"მასხრად აგვიგდეს და ამას არავის ვაპატიებთ"

"მასხრად აგვიგდეს და ამას არავის ვაპატიებთ"

4 წლის წინ, 2009 წლის 26 აპრილს, თბილისში ენით აუწერელი ტრაგედია დატრიალდა - დილის 5 საათზე სანდრო ეულის ქუჩაზე სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის ხუთსართულიანი შენობის ჩამონგრევას მხვერპლი მოჰყვა.

შენობაში, სადაც სატელევიზიო შოუ "ვარსკვლავების აკადემია" მზადდებოდა, პარალელურად მიმდინარეობდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები. 7-საათიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა ნანგრევებში გიორგი გაბუნიასა და ნიკა გელაშვილის ცხედრები იპოვეს. სარეკონსტრუქციო სამუშაოებს კომპანია "არტიქსი" ასრულებდა და არაოფიციალური ვერსიით, შენობის ნგრევა საყრდენი კედლების გამოცლამ თუ დასუსტებამ გამოიწვია. ნიკა გელაშვილის ოჯახს წუთითაც არ მიუტოვებია ეს საქმე და ამ ოთხი წლის განმავლობაში უსამართლობის კასკადს წააწყდა. ახალი ხელისუფლების პირობებში, ნიკას ოჯახის წევრებმა განცხადებით მიმართეს მთავარ პროკურატურას და საქმის ხელახალი გამოძიებაც დაიწყო.

თეა კახიანი, ნიკა გელაშვილის ქვრივი:

- მას შემდეგ, რაც მივმართეთ პროკურატურას და იუსტიციის სამინისტროს, დაიწყო ხელახალი გამოძიება. იუსტიციის მინისტრთ­ან შეხვედრისას შევთანხმდით, რომ ევროპის სასამართლოდან გა­მოვიტანდით ჩვენს საქმეს. ვიმედოვნებთ, რომ გამოძიება სწორად წარიმართება და დადგინდება, ვინ არის მომხდარზე პასუხისმგებელი, რა დარღვევები მოხდა და რატომ დატრიალდა ეს ტრაგედია. დადგენილია, რომ "რუსთავი-2", ანუ მესაკუთრე, უნებართვოდ აწარმოებდა სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, რომელსაც სჭირდებოდა მერიის არქიტექტურის სამსახურთან შეთანხმებული პროექტი.

ყველაფერს ვიღონებთ იმისთვის, რომ საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. დაკითხვაზე დაბარებული იყო შპს "არტიქსის" დირექტორი რუსუდან ჩერგოლეიშვილიც, თუმცა ის საქართველოში არ იმყოფება. როგორც ჩანს, მან ოჯახთან ერთად დატოვა ქვეყანა. უშუალოდ ამ ქალბატონის კისერზეა ნიკას და გიორგის სიკვდილი.

სისხლის სამართლის საქმის ძიების პარალელურად, საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეზეც გვაქვს შეტანილი სარჩელი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში, 1-ელ ოქტომბრამდე თაროზე იდო. 7 თებერვალს მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძემ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, პასუხისმგებლობა და­ეკისრა "რუსთავი-2"-ს, "არტიქსს", "ჯორჯიან ბილდინგ კორპორეიშე­ნს", მერიის ზედამხედველობის სა­მსახურსა და მშენებლობის სამუშაოთა მწარმოებელ დავით გვასალიას. თითქმის ყველა მოპასუხეს დაეკისრა პასუხისმგებლობა, რაც ჩვენთვის დიდი მიღწევაა. ადმინი­სტრაციულ ნაწილში, გარდა პასუხისმგებლობისა, მორალური ზი­ანის ანაზღაურებასაც ვითხოვდით, მაგრამ ისევ მასხრად აგვიგდეს - მოსამართლემ პასუხისმგებლობა­ კი დააკისრა მოპასუხე მხარეს, მა­გრამ ეს იმაში გამოიხატა, რომ თითოეულმა მოპასუხემ ჩემს შვი­ლს სრულწლოვანებამდე თვეში 100 ლარი უნდა უხადოს. ამ გადაწყვეტილებას სააპელაციოში გავასაჩივრებ. ვის დასცინიან ესენი?! თუ ჰგონიათ, რომ თვეში 100 ლარს გადაიხდიან და ამით დამთავრდება მათი პასუხისმგებლობა, ცდებიან. საინტერესო ისაა, რომ ამ გადაწყვეტილებას ისინიც ასაჩივრებენ, ვინაიდან თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და ყველანაირ პასუხისმგებლობას იცილებენ თავიდან. რომ დათანხმდნენ, ეს დანაშაულის აღიარებას ნიშნავს. მუდმივად ვიმეორებდით, რომ ამ ტრაგედიაში მხოლოდ დავით გვასალია არ არის დამნაშავე და პასუხისმგებლობა უნდა გაიზიარონ დანარჩენმა იურიდიულმა თუ ფიზიკურმა პირებმა, რომლებიც ამ საქმეში ფიგურირებენ - "რუსთავი-2"-მა (და მისმა იმჟამინდელმა გენდირექტორმა ირაკლი ჩიქოვანმა), როგორც დამკვეთმა და შემსრულებლებმა: "არტიქსმა", "ჯორჯიან ბილდინგ კომპანიმ" და მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, რომელმაც არაფერი იღონა უკანონო მშენებლობის შესაჩერებლად. ისინი მოქმედებდნენ შეთანხმებულად, ეს იყო აწყობილი მექანიზმი - დამკვეთები, შემსრულებლები და მაკონტროლებლები ერთი გუნდის წარმომადგენლები იყვ­ნენ და საკუთარ თავს ხომ არ დასჯიდნენ. თუნდაც ის, რომ ადმინისტრაციულ საქმეზე რამდენიმე მოპასუხეს ერთი ადვოკატი იცავდა, რაღაცის მანიშნებელია. "რუსთავი-2", რომელმაც 2009 წლის 26 აპრილს დაკარგა მატერიალური ქონება, ორი ადამიანი დაეღუპა და დანარჩენები დაუშავდა, ჰქონდა პროექტი, რომელიც ჩაუვარდა, ნაცვლად იმისა, რომ ყოფილიყო დაზარალებულის სტატუსით, აცხადებს, რომ არავითარი პრეტენზია არ გააჩნია. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ ესენი ერთმანეთისკენ ხელს არ გაიშვერენ.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