"უკან მივიხედე და დავინახე, პატრიარქი პირჯვარს მწერდა"

"უკან მივიხედე და დავინახე, პატრიარქი პირჯვარს მწერდა"

ამბობს, რომ ბავშვობიდან დასაქმებულია, მის ცხოვრებაში ცნება "თავისუფალი დრო" არასდროს ყოფილა. აქტიურობა მისი ცხოვრების თანმდევი მდგომარეობა აღმოჩნდა. წლების მანძილზე, არაერთ მაღალ თანამდებობაზე იყო. ხელისუფლების წევრიც გახლდათ, მაგრამ ამბობს, რომ ახლა ყველაზე კარგ მდგომარეობაშია. ჰყავს ხელმძღვანელი, რომელიც ძალიან უყვარს და მისგანაც იმავეს გრძნობს. საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდის მთავარი მენეჯერი ლაშა ჟვანია საკუთარ ცხოვრებაზე, პატრიარქთან პირველ შეხვედრაზე, ხელისუფლებაში ყოფნის ხიბლზე გულახდილად მოგვითხრობს და წმინდა მიწაზე მიღებულ ემოციებსაც გვიზიარებს.

- დედა მკაცრად მზრდიდა, აქტიური ბავშვი ვიყავი. სხვადასხვა წრეზე დავდიოდი. 13 წლისას მამა გარდამეცვალა. დედა აფთიაქში მუშაობდა, სამსახურის შემდეგ შინ ბრუნდებოდა და კერავდა. ჩვენს სახლში სინათლე მთელი ღამე ენთო. სამწუხაროდ, მასავით შრომისმოყვარე ვერ ვარ. თავად არასდროს შევუქივარ. როცა ჩემზე კარგს სხვისგან ისმენდა, პასუხობდა, მამამისს 10%-ით მაინც რომ ჰგავდეს, კაცად ივარგებდაო. ჩემს ზურგზე ერთმეტრიანი სახაზავიც ხშირად გადატეხილა. ამის მიზეზი ბიოლოგიაში მიღებული ოთხიანიც არაერთხელ ყოფილა. დედა ასეთივე მკაცრია შვილიშვილებთანაც. ხშირად მიმეორებს, შვილები მტრულად გაზარდე, მოყვრულად გამოგადგებიანო.

- თქვენ როგორ ზრდით?

- სიმკაცრეს ხშირად არ ვიჩენ, უფრო მეტად ვეფერები. სამივეს ჩემი დიდი რიდი აქვს. ყველაზე მეტი ენერგიის დახარჯვა უმცროსთან მიწევს. ბუნებით ლიდერია. ყოველთვის უნდა, ის მიიღოს, რაც სურს და არა ის, რაც ეკუთვნის. ვცდილობ, შვილებს თავმდაბლობა ჩავუნერგო. მათ მომავალი ცხოვრებისთვის, მოსალოდნელი სირთულეებისთვის ვამზადებ, რადგან "რქები" შეიძლება იმ დროს მოსტყდეთ, როცა ყველაზე მტკივნეული იქნება. ხასიათის შეცვლა შეიძლება. მე მჯერა მეტამორფოზის, ფერისცვალების...

- ოჯახი როგორ შეჰქმენით?

- სიყვარულით. ჩემი მეუღლე უნივერსიტეტში სწავლობდა, როცა გავიცანი, დამამთავრებელ კურსზე ვიყავი. შეყვარებიდან 4 თვეში დაოჯახება გადავწყვიტეთ. 18 წელია, ერთად ვართ. ოჯახი გამოცდის წინაშე არაერთხელ დგება, გამონაკლისი არც ჩვენ ვყოფილვართ, მაგრამ თუ ფუნქციები სწორადაა განაწილებული, რღვევა არ ხდება. მისაქციელში გვაქვს აგარაკი და როცა დროის გამონახვას ვახერხებთ, ყველანი ერთად მივდივართ. ეს აგარაკიც დედამ ააშენა. ახლახან ახლობელმა გაიხსენა: ერთხელ იქ ქუჩის ძაღლი მივიყვანე და ფიცრისგან პატარა "სახლი" გავუკეთე. მერე ვამბოდი, აქ ჩემი აშენებული მხოლოდ ძაღლის ბინაა-მეთქი.

- საინტერესოა თქვენი მშობლების შეუღლების ამბავიც.

