ლეგენდარული ამერიკული როკ-ჯგუფის The Doors-ის პიანისტი რეი მანზარეკი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. მუსიკოსი გერმანიის ქალაქ როზენჰაიმის კლინიკაში ნათესავების გარემოცვაში აღესრულა. სიკვდილის მიზეზი ნაღვლის ბუშტის სადინარების კიბო გახდა.
რეი მანზარეკმა ჯიმ მორისონთან ერთად ჯგუფი The Doors-ი 1965 წელს დააფუძნა. ჯგუფი 60-იანი წლების ბოლოს ფსიქოდელური როკის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენლად იქცა და მუსიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. 1967 წლიდან 1971 წლამდე The Doors-მა ექვსი სტუდიური ალბომი გამოსცა, რომელთა უმრავლესობა როკ მუსიკის კლასიკად აღიარეს.
1971 წელს მორისონის გარდაცვალების შემდეგ მანზარეკი ჯგუფის ფრონტმენი გახდა, თუმცა მომდევნო ორი წლის განმავლობაში გამოცემული ორი ალბომი წარმატებული არ აღმოჩნდა და 1973 წელს The Doors-მა არსებობა შეწყვიტა.
ამის შემდეგ მანზარეკმა სოლო ალბომები გამოუშვა და ფილმებში რამდენიმე ეპიზოდური როლი განასახიერა.
მომზადებულია Reuters-ის მიხედვით.