"მე ჩემი თავი სამუდამოდ ვპოვე მის სიყვარულში..."

"მე ჩემი თავი სამუდამოდ ვპოვე მის სიყვარულში..."

"სრულყოფილი სიყვარული სდევნის შიშს, ვინაიდან შიში ტანჯვაა, ხოლო მშიშარა არასოდესაა სრულყოფილი სიყვარულში..." - ალბათ ამ მრწამსით, დროისა და გამკიცხავი შეფასებების შიშის გარეშე განიცდიდა გრიგოლ რობაქიძე უკანასკნელ "სულ სხვა" სიყვარულს... მაშინ თავად 80-ის, ავსტრიელი მხატვარი გიტა შტრახვიტცი კი მხოლოდ 31-ის იყო... გაცნობამდე, რაც სავარაუდოდ, გიტას სურათების ერთ-ერთ გამოფენაზე მოხდა, ქალს გრიგოლი 12 წლით ადრე სიზმრად უნახავს... ამ დაუჯერებელი მისტიკური სიყვარულისა და მწერლის პირადი ცხოვრების ზოგიერთ სხვა დეტალზე ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მანანა კვატაია საუბრობს...

- პირველი წერილი იმხანად ჟენევაში მცხოვრები ქართველი მწერლისთვის გიტას მიუწერია. ბარათის მიღებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, გრიგოლ რობაქიძე უკვე ამგვარად მიმართავს გიტას: "შენი არსების უდიდესი გახსნაა შენი სიყვარული: სიყვარული ჩემდამი. ჩემს ცხოვრებაში ნამდვილი საოცრება ხარ... საოცარია: შენი ინტელიგენტობა, შენი სინათლე, ინტონაცია, განჭვრეტის უნარი, ღრმა აზრი არსებულზე, ლამაზზე, უნაკლო ლიტერატურული გემოვნება". ქალი კი სწერდა: "შენდამი სიყვარულში, როგორც ყვავილი, ისე გავიფურჩქნე, რადგანაც შენ (შენგანვე ფარულად) ხარ ის - ხარ ჩემი არსებობის მთავარი მიზეზი". გიტამ და გრიგოლმა ერთად ცხოვრება გადაწყვიტეს, თუმცა, ბუნებრივია, ეს ადვილი არ იყო. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე, მწერალმა გიტას მშობლებს ბარათი გაუგზავნა და ქალიშვილის ხელი სთხოვა. უკვე ხანდაზმული მწერალი მომავალ მეუღლესთან ერთად ცხოვრებას გეგმავს, საყვარელ ადამიანს სწერს, რომ ის, როგორც მწერალი და გიტა, როგორც მხატვარი, გამოიმუშავებენ თანაცხოვრებისთვის საჭირო საარსებო მინიმუმს. გრიგოლ რობაქიძეს დის თხოვნით, ფოტოსურათი გადაუღია, რომლის შესახებაც თავადვე წერს: "ერთი გაურკვეველი გრძნობა მაკავებს. სურათზე წარმოუდგენლად გაახალგაზრდავებულად გამოვიყურები".

- ბოლო ბარათი მწერალმა გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე გაუგზავნა გიტას, თუმცა, პასუხი დაგვიანდა...

- დიახ, ეს იყო 1962 წლის 17 ნოემბერს: "გიტა: მზეო ჩემო, "წყაროვ" ჩემო! ამ კვირაში შენთვის კარგად ცნობილმა შიშმა კვლავ შემიპყრო: შიშმა შენს გამო. ხელშესახებად ვგრძნობდი: არ იყავი კარგად, არც ფიზიკურად, არც სულიერად... გთხოვ, მოერიდო გადაღლას!.. სწუხარ იმაზე, რომ იძულებული ხარ, ჩემთან ჩამოსვლა ერთხელ კიდევ გადადო. დამშვიდდი - მაშინ ჩამოხვალ, როცა შეძლებ" მწერალმა შეიტყო, რომ გიტასთვის ხელი 38 წლის კარგი გარეგნობისა და მდგომარეობის ამერიკელსა და 60 წლის ყოფილ დიპლომატსაც უთხოვიათ. მწერალი წუხს ამის გამო და აღელვებული სწერს: "შენ მაინც ის აირჩიე, ვინც მისტიურად, როგორც შეყვარებული, უძველეს დროში განიცადე... რომ გათხოვილიყავი, ჩემს სიყვარულს არაფერი მოაკლდებოდა, უბრალოდ, მსუბუქი ნაღველი მომიცავდა"; აქვე ის თავის ფოტოსურათსაც მოიხსენიებს, რომელიც ერთი მეგობრისთვის გაუგზავნია და ისიც გაოცებულა მწერლის ახალგაზრდული და ჯანმრთელი იერის გამო. "არც ერთ ფოტოსურათს ასე არ მოვუხიბლივარ, როგორც ამას. რით აიხსნება ეს? ალბათ იმით, რომ გადაღებისას მხოლოდ შენზე ვფიქრობდი". ქალმა გრიგოლს ქორწინებაზე საბოლოოდ უარის ბარათი გაუგზავნა, თუმცა მან ადრესატამდე ვეღარ მიაღწია. 1962 წლის 20 ნოემბერს, ერთ-ერთი ვერსიით, ამ წერილის მიმტან ფოსტალიონს, კარი რომ არავის გაუღია, პოლიცია გამოუძახებია და ოთახში უკვე რამდენიმე დღის გარდაცვლილი გრიგოლ რობაქიძე აღმოუჩენიათ. სასამართლოს, მიღებული წესისამებრ, მისი ბინა დაულუქავს. დიდი მწერალი სრულ მარტოობაში აღესრულა. მისი ცოლის დისშვილი ალია გერმანელ პოეტს, ჰანს პეშკეს აუწყებდა, გრიგოლ რობაქიძე გულის ინფარქტით გარდაიცვალაო: "დიდი ხანია, ის ასე ჯანმრთელად არ ყოფილა, ასე სავსე სიცოცხლის ხალისითა და ახალი შემოქმედებითი ენერგიით. ალბათ მან თქვენ მოგწერათ მის შეხვედრასა და სიყვარულზე ვენელი ახალგაზრდა ქალისადმი და თავისი სამომავლო გეგმები გაგიზიარათ. მან სწორედ ამ კვირაში დიდი სასიხარულო მღელვარება გადაიტანა და, ვფიქრობ, ეს მღელვარება მისი გულისათვის მეტად ჭარბი აღმოჩნდა". მართლაც, უკვე სოლიდური ასაკის გრიგოლ რობაქიძე სიცოცხლის მიწურულს ძალზე ინტენსიურად მუშაობდა. მან ბევრი ახალი, ღირებული თხზულება შექმნა, რომელთა ხელნაწერ ტექსტებს ხშირად გიტასაც უგზავნიდა. გასული წლის ნოემბერში გრიგოლ რობაქიძის გარდაცვალებიდან 50 წელი შესრულდა. სამწუხაროდ, საქართველოში ეს თარიღი სათანადოდ არ აღუნიშნავთ. გრიგოლ რობაქიძის სახელი ქართველი მკითხველისათვის ჯერ კიდევ იდუმალებითაა მოცული. მრავალი წელი (1931-1962) მწერალი ემიგრაციაში ცხოვრობდა, საბჭოთა საქართველოში კი მისი სახელის ხსენებასაც ერიდებოდნენ. შესაბამისად, დასადგენია რობაქიძის ბიოგრაფიისა და შემოქმედებითი საქმიანობის უცნობი ნიუანსები, გამოსავლენია მისი ჯერ კიდევ მიუწვდომელი თხზულებები. თუმცა, ბოლო დროს ამ მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა. გრიგოლ რობაქიძე ერთადერთი ქართველი მწერალია, რომელიც ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებზე შესანიშნავად წერდა.

- გრიგოლ რობაქიძე ორჯერ იყო დაქორწინებული. გვიამბეთ მისი ამ ურთიერთობების შესახებ...

- გრიგოლმა პირველი მეუღლე, ნინო დომენსკაია ირანში გაიცნო. მათ ორი შვილი შეეძინათ, თუმცა მეორე შვილის არსებობა არ დასტურდება. ლექსებში ყველგან მწერლის ერთი ქალიშვილი - ალლა ფიგურირებს.

- რომელიც ბავშვობაშივე გარდაიცვალა...

