საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილმა "სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2012 წლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის განმახორციელებელმა დროებითმა კომისიამ", რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნოდარ ებანოიძე ხელმძღვანელობს, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი და უკანონო ხარჯვის შემთხვევები აღმოაჩინა. კომისიის ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ აუდიტის სამსახურში ხდებოდა პრემიების არამიზნობრივად გაცემა, აუდიტორების შერჩევა პიროვნული დამოკიდებულების მიხედვით, საწვავის ლიმიტის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ხარჯვა და სხვა უამრავი დარღვევა.
ნოდარ ებანოიძე:
- კვლევამ სისტემაში არსებულ ნაკლოვანებებთან ერთად დაგვანახა ისიც, რომ თავისი არსით ყველაზე დამოუკიდებელი ორგანო, სინამდვილეში დამოკიდებული იყო ერთ-ერთ პოლიტიკურ ძალაზე - "ნაცმოძრაობაზე". ჩვენ ვიმუშავეთ რამდენიმე მიმართულებით და აღმოჩნდა, რომ აუდიტის სამსახურს, რომელსაც პარლამენტი ყოველწლიურად უმტკიცებდა ჯერ 400, შემდეგ 350 საშტატო ერთეულს, მხოლოდ 200 კაცის ფარგლებში ჰქონდა სამსახური დაკომპლექტებული. ის, ფაქტობრივად, იქმნიდა პრემიების გასაცემ ფონდს იმის ხარჯზე, რომ არ იყო დაკომპლექტებული მთლიანი საშტატო ერთეული. ვერ ვიტყვით, რომ 2012 წელს პალატის ძირითადი საქმიანობა აუდიტზე იყო გადასული, რადგან ძალიან მცირე, სულ 45 შემოწმებაა ჩატარებული, მაგრამ რაც მთავარია, ვნახეთ, რომ შესრულებული სამუშაოების დიდი ნაწილი თაროზე იყო შემოდებული და მხოლოდ ჩვენი კომისიის შექმნის შემდეგ მოხდა ამ აქტების დამტკიცება, შესაბამისად, მათი სამუშაოდ გაშვება და გამომზეურება.
- გვახსოვს, კონტროლის პალატა, შემდგომ აუდიტის სამსახური, წინასაარჩევნოდ ლამის მთლიანად "ქართული ოცნების" ლიდერებისა და მომხრეების შემოწმება-დაჯარიმებაზე იყო გადართული და საკმაოდ აქტიურადაც.
- ეს ეხება პოლიტიკური პარტიების მონიტორინგის სამსახურს. ცნობილია, რომ დაჯარიმებული ადამიანების 97% მხოლოდ ერთ პოლიტიკურ კოალიციაზე მოდის. ძველმა ხელისუფლებამ კანონი ისე შეცვალა, რომ იძლეოდა ნებისმიერი ქმედების საშუალებას. ჩვენ არ ვართ საგამოძიებო კომისია და სასამართლო გადაწყვეტილებები და დასჯა ჩვენი კომპეტენცია არ არის, მაგრამ მიმაჩნია, რომ სპეციალურმა საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს, როგორ იმართებოდა ეს სამსახური, როგორ იბარებდნენ ადამიანებს და ა.შ.
- საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაზე, პრემიებისა და ხელფასების ნაწილში კანონდარღვევებზე რა ინფორმაცია გაქვთ?
- ამ შემთხვევაში მათივე კანონი ამბობს, რომ უნდა გაიცეს ფულადი ჯილდოები, რომელიც თავისთავად გულისხმობს აიხსნას ანაზღაურების მოტივაციები. ვნახეთ, რომ თითქმის არ ეძლეოდა პრემიები თვითონ აუდიტორებს, ანუ მათ, ვინც პროდუქტს ქმნიდა. როგორც გაირკვა, აპარატის თანამშრომლები გაცილებით მაღალ პრემიებს იღებდნენ, ვიდრე ყველა აუდიტორი ერთად. თვითონ მოგელაძის სამსახურს, რომელშიც 19 კაცი მუშაობდა, 150%-ით მეტი აქვს პრემია აღებული, ვიდრე ყველას ერთად. მაგალითად, აუდიტის სამსახურის თავმჯდომარის ერთ-ერთ მოადგილეს, შოთა თარხნიშვილს ერთი წლის განმავლობაში ანაზღაურებისა და პრემიის სახით 140 000 ლარი აქვს მიღებული. მონიტორინგის სამსახურის უფროს ნათია მოგელაძეს კი, თუ არ ვცდები - 30 000 ლარი. საინტერესოა, რომ თქვენს კოლეგა ლაშა ხარაზიშვილს, რომელიც, ვერც კი გავარკვიეთ, რას საქმიანობდა პალატაში (არ მოიპოვებოდა შესაბამისი საბუთები), უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში 88 000 ლარი აქვს მიღებული, როგორც შტატგარეშე მოსამსახურეს. იყო თუ არა ეს ხელისუფლების მხრიდან ხარკი "მოდელირებული ქრონიკის" წამყვანისთვის, როგორც პოლიტიკოსი, ვერ გეტყვით, მაგრამ როგორც კომისიის თავმჯდომარე, ვამტკიცებ, რომ მას უკანონოდ აქვს აღებული ეს თანხა.
როგორც ვთქვი, მათ კანონში შეჰქონდათ ისეთი ცვლილებები, რომ საკმაოდ სერიოზულ დარღვევებზეც კი კანონის წინაშე პასუხისმგებლობას არავინ იღებს. კონტროლის პალატამ შექმნა აიდი სამსახური, რომელიც დამატებით სამუშაოებს ასრულებდა იმავე ხალხით, რომლებიც კონტროლის პალატაში მუშაობდნენ, რათა შემდეგ ის ორგანიზაციები დამცავი ფარივით გაეხადა არაკანონიერად წარმოებულ პრემიებზე, თანხებზე. უცნაურია, მაგრამ იყო რაღაც ფორმალური ურთიერთობები პროკურატურასთან და იმას, გადაგზავნილიყო თუ არა პროკურატურაში მასალები, პრივატული საუბრებით არკვევდნენ, არაფორმალურ ვითარებაში. ისიც სათქმელია, რომ პალატიდან ბევრი კარგი კადრი გაუშვეს.
- სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, პროკურატურას უკვე წარუდგინეთ თქვენი კომისიის დასკვნა? როგორ ფიქრობთ, უნდა დადგეს თუ არა იმავე ნათია მოგელაძის პასუხისმგებლობის საკითხი, მის მიერ თანამდებობის დატოვებას ხომ არ უკავშირებთ სწორედ ამ პრობლემას?
- ჩვენ პარლამენტს წარვუდგინეთ ანგარიში და მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მოგელაძის უწყებასთან დაკავშირებით, მიმაჩნია, რომ იქ სამუშაოები გასაგრძელებელია. ჩვენს კომპეტენციაში არ შედის მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. დავდეთ ფაქტობრივი მასალა, დანარჩენზე კი პარლამენტმა უნდა იმსჯელოს, შეაფასოს ჩვენი მუშაობა და მოახდინოს რეაგირება. ამ შემთხვევაში ვლაპარაკობ როგორც კონკრეტული ჯგუფის ხელმძღვანელი და არა როგორც პოლიტიკოსი. ვფიქრობ, ქალბატონ მოგელაძეს თუ სამართლებრივი არა, მორალური პასუხისმგებლობა მაინც უნდა დაეკისროს იმის გამო, თუ როგორ იქცეოდა მისი სამსახური არჩევნების წინ.
მარი ონეზაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)