სუხიშვილების სოლისტს ვაჟი შეეძინა - "ილიკომ მითხრა, ბიჭი გეყოლებაო"

სუხიშვილების სოლისტს ვაჟი შეეძინა - "ილიკომ მითხრა, ბიჭი გეყოლებაო"

სუხიშვილების მშვენიერი სოლისტი ნინო ჯოხაძე თვე-ნახევრის წინ დედა გახდა. მას ლუკა თოხაძე 23 მარტს შეეძინა. ნინო ამჟამად საკუთარი ფორმის აღდგენით არის დაკავებული და რამდენიმე ხანში ანსამბლის ცხოვრებას სრულყოფილად დაუბრუნდება. "სუხიშვილებს" წინ უამრავი გასტროლი ელით, ნინოს ანსამბლში მოღვაწეობის 12-წლიანი პერიოდის განმავლობაში პაუზა არ ჰქონია, ახლა კი მიხვდა, რაოდენ უყვარს საქმე, რომელსაც ამდენი წელია ემსახურება. ნინომ თავის პატარასა და ქმართან, გიორგი თოხაძესთან ერთად სამახსოვრო ფოტოსესია ერთ-ერთ ფოტოსტუდიაში გადაიღო და ჩვენც მოგვცა ფოტოების გამოყენების საშუალება.

საინტერესოა, რომ მიუხედავად პაუზისა, ნინომ მაინც იცეკვა და შვიდი თვის ორსულმა "ლაზური" შეასრულა კამერის წინ, შემდეგ კი ერთ-ერთი ბანკის კონკურსში გაგზავნა მონაწილეობის მისაღებად. ვიდეომ ვერ გაიმარჯვა, მაგრამ ნინოს ოცნება ახდა, ეცეკვა ორსულს და შვილისთვის სამახსოვრო ვიდეო დაეტოვებინა. როცა გაიზრდება, ლუკა ნახავს, როგორ "იცეკვა" დედიკოსთან ერთად. ვიდეო ინტერნეტსივრცეში იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 50 ათასზე მეტი ნახვა დაუგროვდა.

- ნინო, როდის შეგეძინა პატარა?

- 23 მარტს გაჩნდა ლუკა თოხაძე, არაჩვეულებრივი ადამიანი. ძალიან მშვიდი და წყნარი ბავშვია. რამდენიმე დღის წინ მოვნათლე. ლუკას ცხრა ნათლია ჰყავს. რვა მათგანი ნათლობას დაესწრო, ერთი ვერა, რადგან ამერიკაში ცხოვრობს, თიკა ალავიძე.

- ზაზა ფაჩულიას მეუღლე?

- კი, თიკა მოცეკვავეა, ჩემი მეგობარია და მეჯვარე. ამერიკიდან მომინათლა ბავშვი. ანსამბლიდან ნათლიები არიან თამუნა დვალი და ლიზი კაჭარავა. ასევე ჩემი ბავშვობის მეგობრები და გიორგის ოთხი ახლო მეგობარი.

- როგორი მშობიარობა გქონდა?

- ძალიან კარგი. ორ საათში გაჩნდა ბავშვი, მცირე ტკივილები მქონდა. სამშობიაროში რომ მივედი, სასწრაფოდ დაურეკეს ჩემს ექიმს. ისეთი მადლობელი ვარ მისი, რომ შემდეგ შვილს, გოგონას, აუცილებლად მისი დახმარებით გავაჩენ (იღიმება). მთელი ორსულობა დავდიოდი ვარჯიშებსა და სემინარებზე, რომლებიც სპეციალურად ორსულებისთვის არის განკუთვნილი. ძალიან ადვილად ვიმშობიარე ალბათ ამ ვარჯიშების გამო.

- ანსამბლიდან დეკრეტში როდის გახვედი?

- ორსულმა ვიცეკვე. კონცერტამდე ორი დღით ადრე გავიგე, რომ ორი თვის ფეხმძიმე ვიყავი. "ასას" ვცეკვავდით კუს ტბაზე, "არტ-გენის" ფარგლებში ტრადიციულად. მთელი დატვირთვით ვიცეკვე სრული კონცერტი. მოგეხსენებათ, "ასა" ტრადიციულთან შედარებით უფრო რთული საცეკვია, ძალიან აქტიური ცეკვებია.

- არ შეგეშინდა ფეხმძიმეს ცეკვა?

- არა, მანამდე რეპეტიციებზე არანაკლები დატვირთვით ვცეკვავდით და ის ერთი დღეც არ შემშინებია. 7 თვის ფეხმძიმე ვიყავი, როცა ერთ-ერთი ბანკის საახალწლო კონკურსში მივიღე მონაწილეობა. გადავიღე ვიდეო, სადაც ვცეკვავდი. სამწუხაროდ, ვერ გავიმარჯვე, მაგრამ ძალიან ბევრი ნახვა დაუგროვდა ჩემს ვიდეოს. თანაც, როცა "იუთუბზე" ვნახულობდი, როგორ ცეკვავდნენ ორსულები, მეც მინდოდა, ასეთი რამ გამეკეთებინა და ჩემი შვილისთვის მენახვებინა, როცა გაიზრდებოდა. მივხვდი, რომ ჩემი ვაჟკაცი ძალიან ძლიერი იყო, რადგან ცეკვას არ შევუშინებივარ. ორსულობის განმავლობაში ცეკვა ძალიან მომენატრა. ჯერ დეკრეტიდან არ გავსულვარ, ფორმაში ვდგები და ანსამბლს მალე დავუბრუნდები. სისხლი მიჩქეფს, როცა ვხედავ, როგორ ცეკვავენ სხვები. როცა სცენაზე დგახარ, ყველაფერი სხვანაირად ჩანს და ვერ ხვდები, რა ძვირფასია შენი საქმე. მაყურებლის თვალით დანახული სულ სხვანაირია.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება