ეთერ კაკულია - "ვნანობ, გოგო რომ არ გავაჩინე, ყველა ქალს უნდა ჰყავდეს გოგო"

ეთერ კაკულია - "ვნანობ, გოგო რომ არ გავაჩინე, ყველა ქალს უნდა ჰყავდეს გოგო"

სულ მალე მომღერალი ეთერ კაკულია მეშვიდე ალბომს გამოუშვებს, რომელშიც შევა ახლახან აფხაზეთზე ჩაწერილი სიმღერა, რომლითაც, როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, საქართველოს ამ ულამაზეს კუთხეში დავბრუნდებით. ქალბატონი ეთერი ჟურნალისტებისთვის საყვარელი რესპონდენტი რომ არის, ეს ალბათ ბევრისგან გსმენიათ, ჰოდა, ამჯერადაც მისთვის მნიშვნელოვანი მოვლენები ხალისიანად გაიხსენა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ეს რიგით პირველი ინტერვიუ არ არის ქალბატონ ეთერთან, მაინც ბევრი საინტერესო და უცნობი დეტალი აღმოვაჩინე მომღერლის ცხოვრებიდან.

- უფლის მადლობელი ვარ, რომ ქალად დავიბადე. ვგიჟდები ფეხმძიმე ქალებზე, გაფოფრილები რომ დადიან, მუცლით რომ ახალ სიცოცხლეს ატარებ, ამაზე დასაფასებელი არაფერია. ასევე ბედნიერი ვარ იმით, რომ ქართველად დავიბადე, საქართველოსნაირი ქვეყანა არ არსებობს, არაააა. მგონი, ერთადერთი მომღერალი ვარ, რომელსაც ჩვენი სამშობლოს ყველა კუთხეზე და თბილისის ყველა უბანზე მაქვს სიმღერა შესრულებული, აფხაზეთი აკლდა ამ სრულ სიას და სულ ცოტა ხნის წინ ჩავწერე ნანული ბრეგვაძის მუსიკაზე შექმნილი სიმღერა, რომელსაც არაჩვეულებრივი ტექსტი ახლავს თან, ავტორი ტანვარჯიშში მრავალგზის ჩემპიონი ნელი სალაძეა. კომპოზიტორი ნანული ბრეგვაძე ნელის კონცერტმაისტერია იმ სტუდიაში, სადაც ბავშვებს ამზადებს. ამ მშვენიერმა ქალბატონებმა მუსიკა და ტექსტი რომ გაამზადეს, დამირეკეს, მომასმენინეს, უნდოდათ, მე შემესრულებინა ეს სიმღერა და ისე მომეწონა, რომ გადავირიე, ნუუუუუ... კლიპის გადაღებასაც ვაპირებთ, სიმღერა ოპტიმისტურად ამ სიტყვებით სრულდება - ჩემო აფხაზეთო, დამიბრუნდი, გეეეელიიიიი (მღერის). ჩაწერის დროს სულ ჟრუანტელი მივლიდა და ცრემელები მომდიოდა, რააააა..

ბავშვობა...

- იცი, როგორი ბავშვი ვიყავი? დედაჩემი სადაც დამსვამდა, იქ ვიჯექი, სანამ მეტყოდა, რომ ავმდგარიყავი. საბედნიეროდ, მერე ცოტა გამოვსწორდი (იცინის). ორბორბლიანი ველოსიპედი მიყიდეს და ამან გამომაცოცხლა. მოგეხსენებათ, ფალიაშვილის 102 ნომერში ვცხოვრობდი, ჰოდა, ამ ჩემი ველოსიპედით ვუვლიდი წინ და უკან მთელ ქუჩას. ჩემი სახლის ნომრის გამო მინდა 102 წელი ვიცოცხლო, მაგრამ ახლა ვფიქრობ, ხომ არ მოვაკლო-მეთქი (იცინის)? არადა, ჩვენ ხომ შეთანხმებულები ვართ, 102 წლის რომ ვიქნები, შენ კი 80-ის, ისევ ჩემთან უნდა მოხვიდე და ინტერვიუ უნდა ჩავწეროთ, არაააააა (იცინის). ნეტა ვინ იქნება საქართველოს პრეზიდენტი? ძალიან მაინტერესებს, რააა... მარტო მაგიტომ მინდა ამ ქვეყანაზე გაჩერება, რომ ეგ გავიგო (იცინის).

...ბავშვობას მივუბრუნდეთ ისევ, მამა ძალიან ბუნჩულა კაცი იყო და ვგიჟდებოდი მასზე, დედა სიმკაცრით გამოირჩეოდა, სულ შენიშვნებს მაძლევდა, ეს ასე არ გააკეთო, სწრაფად წადი, გაგვიანდება და ა.შ. ვაიმეეეე, ამაზე ერთი კარგი ამბავი გამახსენდა. მახსოვს, მე და ჩემი მეგობარი ნანა უნივერსიტეტში მივდიოდით, არ გვაგვიანდებოდა და ნელ-ნელა მივსეირნობდით, დედა აივნიდან გვიყურებდა და უცებ ყვირილი დაიწყო, ეთერ, დაგაგვიანდა, იფიქრე, იფიქრეო. თურმე, გვეუბნებოდა, გათხოვებაზე იფიქრეთო და ჩვენ კიდევ გვეგონა, ლექციებზე დაგვიანებაზე გველაპარაკებოდა, ჰოდა, ჩემმა მეგობარმა ნანამ ასძახა, არა, არა ჯერ ადრეა, ლექციაზე არ გვაგვიანდებაო (იცინის).

ორი ღამე მეზობელთან...

- ალბათ, მეხუთე კლასში ვიყავი, როცა მეგობრებთან ერთად კუს ტბაზე გავიპარე, არადა, ისე მეშინოდა დედის, როგორც თოფის, მაგრამ მაინც წავედი. თურმე მთელი ქუჩა გვეძებდა, როგორც იქნა, მივედით სახლთან და დაიწყო გადაძახილები, მოვიდნენ, მოვიდნენ, კარგად არიანო. დედამ მეზობლის ქალი ელჩად გამოუშვა ჩემთან და დააბარა, სახლში არ მოვიდესო, რაღას ვიზამდი, შემიფარა მეზობელმა და ორი ღამე მასთან მეძინა. მერე, ეტყობა, დედას გული მოუბრუნდა და შინ დამაბრუნეს, ბოდიშიც კი მოვიხადე ჩადენილი დანაშაულისთვის..

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება