გიორგი გაგლოევი - "ველოდები, მინისტრი როდის დამირეკავს"

გიორგი გაგლოევი - "ველოდები, მინისტრი როდის დამირეკავს"

"ვაიმე! შენ არ იცი, მაგ რუბრიკის როგორ მეშინია. ჩემამდეც მოხვედი, არა?" - ასე შეხვდა ჩემს შეთავაზებას "ერუდიტში" ჩაწერაზე მსახიობი გიორგი გაგლოევი. მისი საყვარელი ავტორი კონსტანტინე გამსახურდიაა. ამბობს, რომ სკოლაში კარგად სწავლობდა. მართალია, მე-8 კლასამდე ფრიადოსანი იყო, მაგრამ კარგი მეხსიერებით არ გამოირჩევა.

- კონსტანტინე გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენა" ჩემი საყვარელი ნაწარმოებია. პირველად რომ წავიკითხე, ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მას მერე რამდენჯერმე მივუბრუნდი და ყოველ ჯერზე რაღაც ახალი განცდები მომიტანა. ხუთჯერ მაქვს წაკითხული. ამ ნაწარმოების მიხედვით ძალიან საინტერესო ფილმს გადავიღებდი.

- კონსტანტინე გამსახურდიას გარდა, კიდევ რომელი ავტორები მოგწონს?

- დავით კლდიაშვილის შემოქმედებაზე ვგიჟდები. ყველა მისი პერსონაჟი ნამდვილია. მგონია, რომ ჩემ გვერდით ცხოვრობენ.

- რომელთან იმეგობრებდი?

- ირინესთან ("ირინეს ბედნიერება"), ასევე დიდი სიამოვნებით ვიმეგობრებდი შორენა კოლონკელიძესთან.

- რომელიმე გმირს თავად თუ ჰგავხარ?

- საკუთარი თავი არასდროს არც ერთი გმირისთვის არ მიმიმსგავსებია.

- სკოლაში როგორი მოსწავლე იყავი?

- მე-8 კლასამდე ფრიადებზე ვსწავლობდი. გეოგრაფია მიყვარდა. მერე უფრო მეტად პროფესიული კუთხით განვითარებაზე ვიზრუნე.

- "შუა ქალაქში" თამაშობ. ახლახან სერიალში რეგიონული განვითარების მინისტრმა, დავით ნარმანიამ ითამაშა. რა ხდებოდა გადასაღებ მოედანზე? მიამბე ის, რაც კადრს მიღმა დარჩა.

- ჩვენი მინისტრი საკმაოდ კარგი მსახიობი აღმოჩნდა. მოვიდა, გაგვეცნო, ძალიან უშუალო ადამიანია. როლი კარგად მოირგო. მითხრა, შენნაირი თანამშრომელი სამინისტროში მართლაც გვყავსო. თურმე მასაც ჩემი გმირის სახელი ჰქვია და ფიზიკურად ძალიან მგავს. ველოდები, მინისტრი როდის დამირეკავს და ამ ადამიანს როდის გამაცნობს.

- მაყურებელმა შენი და ნოდარ გურგენაშვილის ტანდემი შეიყვარა.

- არ მეგონა, მოკლე პერიოდში მაყურებელი ასე თუ მიმიღებდა. ქუჩაში მაჩერებენ და მეუბნებიან, - პეტოს ამდენს რატომ უთმობო? - ვუხსნი, რომ ეს სცენარია, ცხოვრებაში ასე არ ხდება. მარიგებენ, - მაინც არ მოუთმინოო.

- დროა, კითხვარზე გადავიდეთ.

- საინტერესოა, წლის ბოლოს, როცა შემაჯამებელ სტატიას დაწერ, ჩემზე რას იტყვი?

- ეს ჯერ თავადაც არ ვიცი, ახლა კი მადლობას გეტყვი, რომ "ერუდიტის" მკითხველი ხარ. თავი უფრო შინაურულად რომ იგრძნო და დაძაბულობა მოგეხსნას, პირველ კითხვას შენი პროფესიიდან დაგისვამ.

- ყურადღებით გისმენ, ოღონდ ძალიან გთხოვ, მათემატიკიდან არაფერი მკითხო.

- ის თეატრისა და კინოს რაჟისორი იყო. 1913-21 წლებში რუსეთში მოღვაწეობდა. 1922 წელს საქართველოში დაბრუნდა გახმაურებული სპექტაკლებით - "ცხვრის წყარო", "ურიელ აკოსტა"... 1928 წელს ქუთაისში თეატრალური დასი ჩამოაყალიბა. პარალელურად მუშაობდა კინოში. დაასახელე ეს პიროვნება.

- კოტე მარჯანიშვილი.

- 1919 წელს კიევში, სოლოვცოვის თეატრში კოტე მარჯანიშვილის მიერ დადგმული ლოპე დე ვეგას დრამა "ცხვრის წყარო" საბჭოთა თეატრის ისტორიაში შევიდა და განსაკუთრებული ადგილი დაიკავა. რატომ?

- პირველი საბჭოთა სპექტაკლი იყო.

- ის საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის, ორჯონიკიძის რაიონის მილიციის უბნის რწმუნებული გოგი თუშურაშვილი გახლდათ. რა მეტსახელით ვიცნობთ?

- კუკარაჩა.

- რა ჰქვია საქმის ზერელედ მცოდნე ადამიანს?

- დილეტანტი.

- ადამიანის ამ ორგანოს 24 კუნთი აქვს და ყველა სხვა ორგანოზე სწრაფად მოძრაობს. რომელ ორგანოზეა ლაპარაკი?

- თვალზე.

- ცდები.

- გულზე.

- ესეც არასწორი პასუხია.

- ენაზე. სხვა რაღა უნდა იყოს?

- გამოიცანი. მას დღე-ღამის განმავლობაში 9-მეტრიანი გვირაბის გათხრა შეუძლია. რაზეა ლაპარაკი?

- თხუნელაზე.

- ინდოეთის ოკეანის აუზში რომელია ყველაზე დიდი ზღვა?

- ვერ გიპასუხებ.

- არაბეთის ზღვა. "სახე გამხდარი, კუშტი და მწყრალი/ სიწმინდის მადლით დაჰშვენებოდა/ და მაღალს შუბლსა, ნაოჭად შეკრულს,/ შარავანდედი გადაჰფენოდა". ვის აღწერს ასე ილია ჭავჭავაძე?

- განდეგილს.

- რით არის გამორჩეული მდინარე ზანა?

- ძალიან პატარა მდინარეა. აბაშის რაიონში მიედინება. თუ არ ვცდები, მისი სიგრძე სულ 20 მეტრია. ამ მდინარის მახლობლადაა დაბადებული კონსტანტინე გამსახურდია. ეს ყველაფერი საიდან ვიცი? მე ხომ ტანით ძალიან "დიდი" ვარ, ჰოდა, ერთ დღესაც ვხუმრობდი, ნეტავ სადმე ჩემი ზომის მდინარე მანახვა-მეთქი. ერთმა პოლიტიკოსმა მითხრა, ასეთი საქართველოში არის და მას ზანა ჰქვიაო.

- ეს მწერალი 1826 წელს იასნაია პოლიანაში დაიბადა. თბილისში 1851 წელს ჩამოვიდა და აქ 2 თვეზე მეტხანს დაჰყო. "არ ვიცი, არის თუ არა კავკასია შთაგონების ქვეყანა, მაგრამ იგი უეჭველად სიყვარულის ქვეყანაა", აღნიშნავდა ერთ-ერთ წერილში. დაასახელე ეს მწერალი.

- ვერ გიპასუხებ.

- ლევ ტოლსტოი. რომელი ზღვა მდებარეობს ისრაელისა და იორდანიის საზღვარზე?

- მკვდარი ზღვა.

- რომში ის სიმამაცის სიმბოლოდ მიიჩნეოდა. ომის დროს, ვინც პირველი შეიჭრებოდა მოწინააღმდეგის ქალაქში, უფლებას აძლევდნენ, ხელში ეს მცენარე სჭეროდა, ხოლო ვინც მისით თავს დაუმსახურებლად გაილამაზებდა, სენატის გადაწყვეტილებით, ციხეში სვამდნენ. რომელ მცენარეზეა ლაპარაკი?

- ვარდზე, არა?

- გამოიცანი. რომელმა ქართველმა მწერალმა დალია სული დღევანდელი სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში, სადაც მაშინ წმინდა ნინოს სახელობის ლაზარეთი იყო განთავსებული?

- ვაჟა-ფშაველამ.

- რა ჰქვია ინდიელის ფეხსაცმელს?

- მოკასინი.

- ვინ ასრულებს მთავარ როლს "მაია წყნეთელში"?

- ლეილა აბაშიძე.

- რა ეწოდება სახლმწიფოს ერთპიროვნულ მმართველს, რომელიც შეუზღუდავი ძალაუფლებით არის აღჭურვილი?

- ტირანი.

- დიქტატორი. მას ატლანტისა და ინდოეთის ოკეანეები, ხმელთაშუა და წითელი ზღვები ეკვრის გარს. ევროპიდან გიბრალტარის ვიწრო სრუტით გამოიყოფა, ხოლო სუეცის არხით აზიას უკავშირდება. დაასახელე, რომელ კონტინენტზეა ლაპარაკი?

- აფრიკის.

- რომელ ქვეყანაში გამოიგონეს კომპასი, ქაღალდი და ქოლგა?

- ჩინეთში.

- რა ჰქვია ბრიყვულად გაწეულ სამსახურს, რომელსაც განზრახული სიკეთის ნაცვლად ზიანი და უსიამოვნება მოსდევს?

- არ ვიცი.

- მიგანიშნებ, ეს გამოთქმა მას შემდეგ გაჩნდა, რაც კრილოვის იგავ-არაკი - "დათვი და მეუდაბნოე" გამოქვეყნდა.

- ა! მივხვდი, დათვური სამსახური.

- XV საუკუნეში ევროპაში მკაცრად დამკვიდრდა მამაკაცის ფეხსაცმელი ბლაგვი წვეტით. იგი საფრანგეთის მეფე შარლ VIII-მ დაამკვიდრა მოდაში, რომ საკუთარი ნაკლი დაეფარა. რა ნაკლი ჰქონდა მას?

- არ ვიცი.

- მას ფეხზე 6 თითი ჰქონდა. რამდენი წამია საათში?

- მაგას რა დაიანგარიშებს? (პაუზის შემდეგ) 3600 გამოდის.

- "მე ვხედავ მზეს", "როცა აყვავდა ნუში", "ერთი ცის ქვეშ", "აურზაური სალხინეთში", "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე" - ვინ არის ამ ფილმების რეჟისორი?

- ლანა ღოღობერიძე.

- ახლა ერთ ძველ იტალიურ გამოცანას გეტყვი: რაც უფრო მოკლდება წინ, მით უფრო გრძელდება უკან. რა არის?

- ცხოვრება, სიცოცხლის წლები.

- ამ ფილმის სცენარის ავტორი მერაბ ელიოზიშვილია. მონაწილეობენ: დოდო აბაშიძე, ლია კაპანაძე, მზია მაღლაკელიძე, ზურაბ ქაფიანიძე. გადაღებები ერწოს ტბაზე მიმდინარეობდა, პრემიერა 1968 წელს გაიმართა. დაასახელე ეს ფილმი და მისი რეჟისორი.

- მერაბ კოკოჩაშვილის "დიდი მწვანე ველი".

- რომელი კომპოზიტორის მუსიკა დაედო საფუძვლად საქართველოს ჰიმნს?

- ზაქარია ფალიაშვილის.

- რომელი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს ფინეთის დედაქალაქი ჰელსინკი?

- ბალტიის ზღვის.

- დაბოლოს, დაასრულე დემოკრიტეს ცნობილი გამონათქვამი: "საკუთარი შეცდომების დავიწყება..."

- არ შეიძლება.

- "...თავხედობას ბადებს".

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება