მსახიობი ია სუხიტაშვილი ახალ ფილმში გადასაღებად ემზადება. სცენარის მიხედვით, მოქმედება აფხაზეთის ომის შემდეგ, ერთ პატარა სოფელში ვითარდება. ვიდრე მსახიობი ჩემ მიერ შეთავაზებულ წინადადებებს დაასრულებს, შემოქმედებით საქმიანობაში არსებულ სიახლეებზე გვესაუბრება.
- ია, ბოლოს შენთან ინტერვიუ მაშინ ჩავწერე, როცა ეკრანზე "გაიღიმეთ" გამოვიდა. ფილმში მონაწილეობს მაკა ჩიჩუა. შესაძლოა, ახლო მომავალში ის პირველი ლედი გახდეს. მაკაზე რას გვეტყვი?
- ჩვენ 3 თვის განმავლობაში ერთად ვცხოვრობდით. გადაღებები ხშირად, გამთენიისას სრულდებოდა. ხომ არის ნათქვამი, - ადამიანი კარგად რომ გაიცნო, მასთან ერთად სამოგზაუროდ უნდა წახვიდეო. მაკას მანამდე არ ვიცნობდი. ის ძალიან კონტაქტური და თბილი ადამიანია. შემოქმედებითი კუთხით, საინტერესო და მრავალფეროვანია, კარგად მღერის. ფილმში დამაჯერებელი, კარგი სახე შექმნა. ერთი შვილი ჰყავს, ძალიან ყურადღებიანი და მზრუნველი დედაა. შვილს დღეში რამდენჯერმე ურეკავდა და მის ამბავს კითხულობდა. იმ დაძაბულ, დატვირთულ დღის რეჟიმს ბევრმა მსახიობმა ვერ გაუძლო, ზოგიერთს ნერვებმა უმტყუნა და ერთი შუა გადაღებიდან საერთოდ გაიქცა. მაკა კი ცუდ ხასიათზეც არ მინახავს. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ შესაძლოა, მალე პირველი ლედი გახდეს. მაკა უპრეტენზიო, წყნარი ადამიანია. მისი სახით ქართველებს ჭკვიანი და ლამაზი პირველი ლედი გვეყოლება.
- გიორგი მარგველაშვილს თუ იცნობ?
- არა, ის მოუცლელი ადამიანია. მახსოვს, ფილმის პრემიერაზე მოვიდა. მოწესრიგებული პიროვნებაა.
- ვიცი, რეჟისორ რუსუდან გლურჯიძისგან შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! გაქვს - მის ფილმში მთავარი როლი უნდა ითამაშო. გადაღებები ხომ არ დაიწყო?
- ახლახან კინოცენტრმა 30 სცენარი განიხილა და რომელიც 110 ქულაზე მეტს დააგროვებდა, ის დაფინანსდებოდა. რუსუდან გლურჯიძის სცენარმა (რეჟისორიც და სცენარის ავტორიც თავად არის) უმაღლესი, 160 ქულა დააგროვა. ეს ფილმი სამუშაოდ არა მარტო რეჟისორისთვის, არამედ მსახიობისთვისაც საინტერესოა, რაც იშვიათობა გახლავთ. ახლა კინოცენტრის დაფინანსების გარდა, დამატებითი ფინანსების მოძიებაა საჭირო. რეჟისორი აჭარაში იმყოფება - უნდა შეარჩიოს სოფელი, სადაც გადაღებებს დავიწყებთ. გარდა ამისა, ანრი ჯოხაძემ კლიპში თამაში შემომთავაზა. კლიპი გურამ საღარაძის ხსოვნას ეძღვნება. თანამშრომლობას დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. მაყურებელი უჩვეულო ამპლუაში მიხილავს. მიყვარს ექსპერიმენტები. კლიპში თათული დოლიძეს და მარინა კახიანსაც იხილავთ.
- ახლა კი გთხოვ, ჩემ მიერ შემოთავაზებული წინადადებები დაასრულო.
- სიამოვნებით, აბა, დავიწყოთ.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ....არქეოლოგი, ბიოლოგი, ჟურნალისტი... მსახიობობაზე არ ვფიქრობდი. ერთ დღეს სპონტანურად, "ბერიკებში" მოვხვდი და მერე ყველაფერი შეიცვალა. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცხოვრებაში სწორ მიმართულებას გაძლევენ.
- ჩემზე გავლენა იქონია...
- ...1990-იანმა წლებმა თავისი მძიმე ფონით. რომ არა ეს პერიოდი, შეიძლება, დღეს ასეთი ია არ ვყოფილიყავი. იმ ყველაფერმა, რაც გამოვიარე, გამაძლიერა, მოდუნების საშუალება არ მომცა. სკოლა დამთავრებული არ მქონდა, როცა ფრანგულ სკოლაში პანტომიმას ვასწავლიდი. ძლიერი ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! ვიყავი. ხასიათის სიმტკიცე და ბრძოლის უნარი სწორედ იმ წლებში ჩამომიყალიბდა.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...უმადური არ ვარ.
- რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...
- ...ფეთქებადი ხასიათი მაქვს და ეს ზოგჯერ, დიპლომატიურობაში მიშლის ხელს. ემოციების კონტროლს ბოლო დროს უფრო მეტად ვახერხებ.
- ჩემზე ამბობენ...
- ...ძალიან გამხდარიაო, არადა, ცოტათი მოვიმატე. ჩემი სიგამხდრის გამო დისკომფორტი არასდროს შემქმნია. ქართველებს სავსე ფორმების მქონე ადამიანები უფრო მეტად ხიბლავთ, მაგრამ მე გამიმართლა - ისეთი მეუღლე შემხვდა, რომელსაც ჩემი სიგამხდრე ძალიან მოსწონს.
- მეუღლის ხასიათში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...ბევრი რამ მომწონს და ერთად ამიტომაც ვართ. შეიძლება ითქვას, რომ ერთმანეთს ვგავართ, მაგალითად, სიგიჟეებით. მეც კარგი გიჟი ვარ, უბრალოდ, მიშას სიგიჟეები უფრო მეტად ჩანს. მსახიობისთვის ჯანსაღი კრიტიკა აუცილებელია და ამ კრიტიკას მიშასგან ვიღებ.
- მასში არ მომწონს ის, რომ...
- ....საშინლად არაპუნქტუალურია.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...შვილი მყავს. ბედნიერებას, რომელსაც დედობა ჰქვია, ვერც პროფესიული წინსვლა, წარმატების მწვერვალზე ყოფნა და საერთოდ, ვერაფერი შეედრება.
- როცა მარტო ვარ...
- ...ვფიქრობ, მაგრამ ვერ დავაკონკრეტებ - რაზე. ფიქრი ბავშვობიდან იმდენად მიყვარს, რომ სკოლის მასწავლებელი ფანჯარასთან არასდროს მსვამდა.
- ვიბნევი...
- ...უხეშობაზე, უტიფრობაზე - ეს ყველაფერი მაშეშებს.
- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...
- ...უმადურობას ვერასდროს ვერავის ვაპატიებ. არ ვარ ადამიანი, რომელიც ერთხელ თუ გაგიმართავს ხელს, მერე ვალდებულად ჩაგთვლის, მაგრამ დაუნახაობას ვერ ვიტან, ასეთი ადამიანები მაგიჟებენ.
- დათმობა შემიძლია, თუ...
- ...ადამიანი მიყვარს.
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...
- ...ჩემს შრომისმოყვარეობას. ამ შემთხვევაში, თავმდაბლობა სიყალბე იქნება. ძალიან მშრომელი ვარ, ბოლომდე ვიხარჯები, თავს არ ვიზოგავ და ვცდილობ, ყოველთვის შესაძლებლობის მაქსიმუმი გავაკეთო.
- ქართველი რეჟისორი, რომელთან თანამშრომლობაზე ვოცნებობ...
- ...ეს ნანა ჯორჯაძეა. ძალიან მინდა, მასთან ერთად ვიმუშაო... თეატრის რეჟისორების დასახელებისგან თავს შევიკავებ.
- ვერ ვიმეგობრებ ადამიანთან, თუ ის...
- ...ამპარტავანია, საკუთარ თავზე უაზრო შთაბეჭდილებები აქვს; სულიერად ამორალურ ადამიანთანაც ვერ ვიმეგობრებ.
- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...
- ...უცხოეთში, სადაც, როგორც მსახიობს, საკუთარი თავის გამოვლენის უფრო მეტი შესაძლებლობა მექნება.
- ვერაფრით ვისწავლე...
- ...კერძების მომზადება და ამას ოჯახში აპროტესტებენ. ბევრჯერ მოვინდომე, მაგრამ არ გამომდის.
- როცა მომავალზე ვფიქრობ...
- ...რაღაც ლაბირინთებში შევდივარ. იქ რას ვხედავ? - მგონი, ეს ჩემი ფანტაზიის ნაყოფია. პროფესიულ ამბებს თუ გვერდით გადავდებთ და პირად ცხოვრებაზე ვილაპარაკებთ, მომავალში ჩემს თავს 3 შვილის დედად ვხედავ და ეს ძალიან მახარებს.
- თავს ვერ ვიკავებ და ვტირი, როცა...
- ...მახსენდება მამა, გარდაცვლილი მეგობრები. მაშინაც მეტირება, როცა წარმოვიდგენ, რომ ვბერდები. ბოლო დროს ფილმებზეც ვტირი.
- როცა ჩემი მისამართით ნათქვამი დაუმსახურებელი სიტყვები მესმის...
- ...ვმწარდები და თავს ვიკავებ, რომ იქაურობა არ "დავბდღვნა".
- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...
- ...კარგმა ფილმმა, გემრიელმა საჭმელმა, კარგი ადამიანის დანახვამ და სიურპრიზებმა, რომლის მოწყობაც მიშას მშვენივრად ეხერხება.
- ბოლო სიურპრიზი...
- ...ახლახან მომიწყო. ქორწინებიდან 3 წლისთავი გვქონდა. ამ დღეს მისი დაბადების დღეც არის. მე სპექტაკლში ვმონაწილეობდი და შინ გვიან დავბრუნდი. ეგონა, დაღლილი ვიყავი, მაგრამ 12 საათზე ტორტი ისე ჩუმად შევაპარე, სულ არ ელოდა და ძალიან გაუხარდა. თავად, დილით ულამაზესი თაიგული მომიტანა. მიშა ის ადამიანია, რომელთან ერთად ცხოვრებას სიკვდილამდე ვაპირებ. მისგან ყველაფერი მიხარია.
- ვეპრანჭები...
- ...საკუთარ თავს. სარკე მიყვარს. სხვათა შორის, დედაჩემის სახლში ბევრი სარკე მქონდა.
- როცა საჯაროდ მაქებენ...
- ...ერთდროულად მსიამოვნებს და უხერხულობასაც მიქმნის.
- მეშინია...
- ...კალიების, სიბერის, სიკვდილის...
- ხშირად მსაყვედურობენ...
- ...დაგვიანების გამო. ერთხელ ლევან კოღუაშვილთან მქონდა გადაღება. მუშაობა დილის 6 საათზე დავიწყეთ და სახლში მეორე დილას, გამთენიისას დავბრუნდი. იმავე დღეს 2 საათზე თეატრში რეპეტიცია მქონდა - რობერტ სტურუა ახალი დაბრუნებული იყო. ისე ჩამძინებია, ტელეფონზე შემოსულმა უამრავმა ზარმაც ვერ გამაღვიძა. რეპეტიციაზე 20 წუთით დავიგვიანე, რის გამოც დიდი საყვედური გამომიკრეს და გაფრთხილება მომცეს.
- ვერ დავიჯერებ, რომ...
- ...იმას, რისი დაჯერებაც ძალიან მინდა - აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნებას ვგულისხმობ.
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- ...ბევრს ვიმოგზაურებდი, კარგ სახლს ვიყიდდი, კოხტად მოვაწყობდი და მერე ჩემოდანზე "ვიცხოვრებდი". მოგზაურობა მიშასაც უყვარს და ვიცი, სიამოვნებით ამყვებოდა. რაც შეეხება სიკეთის კეთებას: თუ გული გულობს, ქველმოქმედებისთვის ძალიან ბევრი ფული სულაც არ არის საჭირო; მთავარი მონდომებაა!
- რამდენიც უნდა გადამიხადონ...
- ...არც როლს და არც არაფერს დავხამდები. როლზე უარი ცოტა ხნის წინაც ვთქვი, რადგან მშრალი სცენარი იყო. როცა სცენარს ვეცნობი, ერთგვარი ხილვები მაქვს და თუ ფილმი ვერ "დავინახე", როლზე უარს ვამბობ. მირჩევნია, ის რესურსი, რომელიც ჩემშია, მიზანმიმართულად გამოვიყენო.
- ცხოვრებაში რისკზე...
- ...არაერთხელ წავსულვარ. არცთუ ისე დიდი ხნის წინ ისეთ რისკზე წავედი, რომ შეიძლებოდა, ლუკმაპურის გარეშე დავრჩენილიყავი - თეატრიდან სტურუას წასვლის გამო გამოხატულ პროტესტს ვგულისხმობ. სამწუხაროდ, რეჟისორს გვერდით მხოლოდ რუსთაველის თეატრის მსახიობები დაუდგნენ. ყოველდღე ველოდი, რომ დამიბარებდნენ და მეტყოდნენ, - გათავისუფლებული ხარო.
- როცა პოლიტიკა ხელოვნებაში იჭრება...
- ...ხელოვანი ხელოვანად უნდა დარჩეს! რაც ქვეყანაში ხდება, ის ხელოვნებაზე ყოველთვის აისახება. ყველაზე დიდი პატრიოტიზმია, როცა ყველა საკუთარ საქმეს აკეთებს.
- დაბოლოს, გეტყვით, რომ...
- ...ყველანი ძალიან მიყვარხართ. საკუთარ გულებსა და ოჯახებში მშვიდობას გისურვებთ!
თამუნა კვინიკაძე
(გამოდის ხუთშაბათობით)