რას სთხოვს ბიძინა ივანიშვილის კურსელი პრემიერ-მინისტრს

რას სთხოვს ბიძინა ივანიშვილის კურსელი პრემიერ-მინისტრს

"ბიძინა პრინციპული ადამიანია და ვფიქრობ, არასოდეს მოექცევა გარემოცვის ტყვეობაში. რასაც იტყვის, იმას აკეთებს და აუცილებლად ამოწმებს, მისი სიტყვა როგორ სრულდება. თუმცა, სახელმწიფოს მართვა კერძო პირის, თუნდაც მილიონერის ბიზნესსაქმიანობა არ არის და უკვე პრემიერ-მინისტრს მთავრობის წევრების გასაკონტროლებლად იმაზე მეტი ძალისხმევა მოუწევს, ვიდრე ბიზნესის მართვისას, თუნდაც მას მილიარდობით მოგება მოჰქონდეს. იმისათვის, რომ ივანიშვილის სიტყვა საქმედ იქცეს, მას გამუდმებით უნდა ჰქონდეს ხალხთან ურთიერთობა, თორემ ადგილობრივი მმართველებისგან ვერასოდეს მიიღებს ზუსტ ინფორმაციას. ამიტომაც მოვედი თქვენთან, რომ აქედან ვუთხრა სათქმელი ბიძინა ივანიშვილს, რომელთან ერთადაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე ვსწავლობდი," - ამბობს ვაჟა სულხანიშვილი, რომელსაც ივანიშვილის მსგავსად, წითელ დიპლომზე დაუმთავრებია უნივერსიტეტი.

ბატონი ვაჟა "კვირის პალიტრას" პირველად რამდენიმე წლის წინ დაუკავშირდა, როდესაც საქართველოს ტყეებში მგლების სიმრავლე საშიში გახდა. მაშინ ხელისუფლებას საგანგებო ზომების მიღებას სთხოვდა. ამჯერადაც ხელისუფლების გამოსაფხიზლებლად გვეწვია რედაქციაში, თუმცა, მგლების შემოსევაზე უფრო მნიშვნელოვან საკითხზე - ქართული სოფლის, კერძოდ კი, თიანეთის რაიონის განვითარებაზე სალაპარაკოდ, სხვანაირად ჩემს კურსელს ხმას ვერ ვაწვდენო. არადა, სანამ ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლას დააპირებდა, მანამდეც უცდია მასთან შეხვედრა, მგელი ჩაუყვანია საჩუქრად ჭორვილაში, მაგრამ თურმე, დაცვამ არ შეუშვა... ახლა ბატონი ვაჟა "ქართული ოცნების" წევრია.

- ბიძინას მაშინ ზებრები ჰყავდა და ეტყობა, დაცვას შეეშინდა, რომ ჩემი ნაჩუქარი მგელი ეგზოტიკურ ცხოველებს მუსრს გაავლებდა...

ბიძინა ჩვენს ფაკულტეტზე მესამე კურსიდან გადმოვიდა, საღამოს დასწრებულზე სწავლობდა, რადგან დღისით მუშაობდა. 1980 წელს დავამთავრეთ უნივერსიტეტი, მე - მშენებლობის ეკონომიკის და ორგანიზაციის სპეციალობით, ბიძინამ კი მანქანათმშენებლობის ეკონომიკა და ორგანიზაცია შეისწავლა. ერთი შეხედვით ვერ გამოარჩევდი, მშრომელი და თავმდაბალი კაცი იყო, მაგრამ ურთიერთობისას თავს გამახსოვრებდა სიდინჯითა და გონიერებით. ახლახან შევიკრიბეთ კურსელები. მოვილხინეთ. თქვეს, ბიძინასაც გავუგზავნეთ მოსაწვევიო... ალბათ, ვერ მოიცალა...

ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი ვიყავი და ასპირანტურაც დავამთავრე, მაგრამ ჩვენს დროს თუ პატრონი არ გყავდა, ან ბიძინასავით თავდადებული არ იყავი, წინ ვერ წახვიდოდი. "ნაციონალები" რომ მოვიდნენ, როგორც 40 წელს გადაცილებული, "ჩამრეცხეს" და სამსახურიდან გამიშვეს. საგადასახადო ინსპექციაში ვმუშაობდი. არაფრად ჩააგდეს ჩემი პატიოსნება და დამსახურება, თუნდაც ის, რომ ყველაზე მძიმე წლებში, როდესაც "მხედრიონი" აოხრებდა საქართველოს, არაკანონიერი სამეწარმეო საქმიანობის გამო აქტი დავუწერე "მხედრიონელს". ასეთი რამ არავის გაუბედავს. ერთY-ერთი მხედრიონელი საწვავს ყიდდა მეტრო "სამას არაგველთან". აქტი ოთხ ტონა-ნახევარი ბენზინის უკანონო რეალიზაციის ფაქტზე შევუდგინე და საქმე სასამართლოს გადაეცა, რის გამოც მხედრიონელებმა კინაღამ ჯვარს მაცვეს. "ნაციონალებიც" "მხედრიონელების" მსგავსნი არიან, ეს არის 21-ე საუკუნის ბოლშევიკური მიმდინარეობა "მხედრიონული" ატრიბუტიკით, ამიტომაც არ მწამს მათთან კოაბიტაციის.

მიმაჩნია, რომ შერიგება შესაძლებელია მასთან, ვინც ქრისტესმიერი მონანიებით აღიარებს თავის ცოდვებსა და შეცდომებს, ამათთვის კი ღმერთი არ არსებობს და დანაშაულის და ცოდვის შეგრძნება როგორღა შეაწუხებთ?

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"