ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო, კაპრალი ვლადიმერ შანავა წალენჯიხის რაიონში დღეს დაკრძალეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაკრძალვის ცერემონიას შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლები და აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი დაესწრნენ. მათ დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს.
კაპრალი ვლადიმერ შანავა სამხედრო პატივით დაკრძალეს. ცერემონიაში IV ქვეითი ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ, საპატიო ყარაულმა და სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა მიიღო მონაწილეობა. ვლადიმერ შანავა (01.04.1989) საქართველოს შეიარაღებულ ძალების ძალების IV ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქ ქვეით ბატალიონში 2007 წლიდან მსახურობდა. მას მიღებული აქვს მედალი "სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის". ქართველი სამხედრო ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზეა წარდგენილი. წალენჯიხის საკრებულოს გადაწყვეტილებით, რაიონში მდებარე სპორტულ დარბაზს დღეიდან კაპრალ ვლადიმერ შანავას სახელი მიენიჭა.