- დედა ებრაულ ოჯახში გაიზარდა. მის მშობლებს სურდათ, ებრაელი სიძე ჰყოლოდათ, მაგრამ დედას მამაჩემი შეუყვარდა. მათი სიყვარული უფროსების წინააღმდეგობაზე ძლიერი აღმოჩნდა და დაქორწინდნენ. დედას მშობლები ძალიან გაუნაწყენდნენ. 1970-იანი წლების დასაწყისში სანათესავოს დიდი ნაწილი ისრაელში წავიდა. მერე საბჭოთა კავშირსა და ისრაელს შორის ურთიერთობა გაწყდა. დედას თავის ნათესავებთან მხოლოდ სატელეფონო საუბრები ჰქონდა. დეიდაჩემი გვიგზავნიდა საჩუქრებს, ბარათებს, წერილებს, რომლებიც 3-4 თვის დაგვიანებით (გახსნილი და წაკითხული) მოდიოდა, მაგრამ ჩვენამდე მაინც აღწევდა. დედაჩემი ოჯახის წევრებს 17 წლის შემდეგ შეხვდა. ისრაელში დედას მეც ვახლდი. ბებია, ბაბუა, ბიძა - მთელი სანათესავო დაგვხვდა. დაბნეული დედა პირველად მაშინ ვნახე. სახეზე ემოციები აღბეჭდოდა - ეს იყო სიხარულის, ნერვიულობის... ამ ყველაფერს ჩემი დეიდაშვილი ვიდეოთი იღებდა, ჩანაწერი შენახული გვაქვს.

- ეკლესიას როგორ დაუახლოვდით? როგორც ვიცი, ბავშვობაში სტიქაროსანი იყავით.

- მამაჩემის დედა მორწმუნე ადამიანი იყო. ჩვენი სახლის ფანჯრებიდან წმინდა ნინოს სახელობის ბაზილიკის ეზო ჩანდა. ეკლესიაში ხალხი ცხოვრობდა. ხშირად ვხედავდი - ბებია ფანჯარასთან მიდიოდა, პირჯვარს იწერდა და ამბობდა: "ღმერთო, აპატიე!" ერთ დღეს ვკითხე, - ღმერთს რის პატიებას სთხოვ-მეთქი? - ეს ადამიანები ეკლესიაში ცხოვრობენ და არ შეიძლებაო.

- პატრიარქს პირველად როდის შეხვდით?

- ბებია რომ გარდაიცვალა, სიონში მივედი. მაშინ უწმინდესი სიონის ეზოში ცხოვრობდა. ტაძრიდან რომ გამოვედით, ჩემმა ნათლიამ თქვა, - აი, პატრიარქიო, - და უწმინდესთან დასალოცად მიმიყვანა. ეს 1981 წელს მოხდა. დღემდე მახსოვს ის განცდა, რომელიც მაშინ დამეუფლა და მის ანაფორაზე - "კარაკულის" ბეწვი. მოგვიანებით უწმინდესთან "პიონერფილმის" ბავშვები გრიშა ჩიგოგიძემ მიგვიყვანა. მაშინ უკვე ეკლესიაში დავდიოდი. პატრიარქის ოთახიდან სულ ბოლოს მე გამოვედი. ჩემდა უნებურად, უკან მივიხედე და დავინახე, უწმინდესი ზურგს უკან პირჯვარს მწერდა. მთელი ცხოვრება იმ დალოცვის ძალას ვგრძნობ. არასდროს მიკითხავს, როცა ზურგს უკან ადამიანებს პირჯვარს სწერდა, უფალს რას სთხოვდა? ახლა გამახსენდა და აუცილებლად ვკითხავ. უმეტეს შემთხვევაში, როცა ადამიანები წარმატებას აღწევენ, ეგოიზმში ცვივდებიან, ამაყდებიან, ავიწყდებათ, რომ ყველაფერი უფლის ნებით ხდება.

- თქვენი ისრაელში ელჩობის პერიოდი გავიხსენოთ. ბევრ რამეზე გწყდებათ გული, რისი გაკეთებაც ვერ მოახერხეთ?

- გაცილებით მეტი გავაკეთე, ვიდრე ვფიქრობდი, რომ შევძლებდი, მაგრამ - ნაკლები, ვიდრე სურვილი მქონდა და მაქვს.

- გული რაზე გწყდებათ?

