ბავშვის განათლებაში ჩადებული ფული ჭკვიანი მშობლისათვის ყველაზე კარგი ინვესტიციაა, თან, თუ ბავშვიც მონდომებულია და ხელს გიწყობს. ყველა ოჯახში, სადაც სკოლამდელი ასაკის წევრი ცხოვრობს, აქტუალურია თემა, სად მიიღოს პატარამ საუკეთესო განათლება? არის ისეთი შემთხვევები, როდესაც მშობელს ჰგონია, გაუმართლა და შვილი მეზობლებში, მეგობრებში კარგად "გაკითხულ", ნაქებ პრესტიჟულ სკოლაში მიიყვანა, თუმცა ხშირ შემთხვევაში იმედი უცრუვდებათ და სავალალო შედეგამდე მივდივართ.
ერთ მშვენიერ დღეს სახლში შეიძლება, თქვენმა შვილმა პატარა ფურცლის ნაგლეჯი მოგიტანოთ, თანაც - არა მშობლიურ ენაზე დაწერილი და შეიტყოთ, რომ ბავშვს სკოლიდან მხოლოდ იმიტომ გირიცხავენ, რომ ვიღაცას თვალში არ მოუვიდა ან უბრალოდ, ექსკურსიაზე ყოფნისას იცელქა...
უფრო დეტალურად ამ თემაზე ბრიტანულ-ქართული აკადემიის პირველკლასელი მოსწავლის, იოანე დავითაშვილის დედა, თიკა სიხარულიძე გვიამბობს, მანამდე კი სასწავლებლიდან მისთვის გაგზავნილი წერილის თარგმანს გთავაზობთ:
"ძვირფასო მშობლებო, გარდა იმისა, რაც 11 აპრილს გამოგზავნილი წერილით გაუწყეთ, გაირკვა, რომ მართალია, იოანეს ყოფაქცევა და სწავლის მიმართ დამოკიდებულება გაუმჯობესდა, მაგრამ საჭირო იყო, ეს ტენდენცია გაგრძელებულიყო და ბავშვს შესაძლებლობა ჰქონოდა დასწრებოდა უკლებლივ ყველა საკლასო ექსკურსიას, რაც მან ვერ შეძლო. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ის არ არის მაქსიმალურად შესაფერისი BGA-ს საერთაშორისო დეპარტამენტისთვის; ჩვენი აზრით, BGA-ში სწავლის გაგრძელება ცუდ გავლენას იქონიებს მის აკადემიურ და სოციალურ განვითარებაზე.
დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ BGA-ს მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ერთობლივად მუშაობდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ საიმისოდ, რომ იოანეს მაქსიმალურად კარგი განათლება მიეღო. თუ დამატებითი ინფორმაციის მიღება გსურთ, გთხოვთ დაუკავშირდეთ სასწავლებლის ადმინისტრაციას, რომელიც მზად არის თქვენთან შესახვედრად.
პატივისცემით, ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორი ნათია ჯანაშია".
თიკა სიხარულიძე:
- 5 წლის იყო იოანე, როდესაც ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში შევიყვანე, რა თქმა უნდა, ბავშვი სკოლაში ბრმად არ მიმიყვანია და გაკითხული მქონდა ამ სკოლის შესახებ. სწავლა დაიწყო და ვხედავდი, როგორ მონდომებით მიდიოდა სკოლაში, მაგრამ რატომღაც, სწავლის დაწყებიდან ერთ კვირაში დამიბარეს და მითხრეს, რომ იოანე უნდა გადაეყვანათ ამავე სკოლასთან არსებულ ბაღში, საიდანაც ერთი წლის შემდეგ ავტომატურად ჩაირიცხებოდა ამავე სკოლის პირველ კლასში, ინგლისურენოვან სექტორზე.
- არ დაინტერესდით, სკოლაში მიყვანილ ბავშვს რატომ აბრუნებდნენ ბაღში?
- მითხრეს, რომ მოტორიკა არ უვარგოდა. მაშინ ვიფიქრე, - ბავშვია, თან მოძრავი, ცოტა ცელქიც და იმედი მქონდა, ბაღში უკეთ მოამზადებდნენ. ახლანდელი გადმოსახედიდან ვთვლი, რომ ტყუილად დააკარგვინეს წელი და ჩაიდეს ჯიბეში ერთი წლის საფასური, 3.500 ევრო, - მგონი, არც ისე მცირე თანხაა. ეს იყო პირველი ფსიქოლოგიური ტრავმა, რომელიც ჩემს შვილს მიაყენეს. ბავშვი დაითრგუნა და სულ ჰქონდა იმის შეგრძნება, რაღაც არ შეეძლო, რაღაცას ისე ვერ აკეთებდა, რომ სკოლაში სიარული დაემსახურებინა. ასე, ნელ-ნელა დაიწყო იმედის გაცრუება. აღმოჩნდა, რომ სკოლაში, სადაც 4.500 ევროს ვიხდი, კლასში 21 ბავშვი უნდა იჯდეს, ამ ბავშვებიდან მხოლოდ სამს აქვს უფლება, იაროს აუზზე, სხვადასხვა წრეზე, "ვინც მიასწრებს" პრინციპია და ვინც მიასწრო, დადის კიდეც, - აღარ ვლაპარაკობ კვებაზე და არის კიდევ ბევრი წვრილმანი, რაზეც საუბარი არ ღირს, რადგან ძალიან შორს წაგვიყვანს. ეს არის სკოლა, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი წყვეტს, ვინ დარჩება და ვინ წავა, ნამდვილად არ მეგონა, თუ პირველკლასელ ბავშვს სკოლიდან იმის გამო გამოუშვებდნენ, რომ ექსკურსიაზე უბრალოდ, იცელქა, ან რატომ უნდა წყდებოდეს ჩემი შვილის ბედი ექსკურსიაზე, რატომ უნდა მოერგოს ქართველი ბავშვი ინგლისელი მასწავლებლის კაპრიზებს? იქნებ პირიქით უნდა იყოს? იქნებ საჭიროა, ცოტა ადამიანური მოპყრობა ამ ასაკში მაინც? ბავშვმა, რომელმაც წიგნი უნდა შეიყვაროს, იმის მაგივრად, რომ სკოლა, სწავლა შეაყვარო, "გამოცდებს" უტარებ; პროვოკაციაა, აბა, რა არის?! ბავშვი ექსკურსიაზე რომ იცელქებს, ვინმეს პირველად გვესმის? კარგი, უშვებ - უშვებ, დამიბარე და გამაფრთხილე მაინც ან რეგისტრაციის ფული მაინც აღარ გადამახდევინო! თუ ეს ქვეყანა ჩალითაა დაფარული და სადაც სკოლის ბავშვი ბაღში გადამაყვანინე და 3.500 ევრო ჩაიდე ჯიბეში, ესეც შეგრჩება?! დღეს მე მარტო ჩემი შვილის უფლებებს არ ვიცავ; ყველა იმ ბავშვის უფლებას ვიცავ, ვინც ხვალ შეიძლება დადგეს მსგავსი პრობლემის წინაშე. არავინ იცის, ნათია ჯანაშიას (სკოლის დირექტორი) ვინ როდის არ მოუვა თვალში და ვის როდის აღარ მისცემს სწავლის გაგრძელების უფლებას. რაც ამ პრობლემის წინაშე დავდექი, ბევრი უარყოფითი ინფორმაცია გავიგე ამ სკოლის შესახებ და აქამდე რატომ არავინ არაფერს ამბობდა, არ ვიცი. მსგავსი პრობლემა ბევრს აქვს, მაგრამ რატომღაც, ყველა ჩუმადაა, ბევრმა საერთოდ გაიყვანა ბავშვი.
- ბავშვს რა რეაქცია ჰქონდა, როდესაც გაიგო, რომ ამჯერად სკოლიდან მართლა გამოუშვეს?