- დიახ, გრიგოლის პირველი ქორწინება ბედნიერი არ აღმოჩნდა. ნინო გრიგოლის სურვილის წინააღმდეგ, ბავშვთან ერთად მშობლებთან, აზერბაიჯანში გაემგზავრა. იქ ქუნთრუშასა და წითელას ეპიდემია მძვინვარებდა. აზერბაიჯანში ბოლშევიკები შეიჭრნენ. გრიგოლის მეუღლე ყაზახში ჩარჩა: იქიდან წამოსვლის ნება არ მიუციათ. რამდენიმე თვის შემდეგ მწერალს ნინასგან ბარათი მიუღია. ატყობინებდა, რომ გაჭირვებისა და შიმშილის გამო ბავშვი უკვდებოდა. "ვკითხულობდი ამ შემზარავ სიტყვებს და ვგრძნობდი უსაზღვრო ტკივილს. ვარჩიე რამდენიმე წიგნი და გავეშურე მთავრობის სასახლისაკენ. მინდოდა, წიგნები მთავრობასთან არსებულ წიგნთსაცავისთვის მიმეყიდა და მყისვე დამშეული ცოლ-შვილისთვის გადამეგზავნა," - წერს მწერალი. ამ დროს მას პაოლო იაშვილი შეხვედრია და თავადვე მოუგვარებია ყველაფერი: ფული უშოვია, სანოვაგე უყიდიათ და ტიციან ტაბიძის თანხლებით, სამივე აზერბაიჯანის საზღვრისაკენ გამგზავრებულან, უნებართვოდ გადაულახავთ საზღვარი და აღსტაფაში ჩასულან, რათა იქ მოენახათ ვინმე, ვინც გრიგოლის მეუღლეს პაკეტს გადასცემდა... ალლა დაავადდა და სრულიად მცირე ასაკში გარდაიცვალა. ამის შემდეგ მწერალი მეუღლეს გაშორდა. "მასზე ლამაზი ქალი არ მინახავს, მაგრამ ძნელი დასაურვებელიაო," - უთქვამს ცოლზე ერთ-ერთი ახლობლისთვის მწერალს.

- ცნობილია, რომ გრიგოლ რობაქიძის პირველი დიდი სიყვარული იულია მაჭავარიანი იყო. დაქორწინებას აპირებდნენ, მაგრამ ოჯახმა მღვდლის შვილი სიძედ დაიწუნა, იულია გადამალა და საშინელი ტყუილი გაავრცელა... მწერალი კიტა აბაშიძეს სწერს: "ჩემი ინდივიდუალური ყოფა საშინლად მოშხამა ერთმა ფაქტმა: თავი მოიკლა საყვარელმა არსებამ. ამას ისიც დაერთო თავს, რომ არ ვიცი, რად მოიკლა თავი. ვერ ავსწერ ამ ტანჯვას; არც არის საჭირო... ერთი რომანი მაქვს მოფიქრებული, - და შეიძლება, იქ ჩავაქსოვო იგი". როგორც ამ ბოლო წლებში გაირკვა, იულიას თავი არ მოუკლავს. იგი მშობლებმა, უბრალოდ, გადამალეს. მწერალმა კი ამით ძლიერი სულიერი ტრავმა მიიღო. გრიგოლ რობაქიძემ მეორე ცოლთან, სილამაზით განთქმულ ელენა ფიალკინასთან ერთად 35 წელი იცხოვრა. თუმცა, თანაცხოვრება, განსაკუთრებით, ბოლო წლებში, არც ისე ადვილი იყო...

- გაჭირვების გამო ელენა მოსკოვიდან დასთან ერთად თბილისში ჩამოვიდა და თეატრში დაიწყო მუშაობა. მოგვიანებით გარდაიცვალა მისი და, რომელსაც სამი წლის გოგონა, ალია დარჩა. ელენასა და გრიგოლს საკუთარი შვილები არ ჰყავდათ და ობოლი ბავშვი იშვილეს. ელენა ფიალკინა მწერლურ საქმიანობასაც ეწეოდა, მხატვრულ ტექსტებს ევროპაშიც ბეჭდავდა. მისი ერთ-ერთი ფსევდონიმი იყო - ელენა ორიოლ. ცოლ-ქმრის დამოკიდებულება კარგად ჩანს მწერლის წერილიდან ნინო სალიასადმი: "ჩემმა ცოლმა 10 წელი დაჰყო საქართველოში და ნათელი კვალი დატოვა იქ; ამბოხების დროს მთელი ტანის კანკალი ამივარდა. მიკრული ვიყავ ზეწრებით ლოგინზე დროდადრო. ერთხელაც მითხრა: მიატოვე ეს ჯოჯოხეთი, - უცხოეთში მრეცხავად მაინც ხომ გამოვდგებიო! ინსპირატორი ჩემი გადმოხვეწისა შვეიცარიაში ის იყო. მან მიხსნა ამით. აქ მსახურობდა, მარჩენდა, ოჯახს არჩენდა... არ ემსახურებოდა იგი ქართულ საქმეს, როცა თავს ევლებოდა გრიგოლ რობაქიძეს?" მალე ელენა გრიგოლთან და ალიასთან ერთად ემიგრაციაში გაემგზავრა. 1950 წელს ქალს დამბლა დაეცა. მიხეილ წერეთელს სწერდა გრიგოლ რობაქიძე: "მართალია, ჩემმა ცოლმა მოიკეთა სხეულით - ხოლო ენა ჯერ კიდევ ვერ აიდგა... წარმოიდგენ, თუ როგორ იტანჯება საცოდავი ჩემი ცოლი. წარმოიდგენ ჩემს თანატანჯვასაც... უნდა ვამზადო: საუზმე, სადილი, სამხარი, ვახშამი. შემდეგ: ალაგება ბინისა, ხვეტა, წმენდა. შემდეგ მოვლა ავადმყოფისა - ვასრულებ ფუნქციებს სათნოების დისა... დროდადრო მჭირდება რეცხვაც... მწერლობისათვის აღარა მაქვს დრო". ამ დროს მწერლის ფინანსური მდგომარეობაც სავალალო იყო. რამდენიმე წლის შემდეგ ელენა ფიალკინას დამბლა გაუმეორდა და მალევე გარდაიცვალა. მეუღლის სიკვდილმა მწერალი მძიმე დეპრესიაში ჩააგდო, რაც მთელი წელი გაგრძელდა.