- მაქვს ბავშვობის ოცნება, რომელიც ვიცი, აუცილებლად ახდება. ოღონდ ამ მიმართულებით მუშაობა ძალზე საფრთხილოა: კულტურული მემკვიდრეობის დაბრუნებას ვგულისხმობ. ზომიერებაა საჭირო. ისრაელი ჩემთვის ელჩობით არ დაწყებულა და არც დამთავრდება. ეს ქვეყანა არასდროს მიმიტოვებია. ეს ამოუწურავი ქვეყანაა, მსოფლიო კულტურის, ეკონომიკის გზაჯვარედინია.

- წმინდა მიწაზე ჩასვლა, იქაური სიწმინდეების მოლოცვა ბევრი ქრისტიანისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. წმინდა მიწაზე გატარებული დღეებიდან, ყველაზე ემოციურად რა გახსენდებათ?

- ხალასი, სუფთა გული და იქ, ბავშვობაში ჩიტივით ფრენა. 1989 წელს ჩემმა დეიდაშვილმა მაჩუქა წიგნი ისრაელის შესახებ, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი, რა, სად და როგორ უნდა მომენახულებინა. მოკლედ, ამ წიგნით წმინდა ადგილების ძიება დავიწყე. იერუსალიმში მცხოვრებ ნათესავებს ვეუბნებოდი, თითქოს თელ-ავივში ვრჩებოდი და - პირიქით. ყველანი მშვიდად იყვნენ. თავად, სრულიად მარტო, ღამეებს ღია ცის ქვეშ ვათევდი. როცა მაცხოვრის საფლავზე მივედი, გავარკვიე - წირვა ღამის 12 საათზე იწყებოდა. დილის 6 საათზე ღვთისმშობლის საფლავზე ჩატარებულ წირვას უნდა დავსწრებოდი. გამთენიისას შუალედი 2 საათი მრჩებოდა და ამ ხნის განმავლობაში გოლგოთის მთის ძირში მეძინა, იქ, სადაც ადამის თავის ქალაა დაფლული. ეს ყველაფერი სულის განწმენდისთვის და უფალთან მიახლოებისთვის კარგი საშუალებაა, მაგრამ ქრისტე გულში თუ არ შეუშვი, გარეგნული ქცევები არაფერია. მაცხოვრის საფლავთან პირველ რიგში, მოსახსენიებლად ის ადამიანები მახსენდებიან, ვისაც ჩემთვის უწყენინებიათ და ვისთვისაც მე მიწყენინებია.

- თქვენი მინისტრობის პერიოდი გავიხსენოთ. საუბრის დასაწყისში მითხარით, ხელისუფლებაში მყოფი ადამიანი შეიძლება ხიბლში ჩავარდესო... საცდურის წინაშე თქვენც აღმოჩნდებოდით...

- სანამ პარლამენტიდან მთავრობაში მოვხვდებოდი, ვამბობდი, ადამიანს მანამდე დავუდგები გვერდით, სანამ სწორად ივლის, ჯოჯოხეთის კარამდე მივყვები-მეთქი. სახარებაში წერია: მტვერი ჩამოიბერტყე ტანსაცმლიდან, რომელიც იმ სახლში მიიღე და ისე წამოდიო. მე ვამბობდი, მტვერს ჩამოვიბერტყავ და წამოვალ-მეთქი. მადლობა ღმერთს, რომ ეს შევასრულე, ისე, რომ მტვერიც არ ამიღია.

- აღმოჩნდა, რომ "ჯოჯოხეთის კარამდე" 8 თვეში მიხვედით: მინისტრის პოსტი ამ დროის განმავლობაში გეკავათ.

- ეკონომიკის სამინისტროს 8 თვე-ნახევარი ვუხელმძღვანელე. ამაზე ვხუმრობ ხოლმე, ფიზიოლოგიური მშობიარობისთვის ნაყოფი 9 თვეში მწიფდება და წამოსვლა ცოტათი ნაადრევად მომივიდა (იცინის).

- ბევრ უსამართლობას წააწყდით?

- როცა ვერ ახერხებ, სიმართლეს ემსახურო, მაშინ იქ რატომღა უნდა დარჩე? თუ სხვა რამისთვის ხარ მისული, მაშინ დარჩენა ღირს, მაგრამ მე ასე არ გავზრდილვარ. თეთრი შავისგან რომ განასხვაოს, გული გონიერი პირველ რიგში, ხელისუფალს სჭირდება, როცა ამას კარგავს, იღუპება, როგორც ადამიანი. სააკაშვილმა გული გონიერი დაკარგა. მასთან საუბრები მქონდა, რომ ასე არ დამართოდა. რომ გადავდექი, კიდევ სიკეთე გავუკეთე.

- რას გულისხმობთ?

- ამაზე არასდროს მილაპარაკია, გადადგომის დღეს ვთქვი: მხარს ვუჭერ სააკაშვილს, რადგან მჯერა, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის გაჭირვებას განიცდის-მეთქი.

- ამ განცხადების გაკეთების დროს გულწრფელი იყავით?

- ვიცოდი, რომ ისმენდა. ეს იყო მისდამი ჩემი თხოვნა, მითითება; მინდოდა, განწყობა შემექმნა. წინაღამეს დამემალა. მივწერე, შეხვედრა მინდა-მეთქი. - ჰოლანდიაში მივდივარო, მიპასუხა. მანამდე საგარეო საქმეთა მინისტრს დაარეკვინა და ათქმევინა: გთხოვ, ჩემს სამინისტროში დაბრუნდე და ელჩად წახვიდეო. უარი ვუთხარი. ყველას ეგონა, ოპოზიციურ განცხადებას გავაკეთებდი და ისე წამოვიდოდი. სააკაშვილმა პარლამენტიდანაც იმიტომ წამომიყვანა, ეშინოდა, ოპოზიციაში არ გადავსულიყავი.

- ეს მერე გააანალიზეთ?

- არა, მაშინვე ვიცოდი, მას თამაშში ავყევი, მაგრამ ის როლი აღარ შევასრულე, რომელიც უნდოდა, რომ შემესრულებინა. პრეზიდენტთან არაერთხელ მქონდა კამათი, ვითხოვდი, სოციალური პრობლემების მოგვარებაზე ეზრუნა. ახლა უმცირესობა მთავრობას ევროპასთან, ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაზე მოუწოდებს... ევროპაც და ამერიკაც მთელ რიგ მოთხოვნებს გიყენებს, მათი კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილო - ანტიმონოპოლია, ფიტოსანიტარია და ა.შ. ამ ყველაფერს შეგნებულად არ აკეთებდა და მე, როგორც მინისტრს, პრობლემები მექმნებოდა. რუსეთის ბაზრის დახურვის პირობებში, ევროპის ბაზარი ერთადერთი ხსნის გზა იყო. ევროპა ძვირად ღირებული ბაზარია. ჩინეთსა და თურქეთში ჩვენი პროდუქცია ვერ გავა, რადგან მათ გაცილებით დაბალ ფასებში აქვთ. ისმის კითხვა - რატომ არ გაითვალისწინეს ეს ყველაფერი 2009 წელს ან მას შემდეგ?

- რატომ?

- მთავრობის ზოგიერთი წევრის ინტერესების გამო, ყველა სფეროში მონოპოლია სუფევდა. იყო მთელი რიგი საკითხები, რომლის წინააღმდეგაც ვიბრძოდი და უნდა ვაღიარო, რომ ვერ მოვერიე. სამაგიეროდ, მოვერიე ჩემს თავს და წამოვედი.

- შეიძლება, საჯარო სამსახურში ლაშა ჟვანია ისევ ვიხილოთ?

- სურვილი აღარ მაქვს. არავის დავმშვიდობებივარ, მე ვთქვი - ნახვამდის. პოლიტიკაში დაბრუნებას აქვს თავისი დრო. ებრაული წარმოშობის ამერიკელმა პოლიტოლოგმა დაწერა ნაშრომი - "სახელმწიფოს ფიზიოლოგია". სახელმწიფოს განვითარების ეტაპებს ადამიანის განვითარების პერიოდებს ადარებს. როგორც ადამიანს, როცა იბადება, სჭირდება დახმარება, მერე, ფეხს რომ იდგამს, ასევე უნდა დამხმარე, რომელიც ხელს მოჰკიდებს, რომ არ დავარდეს, ასეა სახელმწიფოც. მერე "ცხელსისხლიანობის" პერიოდი იწყება - ადამიანი ბევრ შეცდომას უშვებს... ეს პოლიტოლოგი წერს, რომ ყველა ფიზიოლოგიურ პერიოდში სახელმწიფოს თავისი ლიდერი ჰყავს. გადის წლები, მერე იმ ლიდერს ვეღარ ეგუება და აგდებს... ეს ის არის, რაც ჩვენთან მოხდა. სააკაშვილი ლიდერი იმიტომ ვეღარ არის, რომ სახელმწიფომ "ცხელსისხლიანობის" პერიოდი გაიარა. ახლა სახელმწიფოს სხვა ლიდერის მოთხოვნილება აქვს.

- დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაზე რას გვეტყვით?

- ამ რეალობისთვის სახელმწიფო მზად იყო. მივიღეთ ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შეკრიბა. ამ ადამიანმა საკუთარ ხალხთან ხალასი დამოკიდებულებით მოიგო. ამ სიხალასეს ვერც იყიდი, ვერც ითამაშებ, ეს უნდა გქონდეს და ადამიანების გულები იგრძნობს.

- ბატონო ლაშა, არ შემიძლია, ბენდუქიძესთან დაკავშირებით არ გკითხოთ: მასთან დაპირისპირება თქვენი მინისტრობის პერიოდში დაიწყო, ბლოკავდით მის გადაწყვეტილებებს, თუნდაც ტყეების გასხვისებაზე.

- თქვენს ჟურნალს და საერთოდ, "პალიტრამედიას" დიდ პატივს ვცემ, დასმულ კითხვასაც პატივს ვცემ, მაგრამ რად გვინდა ბენდუქიძეზე ლაპარაკი? ამ ადამიანმა ქართველი ხალხის წინაშე პასუხი უნდა აგოს, რა ფორმით - ეს ჩემი კომპეტენცია არ არის. მას ალბათ დაუდგება ბოდიშის მოხდის დრო. მორალური პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს. სახელმწიფო სამსახურიდან ადამიანს შეუძლია, ერთი გადაწყვეტილებით, ბევრი ადამიანისთვის გააკეთოს სიკეთე, მაგრამ შეიძლება, პირიქითაც მოხდეს. ხელისუფლებაში ყოფნა ისეთი პასუხისმგებლობაა, ყველას არ შესწავლეს ძალა, ეს ტვირთი ღირსეულად ატაროს. თუ ამის ძალა არა გაქვს, ჯობს, არც მიეკარო, თორემ შენც დაზარალდები და სხვებსაც დააზარალებ. თუ ქვეყანას ამ მიდგომით არ ემსახურე, მაშინ არაფერი ხარ. ვფიქრობ, წინა წინადადების ბოლო სიტყვაა ეს ადამიანი. დამეთანხმებით, ქვეყნის წინაშე ყველა ადამიანს თავისი წილი პასუხისმგებლობა აკისრია, მაგრამ პოლიტიკოსის პასუხისმგებლობა ათასჯერ მეტია. ცოტა ხნის წინ ერთმა ადამიანმა მომწერა ამბავი, რომელიც ჩემი მინისტრობის პერიოდში მომხდარა. მისი ოჯახი სახელმწიფო ქონებაში იყო შეჭრილი, ფართი კანონიერად არ ეკავა. შესაბამისმა დეპარტამენტმა მოამზადა რეზოლუცია. კოტეჯი, რომელშიც ოჯახი ცხოვრობდა, პრივატიზაციაზე გამოვიტანეთ. საქმე სახელმწიფოს სასარგებლოდ გადაწყდა. მაგრამ ის ოჯახი ძალიან დაზარალდა. მე, როგორც მინისტრს, მქონდა საშუალება, ეს კოტეჯი პრივატიზაციაზე არ გამეტანა, თვალი დამეხუჭა, მაგრამ თვალის დახუჭვით პრობლემა არ გვარდება. ასეთ დროს პასუხისმგებლობა უნდა აიღო და შენს მოქალაქეს პრობლემის გადაჭრაში დაეხმარო. ეს ამბავი მორიდებულად, დაზარალებულმა ქალბატონმა მომწერა და ძალიან შევწუხდი. ამის ფონზე აღარ ვიცი, რამდენად ღირდა ის სიკეთეები, რომელიც გავაკეთე.

- 3 წელია, რაც საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდის მთავარი მენეჯერი ხართ. ფონდის საქმიანობის შესახებ რას გვეტყვით?

- ისეთი კარგი პერიოდი, როგორიც ახლა მაქვს, არასდროს მქონია და ალბათ არც მექნება. ჩემი ხელმძღვანელი არის ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარს და მისგანაც იმავეს ვგრძნობ. ერთმანეთის კარგად გვესმის. მისგან ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ. უწმინდესმა ეს ფონდი 2005 წელს დააარსა. მაშინ მეცნიერების, კულტურის სფეროში ბევრი პრობლემა იყო. პატრიარქმა შემოიკრიბა სამეცნიერო ინსტიტუტების თანამშრომლები - მათ შეკრების ადგილიც კი აღარ ჰქონდათ. მაგალითისთვის გეტყვით: საპატრიარქოს ფონდის დაფინანსებით, გეოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლებმა ნავთობის და გაზის მოპოვების კონცეფციაზე იმუშავეს; ერთი თვის წინ ეს კონცეფცია სახელმწიფოს გადასცეს. იქ გადმოცემულია სპეციალისტების მოსაზრება, თუ როგორ უნდა მოვიპოვოთ ეს სიმდიდრე, რომელიც ქვეყანაში ნამდვილად არსებობს. ფონდმა დააფინანსა ანტინარკოტიკული პროექტი. ეს არის პრობლემა, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს, ამ დროს კი სახელმწიფომ დანაშაულთან, დაავადებასთან ბრძოლა კი არა, ადამიანებთან ბრძოლა დაიწყო... თბილისში, თაბორის მთაზე ფერისცვალების მონასტერში ამ საქმიანობას მამა ბართლომე უდგას სათავეში. მნიშვნელოვანია დემოგრაფიული პროექტი, რომელიც საპატრიარქოს ფონდის ინიციატივით, დემოგრაფებთან ერთად დაიწყო და მადლობა ღმერთს, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფო გააქტიურდა. ფონდის დაფინანსებით დაიწყო ფესტივალი "აღდგომიდან ამაღლებამდე", რომელიც მე-8 წელია, ტარდება. ეს ფესტივალი არ არის რელიგიასთან დაკავშირებული, ის აღდგომის დღესასწაულის შემდეგ იწყება და ამაღლებამდე მთავრდება... ბევრს ჰგონია, რომ ეს სოციალური ფონდია. სოციალური ფონდი საპატრიარქოში კიდევ ცალკეა შექმნილი. ჩვენთან მეტი შემოწირულობა რომ იყოს, გაცილებით მეტი საქმე გაკეთდებოდა. უფრო მეტია ერთლარიანი ზარი. საზოგადოება მეტად აქტიურდება, როცა შეწირულობა კონკრეტული პროექტისთვის გროვდება.

- როდესაც აჭარაში ერთი წლის ბავშვი დაიღუპა, მაშინ გაისმა პრეტენზიები ეკლესიის, ამ ფონდის მისამართითაც...

- როცა ამბობ, - რატომ შენდება ეკლესია? ჯობია, გაჭირვებულს დაეხმაროო, - აქედან ერთი ნაბიჯია იქამდე, რომ ეკლესიების მშენებლობის შეჩერება მოითხოვო. ეკლესია ადამიანებს ერთმანეთის ჯვრის ტარებაში დახმარებისკენ მოუწოდებს. მოწყალების გაცემა დიდი მადლია. თითოეული ჩვენგანი ჩვენს წილ პასუხისმგებლობას რატომ არ ვგრძნობთ?.. ადვილია სხვისკენ ხელი გაიშვირო და რამეში დაადანაშაულო. ვერც ერთი სახელმწიფო ვერ დასძლევს სოციალურ გაჭირვებას, თუ საზოგადოების თანადგომა არ იქნება, მით უმეტეს, ისეთ ქვეყანაში, სადაც უმუშევრობის მაჩვენებელი კატასტროფულად მაღალია. თუ ეკლესიები არ ვაშენეთ, სულიერება საიდან მივიღოთ, ინტერნეტიდან?

- დაბოლოს, გილოცავთ მოახლოებულ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! წლებია, მაცხოვრის საფლავიდან სამშობლოში წმინდა ცეცხლი ჩამოგაქვთ...

- დიახ, იერუსალიმში ორშაბათს მივემგზავრები. ვნების შვიდეულში იმ ადგილებში ყოფნა, სადაც ქრისტეს ჯვარცმა და შემდეგ აღდგომა მოხდა, მეტისმეტად ემოციურია. მთავარია, ჩვენს გულებში აღდგეს ქრისტე, სულში სიხარული გვქონდეს. აღდგომა იმედიანი დღესასწაულია, სიკვდილზე გამარჯვების ზეიმია. ყველას გილოცავთ და აღდგომისეულ სიხარულს გისურვებთ!

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"