რუსთავში მე-17 მიკრორაინის 27-ე კორპუსის მეორე სართულზე დილის 7 საათზე დაბრუნებული გივი ჩიქობავა მძინარე ცოლ-შვილთან შევიდა. ერთად მძინარე ორი შვილიდან ერთი თვის ჩვილი აიყვანა, ფანჯარასთან მივიდა, გამოაღო და ბავშვი გარეთ ისროლა. ნაქირავებ ერთოთახიან ბინაში მკვლელსა და მის ცოლ-შვილთან ერთად, გივი ჩიქობავას მცირეწლოვანი დისშვილები და დედამისი, ციალა ჩიქობავა ცხოვრობდნენ.
ციალა ჩიქობავას ამ დროს ეღვიძა და შინ საქმიანობდა. სამზარეულოში რძლის შეკივლება გაიგონა, რასაც მისი შვილის, გივი ჩიქობავას ოთახიდან გამოსვლა მოჰყვა. შვილმა დედას ერთადერთი სიტყვა- "შევწირე!"უთხრა და სახლიდან გავიდა. ციალა ჩიქობავა რძლისა და შვილიშვილების ოთახისაკენ გაიქცა. სადაც ვაჟის ცოლი და მისი სამი წლის გოგონა ისევ საწოლში დახვდნენ. მას თავდაპირველად არც კი შეუნიშნავს, რომ მისი მეორე შვილიშვილი, ერთი თვის ლადო ჩიქობავა აღარსად ჩანდა. თუმცა იმავე წამს "ლოჯიდან" სხვა შვილიშვილების კივილი გაიგონა, - ლადო ძირს აგდიაო და სარკმელს მივარდა.
ამის შემდეგ მისი მეზობლები ქალის განმგმირავმა კივილმა გამოაღვიძა, - ციალა ჩიქობავას მიცვალებული შვილიშვილი ხელში ეჭირა და კიოდა. შეძრწუნებული მეზობლები მთელი დღის განმავლობაში ეზოში იდგნენ. ისინი აღნიშნავდნენ, რომ ერთი თვის ლადო ჩიქობავა, რომელსაც ბებია ციალა ჩიქობავა ზრდიდა და ეზოში ყოველდღე ასეირნებდა, განსაკუთრებული სილამაზის ბავშვი იყო, ხოლო ეს შემზარავი ტრაგედია იმან გამოიწვია, რომ ციალა ჩიქობავას როგორც ვაჟი, ასევე რძალი ფსიქიკურად დაავადებულნი არიან და თავის დროზე მათი ქორწინება დიდი დანაშაული იყო. გივი ჩიქობავას კი ავადმყოფობამ ბოლო დროს განსაკუთრებულად დარია ხელი. ის ეზოში დადიოდა, თავისთვის ლაპარაკობდა და ხელებს იქნევდა.
ბავშვის ცხედარი პროზექტურაში გაადაასვენეს, პოლიციამ კი მკვლელი მამა შორიახლოს მიწაზე გართხმული იპოვა. ის სამართალდამცავებს კომენტარის გარეშე ჩაბარდა.
ციალა ჩიქობავა, გივი ჩიქობავას დედა:
ჩემი შვილი, გივი ჩიქობავა სრულიად ნორმალური ადამიანი იყო. ყოველთვის ძალიან გვიჭირდა, მერე ქმარი მომიკვდა, ბინაც გავყიდეთ და უფრო გაგვიჭირდა. იმ ზომამდე რომ ჩემი უფროსი ქალიშვილი სამუშაოდ არის წასული, მის შვილებს მე ვზრდი, ის კი თავის ნამუშევარ ფულს გვიგზავნის და მის შვილებთან ერთად ძმის ცოლ-შვილსაც ინახავს. მაშინ დავიღუპე, როცა გივის ქურდობაზე წაცდა ხელი. 2002 წელს დააპატიმრეს და 2005 წელს ციხიდან უკვე ფსიქიკურად ავადმყოფი გამოვიდა. ქვებს არ ისვრის, მაგრამ მკურნალობა მაინც სჭირდებოდა, ზოგჯერ აგრესიული იყო. ერთხანს დამიჯერა, სამკურნალოდ დამყვებოდა, მაგრამ ბოლოს წამლის დალევას შეეშვა, - მეუბნეოდა, მე გიჟი არ ვარო. მერე ცოლი მოიყვანა და ბავშვებზე გიჟდებოდა. პატარა რომ ატირდებოდა, მეუბნეოდა, არ ატირო, მიდი, ხელში აიყვანეოო. ჩემი რძალი შვილებს ვერ უვლის, გათიშულ მდგომარეობაშია და ვაჟის შვილებსაც მე ვზრდიდი.
- თქვენი რძალი რატომ ვერ უვლის შვილებს?
- აი, ასე გათიშულია, ვერ აზროვნებს, ვერაფერზე რეაგირებს (ციალა ჩიქობავამ ერთ-ერთ ახალგაზრდა ქალზე მიმითითა, რომელიც იმ დროს ოთახში უემოციოდ იჯდა და მხოლოდ ფოტოაპარატის დაჩხაკუნებაზე რეაგირებდა უსიამოვნოდ, რის გამოც მისთვის ფოტოს გადაღება შეუძლებელი აღმოჩნდა). ასეთი მოიყვანა ჩემმა შვილმა ცოლად. პირველი შვილი რომ გააჩინა, სამი წლის წინ მაშინაც ასე დაემართა. მერე თითქოს გამოკეთდა, მაგრამ მეორე ბავშვის გაჩენის შემდეგაც იგივე მდგომარეობაში ჩავარდა. აი, ახლაც შვილი მოუკვდა და არაფერზე რეაქცია არ აქვს.
იხილეთ ვიდეო: "ღმერთს შევწირეო, უთქვამს" - რას ყვებიან რუსთავში მომხდარ შემზარავ დანაშაულზე