- ცნობილია, რომ ხელწერასთან ერთად, გრიგოლ რობაქიძეს გამორჩეული გარეგნობა ჰქონდა...

- დიახ, ახალი თაობის იდეალი და კერპი, მოაზროვნე და ესთეტი, ქართული ლიტერატურის მეტრი - "ნამდვილი ქართველი იყო თავისი გულისთქმითა და მისწრაფებით, ამაყი თავისი წარსულითა და კულტურით, მაგრამ გარეგნობით, მთელი თავისი იერით, ის უფრო ტიპური ევროპელი იყო... თვალში გეცემოდათ მისი იმპოზანტური ფიგურა, უაღრესად აკურატულად გამოწყობილი... ტანად გრიგოლი საშუალო სიმაღლისა იყო, თხელი, პირხმელი, მხრებში გამართული, მეტად მიმზიდველი შესახედაობისა. დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა მისი ჭკვიანი გამომეტყველებით აღსავსე შავი თვალები, რომელნიც თითქოს შენს სულში იმზირებიანო. შვენოდა გაღიმებაც, თითქოს გაანათაო, როცა ბაგეს გახსნიდა... დინჯი იყო, სიარულიც დინჯი ჰქონდა, ასევე ლაპარაკიც: აუჩქარებელი, თანაბრად მდინარი, უმეტესად ლაკონიური, მოკლე ფრაზებით, რომელიც ხავერდოვან ბარიტონთან ერთად უსაზღვრო სიამოვნებას ანიჭებდა მსმენელს... ყოველი მისი სიტყვა აღბეჭდილი იყო საზრიანობით, დაკვირვებულობით, გონიერებით". "დამწყებ შემოქმედთა წრეში გრიგოლი "ღმერთი" იყო," - აღნიშნავს ვლადიმერ ჯაფარიძე. გრიგოლ რობაქიძის ლექციის მოსმენის შემდეგ რუს მეცნიერსა და სოციოლოგს, მაქსიმ კოვალევსკის უთქვამს: "იმ ერს, რომელსაც ასეთი ახალგაზრდა თაობა ჰყავს, დიდებული მერმისი მოელის!" გერმანიაში ემიგრირებული გრიგოლ რობაქიძის გარეგნული იერი კარგად დაუმახსოვრებია ნიკოლაუს ზომბარტს, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვი ყოფილა, როდესაც ქართველი მწერალი ბერლინში მისი მშობლების ოჯახს სტუმრობდა: "გრიგოლის გახევებული, ფერმკრთალი სახე მთლიანად დაეპყრო გიშერივით შავ თვალებს. მას ფრინველის თვალების მსგავსად გაყინული მზერა ჰქონდა. თითქოს ქვისაგან გამოთლილი, სტილიზებული სახე, ტიპიურად ქართული, მსხვილი ცხვირით დამშვენებული... კარგად შეკერილ ტვიდის პიჯაკსა და ფანელის ღია ნაცრისფერ შარვალს ატარებდა წლების მანძილზე. არასოდეს მინახავს სხვაგვარად ჩაცმული". მწერალს ხელთ ჰქონია ასევე პატარა კრიალოსანი, რომელსაც "დაუღალავად მარცვლავდა თავისი ლამაზი, მოვლილი, ხორციანი თითებით". ზომბარტს ასევე ახსენდება: "ჰომერული სიცილი, რომელიც გაზაფხულის ჭექა-ქუხილივით უეცრად ჩნდებოდა და ასევე სწრაფად ქრებოდა"...

"როცა ამ სოფლად აღარ ვიქნები, მოდიოდეს ვინმე ქართველი დედა ყოველ წელს მცხეთას, ჩემი დაბადების დღეს, სანთელს ანთებდეს სალოცავის წინ და ლოცვაში მიხსენიებდეს, მეტს არას ვთხოვ საქართველოს" - გრიგოლ რობაქიძე

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს