კახა ახვლედიანი - მსახიობობა დღეს ცოტა სასაცილოა, ვინაა მისაბაძი ადამიანი, მე არ ვიცი

კახა ახვლედიანი - მსახიობობა დღეს ცოტა სასაცილოა, ვინაა მისაბაძი ადამიანი, მე არ ვიცი

მსახიობი კახა ახვლედიანი ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანი გახდა. "მაესტროზე" დილის გადაცემის ერთ-ერთი წამყვანია. დილით ადრე ადგომა არ მოსწონს, მაგრამ საქმეს მაინც დიდი მონდომებით ასრულებს. "მაესტროს" დილის გადაცემის წამყვანი ნინუცა მაყაშვილიცაა. მათზე ამბობენ, ერთმანეთი მოსწონთო, მაგრამ ამ ჭორს ორივე უარყოფს. კახას "მაესტროში" შევხვდი. ინტერვიუს დაწყებამდე ნინუცა მოვიდა ჩვენთან და თქვა, კახა ყველაზე კარგი წამყვანია, მაგრამ ჩვენ შორის არაფერი ხდებაო. როგორც ჩანს, ნინუცა მიხვდა, რომ კახას ამ ჭორის შესახებ აუცილებლად ვკითხავდი.

"ჩვეულებრივი, ოროსან-სამოსანი ბავშვი ვიყავი"

- დედას და მამას ერთად გადაღებული ფოტო არ მაქვს. როცა მამა და დედა დაშორდნენ, დაახლოებით ხუთი წლის ვიქნებოდი. ისე გავბრაზდი, მამას ყველა ფოტო დავჭერი. სამწუხაროდ, მამა 2001 წელს გარდაიცვალა. ფოტოზე დედასთან ერთად ვარ.

- დედა რას საქმიანობს?

- პედაგოგია.

- მამასთან ურთიერთობა არ გქონია?

- მამის გარეშე ვიზრდებოდი. მხოლოდ ზაფხულობით ვხვდებოდი. მამა აფხაზეთში ცხოვრობდა და ჩვენ შორის მანძილიც დიდი იყო. ბავშვობაში ცხოვრებას ხომ სწორად ვერ აფასებ. ბავშვურად მეწყინა, რომ მამა ჩემ გვერდით არ იყო. მერე, რომ გავიზარდე, ვნახე მამა და ვისაუბრეთ. მაშინ მივხვდი, რა ადამიანიც იყო და მის მიმართ წყენა აღარ მქონია. კითხვაც კი აღარ გამჩენია, რატომ ან რისთვის.

- დედმამიშვილი გყავს?

- მამის მხრიდან მყავს და-ძმა, ისე დედისერთა ვითვლები, მარტო გავიზარდე. ფოტოზე რამდენიმე თვის ვიქნები. იმ პერიოდში მშობლები ერთად ცხოვრობდნენ.

- გაქვს დედმამიშვილებთან ურთიერთობა?

- ნორმალური და ჯანსაღი ურთიერთობა გვაქვს. აჩიკოსა და ნინოსთან ერთად ბავშვობაში უფრო ბევრ დროს ვატარებდი. ფოტო მათთან ერთად მაქვს გადაღებული.

- თავადური გვარი გაქვს.

- თავად-აზნაურები ვართ. ამ თემაზე სულ ვხუმრობ. მეგობრებს ვეღადავები, თქვენ გლეხები ხართ და მე თავადი-მეთქი. ამ თემაზე მხოლოდ ვხუმრობ. ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, თავადი ვიქნები თუ გლეხი. წარმოშობით ლეჩხუმიდან ვარ, მაგრამ მე დედის მხარეში, ყაზბეგში ვარ გაზრდილი. მიმაჩნია, რომ მთის კაცი ვარ. ყაზბეგში მომიწია ცხოვრებამ და მეთერთმეტე კლასში იქ ვსწავლობდი. ბებია და ბაბუა ვლადიკავკაზში ცხოვრობდნენ. საქართველოში ცხოვრება გაუსაძლისი რომ გახდა, დედასთან ერთად ვლადიკავკაზში წავედი საცხოვრებლად. ერთი პერიოდი რუსთავშიც ვცხოვრობდი. მეგობრები ბოშას მეძახდნენ. მართლა კარგი ცხოვრება გავიარე. ბევრ კარგი ოჯახის შვილს შეშურდება ჩემი ცხოვრება. ბევრი სხვა­დასხვა ჯიშის ადამიანი მინახავს, უამრავ საინტერესო ადამიანს შევხვედრივარ.

