აშშ-ში, ოკლაჰომას შტატის ქალაქ მურში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოფიციალური რიცხვი 24-ია და არა - 91. ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.
ქალაქის მერის გლენ ლუისის განცხადებით, დაღუპულთა შორის 9 ბავშვია. შვიდი მათგანი დაწყებითი სკოლაში ყოფნის დროს დაიღუპა. "პლაზა თაუერსის" სკოლა სტიქიის შედეგად, ფაქტობრივად, სრულად განადგურდა.
მერის ინფორმაციით, დაშავებულია 240-მდე ადამიანი. რაც შეეხება გარდაცვლილთა რიცხვში ცდომილებას, ლუისის თქმით, შეცდომა მოხდა გარდაცვლილთა დათვლისას. თუმცა, ლუისი არ გამორიცხავს დაღუპულთა რიცხვის მატებას.
ძლიერი ქარიშხალი ოკლაჰომას შტატს 21 მაისს დაატყდა თავს. მეტეოროლოგების ინფორმაციით, ქარის სიჩქარემ 320 კილომეტრი საათში შეადგინა, რაც ფუჯიტას შკალით F-4 კატეგორიისა. იმავე შკალით, მაქსიმალური სიმძლავრე F-5-ს შეადგენს. მათივე თქმით, ბოლო 14 წლის განმავლობაში ეს ყველაზე ძლიერი ტორნადო იყო, რომელიც მურს დაატყდა თავს.
წინასწარი მონაცემებით, შტატისთვის მიყენებული ზარალი მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.