6 ივნისს ღამე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავღანეთში 7 ქართველი ჯარისკაცი ტერორისტის მსხვერპლი გახდა, არიან დაჭრილებიც. საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა თავდაცვის სამინისტროში, რომელიც პირდაპირ ეთერში გადმოსცეს ტელევიზიებმა. გავრცელდა პრეზიდენტის, პრემიერის და სხვადასხვა უწყებების სამძიმრის წერილები. ''რუსთავი 2''-ზე კი ''კურიერის'' დამთავრებისთანავე, გადაცემა ''პროფილი'' დაიწყო. თემა პლასტიკური ქირურგია გახლდათ. გლოვის ფონზე მეტისმეტად მხიარული გადაცემის ეთერში გადაცემის გაშვებამ სოციალურ ქსელში აღშფოთება გამოიწვია. არაერთი მოწოდება გაისმა ''რუსთავი 2''-ის ხელმძღვანელობის მისამართით, შეეწყვიტათ გადაცემა. როგორც ჩანს, ტელევიზია გონს მოეგო, გადაცემა მოულოდნელად, სარეკლამო გაჭრის გარეშე გაწყდა და ეთერში მხატვრული ფილმი გავიდა.
რამდენიმე კვირის წინ ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის გამო, ''პროფილის'' მორიგი გადაცემის ნაცვლად ეთერში ძველი, სევდიანი გადაცემა გავიდა, რომელშიც მსახიობ ლევან აბაშიძეს იხსენებდნენ. ადრეც, ციხის ცნობილი კადრების გამო ახალი სეზონის დაწყება გადაიფიქრა მაია ასათიანმა. სწორედ ამიტომ გამოიწვია გაუგებრობა მომხდარმა, ვერავინ მიხვდა, ვინ და რატომ გაუშვა მხიარული ''პროფილი'' ეთერში გლოვის კვალდაკვალ. თემაზე კომენტარი მაია ასათიანს ვთხოვეთ.
- სამწუხაროდ, ამ ტრაგიკული ინფორმაციის გაჟღერების დროს გადაცემის მთელი შემოქმედებითი ჯგუფი და მათ შორის ტექნიკური პერსონალიც ''პროფილის'' პავილიონში მორიგი გადაცემის ჩაწერაზე ვიმყოფებოდით. ჩვენთვის ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი 15 წუთით გვიან გახდა, ვიდრე მთელი საქართველოსთვის. სწორედ ამიტომ მე და ''პროფილის'' მთელი შემოქმედებითი ჯგუფი ბოდიშს ვუხდით მთელ საქართველოს და მწუხარებას გამოვთქვამთ ავღანეთში ტრაგიკულად დაღუპული ჯარისკაცების გამო.
როგორც გითხარით, 15 წუთით გვიან გავიგეთ ეს ინფორმაცია და რა წამსაც ეს ინფორმაცია ცნობილი გახდა, ეთერშივე შევწყვიტეთ გადაცემა. მანამდე დახურულ სივრცეში, პავილიონში ვიმყოფებოდით, სადაც სეზონის ბოლო გადაცემის ჩაწერა მიმდინარეობდა. ''პროფილი'' ყოველთვის იდგა ჩვენი ქვეყნისა და მაყურებლის გვერდით.