრულო ეკიპაჟის თანდასწრებით! დანარჩენები გარეთ ელოდნენ. ყველა მათგანი გაშიფრული მყავს, მაშინ 200-გვერდიანი საჩივარი შევიტანე პროკურატურაში, ადეიშვილის სახელზე, რა თქმა უნდა, უშედეგოდ. მგონი, მერაბიშვილის გარდა, ყველა მაღალჩინოსანი პოლიციელი იყო აქ მოსული, მაგრამ ის დაქირავებული აყროლებული არამზადა "სულ ზემოდან" ზარის მერე მოულოდნელად გამოუშვეს, რიგითმა პოლიციელებმა მითხრეს, ბატონო არნო, თუ კიდევ მოგივარდათ, შეგაგინათ, დაგჭრათ, აი, მერე დავაკავებთო (იღიმება).
მაშინდელ ამერიკის ელჩს, ჯონ ბასს, ორჯერ მივწერე ღია წერილი ამ პროვოკაციის შესახებ, სამ ენაზე გამოვაქვეყნე და "დიეიჩელით" ინგლისურ ენაზე, საელჩოში გავუგზავნე. მას შემდეგ ხმა აღარ ამოუღიათ, არც დაურეკავთ, არც წერილი და კომენტარი დაუწერიათ - გაფრთხილებული იყვნენ, რომ დღისით-მზისით რედაქციაში შევარდნა, მთავარი რედაქტორის მისამართით მუქარა "არადემოკრატიული" და დაუშვებელია (იცინის).
როგორც იცით, მერაბიშვილის ინტერნეტდივერსანტებს ვრცელი ჟურნალისტური გამოძიება მივუძღვენი და ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ჯიჰადზეც ვიდეოების გამზადება ПИК-ის "ჟურნალისტ" ოლეგ პანფილოვის (შემოკლებით "ჟოპ") და მისი ბიჭუნა-ბლოგერების გარეშე არ ჩაივლიდა. ეს ვიდეოები სააკაშვილის დაკვეთით არის დამონტაჟებული, როგორც მოდელირებული "ქრონიკა" შეიქმნა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთავარი შემსრულებელი ისევ გიორგი არველაძეა. სხვათა შორის, ჩემი ეს ვერსია პრემიერ-მინისტრმაც ირიბად უკვე დაადასტურა. და მეორე - "ფეისბუქიდან" შევიტყვე, რომ ПИК-ის ყოფილმა ფოტოგრაფმა თურმე საკუთარი კადრები იცნო, ტელეკომპანია ПИК-ის არქივიდან ვერავინ ამოიღებდა ამ კადრებს, ПИК-ის თანამშრომლების გარდა.
- თუ კვალი მართლა მივიდა ამ ადამიანებამდე, თავს როგორ იმართლებენ?
- "ვა-ბანკზე" მიდიან, მათ დასაკარგი არაფერი აქვთ და არც წასასვლელი! რაც შეეხება მიშას, ერთხელ, ძალიან რომ გაუჭირდა, 2008-ში, ომი დაიწყო. ახლა უსუსური აქცია რომ ჩაატარეს 19 აპრილს, ნახეს, რომ არეულობის ძალაც აღარ აქვთ. თან ჩვენი პრეზიდენტი ბუნებით აფერისტია, ანტიქრისტე და არანორმალური. იცის, ზურაბ ჟვანია როგორ მოკლეს და იცის, რომ როდესაც ობიექტი იღუპება, ყოველთვის პირადი დაცვაა გარეული. ამიტომ გამუდმებით დგამს ამ სპექტაკლებს, რომ ვითომ კლავენ - ხან ახალი ხელისუფლებისგან ელოდება საფრთხეს და დაცვაზე უარს ამბობს, ხან კიდევ თალიბები "ემუქრებიან"...
- თქვენ პრეზიდენტის პირად ცხოვრებაზეც აკეთებთ სკანდალურ განცხადებებს...
- სოფო ნიჟარაძეს რომ მოიყვანს ცოლად, რა არის ამაში სკანდალური? თუ კაცია, აუცილებლად მოიყვანს, თანაც, ის ხომ პუტინს ყველაფერში ჰბაძავს: ჰაერში - თვითფრინავის მართვაში, წყალში - ყვინთაობაში, ხომ გახსოვთ, აკვალანგით რომ ჩავიდა და კინაღამ დაიხრჩო?! მოიყვანოს, თუ მანამდე პუტინმა მის მიმართ თავისი დანაპირები არ შეასრულა (იცინის). მაგრამ ამ ლამაზი გოგოს ქმრობაც მიშასთვის, პირველ რიგში, პიარსვლა იქნება, თანაც სანდრასთან ნორმალური ურთიერთობა რომ დიდი ხანია არ აქვს, ამას მთელი საქართველო ხედავს. სანდრა მარტო იმისთვის სჭირდებოდა, რამე რომ მომხდარიყო, ჰოლანდიაში გაქცეულიყო და იქ პოლიტიკური თავშესაფარი მიეღო. მთელი ეს წლები სანდრა მის ქარაფშუტობას შეძლებისდაგვარად აბალანსებდა. ახლა აღარ სჭირდება, რადგან ამერიკაში ბოლო ვიზიტის დროს მისცეს უსაფრთხოებისა და თავშესაფრის გარანტიები.