- სიმართლე გითხრათ, დავიბენი, როდესაც მსგავსი პრობლემის წინაშე დავდექი და მივმართე ბავშვთა ფსიქოლოგს, რომელმაც მირჩია, რომ სიმართლე დამემალა: ამ ასაკში არავინ იცის, როგორ აღიქვამს იოანე ამ ფაქტს და საერთოდ, რა რეაქცია ექნებოდა. იომ იცის, რომ სკოლა დაიხურა და სექტემბრამდე, სანამ ახალ სკოლას ვიპოვით, მასწავლებელი სახლში მოვა და ისე ამეცადინებს. იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი შვილია, - კლასში ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლეა, ამას ყველა მასწავლებელი აღნიშნავს. ორმა ადამიანმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ იოანე სკოლიდან გამოეშვათ: ნათია ჯანაშიამ და დები უილკოკმა, სხვა არც ერთი მასწავლებლისთვის არ უკითხავთ. დიდი ბოდიში, მაგრამ საკუთარი შვილის ფსიქიკას ვერც ჯანაშიას ამბიციებს შევწირავ და ვერც - დების. არ ვთვლი, რომ პრობლემური ბავშვია და თუ მაინცდამაინც თვლი, რომ არის პრობლემა, რისთვის გყავს სკოლაში ფსიქოლოგი? თუ ფსიქოლოგთან ვიზიტიც დასწრებაზეა?! უკვე ვეღარ ვხვდები, ბავშვი ინგლისურენოვან სკოლაში შევიყვანე თუ - გამოსასწორებელ კოლონიაში! ბავშვი ინგლისურ სექტორზე იმიტომ შევიყვანე, რომ ენა სცოდნოდა. ჩემი შვილი ცელქიც უნდა იყოს, მუშტიც უნდა მოხვდეს, მეგობრის გატანაც იცოდეს და - ძმაკაცობაც, ქართულად უნდა გაიზარდოს, სკოლამ მეგობრის გატანა უნდა ასწავლოს და არა მეგობრის ხარჯზე თავის გადარჩენა. მიმიხვდით ალბათ, რასაც ვამბობ, - ეს ამ სკოლაში კარგად განვითარებული ინსტიტუტია.
- რას აპირებ?
- მე ჩემი სათქმელი ვთქვი. აღარ ვაპირებ თავის შეწუხებას. აუცილებლად მივიტან ამ საქმეს სასამართლომდე. მსგავსი კატეგორიის ხალხთან კანონის ენით საუბარი ჯობია.
- ქალბატონო ირინა, ზოგადად, რა ფსიქოლოგიური პრობლემის წინაშე შეიძლება დავდგეთ, როდესაც პირველი კლასის მოსწავლეს სკოლიდან უშვებენ იმის გამო, რომ ექსკურსიაზე იცელქა?
ირინა ტაბუციძე, ფსიქოლოგი:
- ერთი, რაც ამ სიტუაციაში უდავოა, არის ის, რომ მასწავლებელს, რომელსაც არ შეუძლია აკონტროლოს პირველკლასელი ბავშვის ქცევა, - არ აქვს მნიშვნელობა, ამერიკელი იქნება, ინგლისელი თუ თბილისელი, - არა აქვს უფლება იმუშაოს, ეს ჩემი სუბიექტური აზრია. პირველ რიგში, ძალიან დიდი ტრავმაა ბავშვისათვის, როდესაც სკოლიდან აბრუნებენ ბაღში: ბავშვს ამ დროს შეიძლება გაუჩნდეს კომპლექსი საკუთარი თავის, იფიქროს, რომ გამოაგდეს ან რაღაც ისე ვერ შეძლო, როგორც უნდა გაეკეთებინა. რაც შეეხება ექსკურსიაზე ბავშვის ბედის გადაწყვეტას - ვთვლი, რომ ეს ბოროტებაა. ყველა მასწავლებელმა უნდა იცოდეს, რომ თავისუფალ გარემოში ბავშვი აუცილებლად იცელქებს, თან - თუ მოძრავი და ცოცხალი ბავშვია.
- როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში მშობელი - უთხრას თუ არა ბავშვს სიმართლე?
- სასურველია, ბავშვი არ ვაცხოვროთ ტყუილში. თუ მშობელი გადაწყვეტს, რომ ბავშვმა ეს უნდა იცოდეს, ძალიან ფაქიზად უნდა აუხსნას, ისე, რომ პატარამ თავი დამნაშავედ არ იგრძნოს.
- აუცილებელია თუ არა, სკოლამდელი ასაკის ბავშვთან იმუშაოს ფსიქოლოგმა?
- თუ რაიმე განსაკუთრებულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე და ბავშვის მდგომარეობა ამას მოითხოვს, რა თქმა უნდა - კი. დღევანდელი სიტუაციით თუ ვიმსჯელებთ, სკოლებში ფსიქოლოგის შტატი პრესტიჟისთვის უფროა გამოყოფილი, ვიდრე... ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ფსიქოლოგს ბავშვთანაც უნდა ემუშავა და პედაგოგთანაც და არ მივიდოდით ასეთ შედეგამდე.
R