შვეიცარიის ელჩი - "ორივე კარგად მოიქცა: კირვალიძეც და პრემიერიც"

შვეიცარიის ელჩი - "ორივე კარგად მოიქცა: კირვალიძეც და პრემიერიც"

საქართველოში შვეიცარიის სრულუფლებიანი ელჩის, გიუნტერ ბეხლერის ღია წერილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისადმი, რომელშიც მან ევროპის რიგ დაჯგუფებებს ახალი ხელისუფლების მიმართ ორმაგი სტანდარტის გამოყენებაზე მიუთითა, საქართველოსა თუ ევროპაში მძაფრი მსჯელობის საგნად იქცა. "კვირის პალიტრისათვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ჰერ ბეხლერმა საქართველოს საგარეო და საშინაო გამოწვევებზე ისაუბრა.

- გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ თქვენმა ღია წერილმა თავის დროზე დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია...

- ეს, რა თქმა უნდა, ელჩისათვის უჩვეულო ნაბიჯი იყო, რამაც ბევრ ჩემს კოლეგას ცნობისმოყვარეობა გაუღვიძა. უმეტესობამ ჩემი ეს გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა - ჩემს აზრს ბევრი იზიარებდა, ისინი მოხარულები იყვნენ, რომ მე, მათმა კოლეგამ, ვცადე, განმემუხტა ის დაძაბულობა, რომელიც რიგი საერთაშორისო დაჯგუფებების განცხადებებს მოჰყვა.

- იქნებ ჩავუღრმავდეთ თქვენი ამ ნაბიჯის მოტივებს. გააკეთებდით თუ არა იმავეს, შვეიცარია რომ ევროკავშირის წევრი ყოფილიყო? მისაღები იქნებოდა თუ არა თქვენგან მსგავსი წერილის გამოქვეყნება?

- მეტად საგულისხმო შეკითხვაა. როგორც დემოკრატი, ვფიქრობ, ევროკავშირში არსებობს საკმარისი თავისუფლება, რათა წევრი ქვეყნების საგარეო მისიებმა საკუთარი აზრი თამამად გამოხატონ. ასე რომ, მე მაინც იმავეს გავაკეთებდი...

- დასავლური პუბლიკაციებისა და ზოგიერთი დასავლელი ლიდერის განცხადებების ფონზე, ჩნდება აზრი, რომ წინა ხელისუფლებას ბევრად მეტი გავლენა აქვს ევროპის პოზიციაზე, ვიდრე ახლანდელს...

- არც არის გასაკვირი, რადგან მათ ამისთვის 9 წელი ჰქონდათ და ამ ხნის მანძილზე მოახერხეს მტკიცე ურთიერთობების ჩამოყალიბება ევროპის ზოგიერთ ანგარიშგასაწევ ძალასთან. ახალი, თუნდაც დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება კი ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობების დალაგებას, პრაქტიკულად, თავიდან იწყებს. ამას გარკვეული დრო სჭირდება და სწორედ ამის წარმოჩენა იყო ჩემი წერილის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რათა ხაზი გამესვა იმისთვის, რომ ახალი ხელისუფლებისკენ მიმართული მითქმა-მოთქმა და კრიტიკა ყოველთვის არ იყო გამართლებული. ყველას აქვს უფლება იკითხოს - რატომ ვერ ასრულებს ხელისუფლება დანაპირებს, მაგრამ არა მაშინ, როდესაც ამ დანაპირების შესრულებისთვის საჭირო დრო არ გასულა. როდესაც მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, ეს ჩვენი საუკეთესო მთავრობააო, უცხოელმა დიპლომატმა ამ აზრს ანგარიში უნდა გაუწიო და თქვა, - კი, ბატონო, მოდით, ერთად ვიმუშაოთო!

- ამაში ალბათ წვლილი ქვეყნის საგარეო პოლიტიკამაც უნდა შეიტანოს. რას ფიქრობთ დღევანდელ საგარეო კურსზე და ქვეყნის ევროატლანტიკურ პერსპექტივებზე? წინა ხელისუფლების წარმომადგენლები თავგამოდებით ამტკიცებენ, რომ საქართველომ გადაუხვია დასავლეთის კურსს...

- არ ვიზიარებ ამ შეხედულებას, ვთვლი, რომ მეტწილად საგარეო კურსი შეუქცევადად მიდის დასავლეთისაკენ. ამასთან, შეინიშნება დადებითი ცვლილებებიც, მაგალითად, რუსეთთან თანამშრომლობის სურვილი, მაგრამ არა ევროპული კავშირების დაზიანების ხარჯზე. ეს ადრინდელთან შედარებით განსხვავებული ტონი, განსხვავებული რიტორიკაა. ამავდროულად, არ ხდება "წითელი ხაზების" გადაკვეთა, რაც გონივრული მიდგომაა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა