- პოლიციაა? დგებუაძის პირველ ნომერში მოდით, შვილი მოვკალი და წამიყვანეთ! - ასეთი სატელეფონო ზარი გაისმა 29 მაისის ღამით 022-ზე. პოლიცია ოპერატიულად მივიდა და შემზარავი სურათი დახვდა - ახალგაზრდა მამაკაცი იატაკზე ეგდო, ირგვლივ სისხლის გუბე იდგა... ბიჭი უკვე გარდაცვლილი იყო, მას ერთი ჭრილობა ჰქონდა. მამას ბორკილები დაადეს და წაიყვანეს. მას შვილის განზრახ მკვლელობაში წაუყენეს ბრალი.
ვლადიმერ (ვოვა) და თენგო ჩქარეულები იმ დღეს შინ მარტო იყვნენ. ტრაგედიის დროს ორივე მთვრალი იყო. მეზობლები ამბობენ, მკვლელობა მამამ, სავარაუდოდ, აფექტის მდგომარეობაში ჩაიდინაო. 58 წლის ვლადიმერ ჩქარეულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება... თენგო 31 წლის იყო. იმ დღეს დედა მანგლისში, ქალიშვილს სტუმრობდა. ეს ამბავიც იქ შეიტყო...
ჩქარეულების სახლში 30 მაისს, დღის 4 საათზე მივედი. გამწარებული დედის სულისშემძვრელი ხმა სადარბაზოში ისმოდა.
- ჩემი ბიჭი ჯერ კიდევ არ მოუყვანიათ, რამდენი ხანია ჩემს ლამაზ შვილს ველოდები, ულამაზესი ბიჭი მყავდა. მოუკვდა დედა, ამას რას მოვესწარი. დედასთან ხომ უნდა მოვიდეს, სულ დედა, დედას იძახდა. არასოდეს დამიძახებს... მეგონა, მამამისი მოუვლიდა, მასთან დავტოვე, მაგრამ კი არ მოუარა, მომიკლა. ის ყოფილა ჩემი შვილის ყველაზე დიდი მტერი, - მოთქვამდა შვილმკვდარი დედა. მერე ქალიშვილს მიუბრუნდა, - კიდევ დარეკე, გაიგე, როდის მომიყვანენ, რა ექსპერტიზა უნდა, ყველაფერი ისედაც ვიცი, მეტის მოთმენა აღარ შემიძლია, - მწარედ აქვითინდა დედა.
მოკლულის დასთან ტრაგედიის მიზეზის გარკვევა ვცადე, მაგრამ მან დეტალებზე საუბარი არ ისურვა: - ეს ხომ არ უკავშირდება პოლიტიკას, არც სააკაშვილს და არც ივანიშვილს, რაში გაინტერესებთ ამის აფიშირება?! ეს არის ჩვენი ოჯახის ტრაგედია და არ მინდა მთელმა ქვეყანამ გაიგოს. ხომ მაქვს ამის უფლება? დედაჩემიც ვერ აიტანს გაზეთში შვილის სურათის ნახვას, - მითხრა გამწარებულმა დამ, თუმცა ცოტა რამ მაინც მიამბო:
- თენგო უბედური ბიჭი იყო. 10 წლის შვილი ჰყავს, მეუღლესთან გაცილებულია. კომპიუტერის შემკეთებლად მუშაობდა. დალევა უყვარდა და ეს იყო მისი პრობლემა. საშინელი სიმთვრალე ჰქონდა, თავს ვერ აკონტროლებდა. ძალიან არ მოსწონდა, ასე რომ ემართებოდა და ცდილობდა, არ დაელია. ბევრი იბრძოლა, რომ ამ მდგომარეობიდან გამოსულიყო და სამი თვე მართლაც აღარ დაულევია. უხაროდა, მაგრამ ეს მოხდა...
- მამაც სვამდა?
- მამაც სულ სვამდა და ამიტომ იყო მათ შორის კონფლიქტი. ჩვენს ოჯახზე რომ მოგიყვე, ისეთი რაღაცები უნდა გითხრა, არ ვიცი, ეს საშინელება გაზეთში როგორ უნდა დაიწეროს. არა, დეტალებს ვერ გეტყვი, არ არის საჭირო. ეს არის ერთი ოჯახის ტრაგედია. ყველაფერი რომ გითხრათ, ამ უბედურებამდე მივალთ. საკუთარ ძმაზე ლაპარაკი მიჭირს. მისი დახასიათება უხერხულია... ისე, უკეთილშობილესი, ულამაზესი ბიჭი იყო. მამა-შვილს ყოველთვის დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. ეს პრობლემა ახლა არ დაწყებულა. თენგოს გარდატეხის ასაკიდან მოდის. ისინი ერთმანეთს ვერასოდეს უგებდნენ და ხედავთ, რითი დამთავრდა ყველაფერი?!
- რაზე წაკამათდნენ იმ დღეს, ხომ არ იცით?
- მარტო იყვნენ შინ... მამა გადაბმულად სვამდა ორი დღე, ძალიან მთვრალი ყოფილა. ჩემი ძმა შინ რომ მისულა, ფხიზელს ვერ აუტანია მთვრალი მამა და ერთად დაულევიათ... მერე დაიძინეს, თენგოს რომ გამოღვიძებია, რაღაცაზე შეკამათებულან... მერე მამამ ესროლა...