- მომთაბარე ცხოვრება ვლადიკავკაზიდან დაიწყე?

- მომთაბარე ცხოვრება გაცილებით ადრე დავიწყე. გაგრაში დავიბადე, მერე თბილისში ვცხოვრობდი, მერე რუსთავში, მერე ვლადიკავკაზში, ერთი წელი ყაზბეგში ვცხოვრობდი და ბოლოს ჩამოვედი და თბილისში დავსახლდი. ადრე რომ ამბობდნენ, ჩემი მისამართი საბჭოთა კავშირიაო, ჩემს შემთხვევაში ზუსტად ასე იყო. ვლადიკავკაზში ვსწავლობდი მეცხრამეტე ქართულ სკოლაში. სკოლის ადგილას ადრე ეკლესია იყო. ცუდი იყო, რომ გაკვეთილებზე არაფერს ვაკეთებდით. ზოგიერთი კლასელი კი სწავლობდა, მაგრამ მე მათ რიცხვში ნამდვილად არ ვიყავი. რუსთავში რომ ვსწავლობდი, დედა იქ რუსულს ასწავლიდა და ცოტა განებივრებული ვიყავი, როგორც მასწავლებლის შვილი. ჩვეულებრივი ოროსან-სამოსანი ბავშვი ვიყავი. პერიოდი იყო ასეთი. უფრო სხვა რაღაცები მაინტერესებდა. მომდევნო სურათი სკოლის ზეიმზეა გადაღებული. ლექსს ვკითხულობ.

- ნანობ, სკოლაში რომ არ სწავლობდი?

- რა თქმა უნდა, ვნანობ. პირველ რიგში, იმიტომ რომ უცხო ენა არ ვისწავლე. სულ ვიცოდი, რომ უმაღლესში უნდა ჩამებარებინა, მაგრამ სწავლა ჩემთვის არ იყო მთავარი და ცოტა რთული იყო პროფესიის არჩევა. მსახიობობა ყოველთვის მინდოდა, მაგრამ მაშინ რომ გეთქვათ ჩემთვის, თეატრალურში ჩააბარეო, უარს ვიტყოდი. ორი ბიძა ინჟინერი მყავდა, მეც "გეპეიში" ჩავაბარე. სამრეწველო-სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტზე. საერთოდ არ მაინტერესებდა, რასაც ვსწავლობდი. განსაკუთრებით ტექნიკური საგნები არ მიზიდავდა. გამრავლების ტაბულა ნორმალურად ვიცი, მეტი არაფერი. 21 წლის ვიყავი და "გეპეიში" საბირჟაოდ მივდიოდი. გოგონებს ვეპრანჭებოდი, ჭკუაზე არ ვიყავი. ჩემი მეგობარი ლევან სუხიტაშვილი მოვიდა და მითხრა, საბუთებს ვაგროვებ, თეატრალურში უნდა ჩავაბაროო. კარგად მახსოვს, ზუსტად ხუთი წუთი გაშტერებული ვუყურებდი და ბოლოს ვუთხარი, არ წახვიდე, მეც მოვდივარ-მეთქი. საბუთები გამოვიტანე და თეატრალურში შევიტანე. ერთ კვირაში მისაღები გამოცდები იწყებოდა და წარმოდგენა არ მქონდა, რა უნდა გამეკეთებინა. ვიცოდი, რომ ლექსის წაკითხვას მომთხოვდნენ. სიმართლე გითხრათ, ლექსის კითხვა ნაკლებად მიყვარს. ლექსი მაშინ მიყვარს, ჩემთვის, ჩუმად რომ ვკითხულობ. ყველაზე კარგად პოეტი კითხულობს თავის ლექსს, იცის, რა ემოცია უნდა მოიტანოს იმ ლექსით და როცა მსახიობი ამ ყველაფერს ზედმეტად აფერადებს, ცოტა ყალბად მეჩვენება. ნახევარზე მეტმა საძმაკაცომ არც იცოდა, რას ვაპირებდი. იმ წელს ლევანი ჩაიჭრა და მე მოვხვდი თეატრალურში. მერე ლევანმა მითხრა, თარსი ხარო.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება