თეა წულუკიანი - პრეზიდენტის ვეტო გამიხარდა

თეა წულუკიანი - პრეზიდენტის ვეტო გამიხარდა

თეა წულუკიანი "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონზე პრეზიდენტის ვეტომ გაახარა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში, გადაცემა "პოლიტმეტრში" განაცხადა.

მისი თქმით, ეს ვეტო არის დამატებითი დრო ყველასთვის, მათ შორის მოსამართლეებისთვის, რომლებიც "შეძლებენ ჩამოყალიბდნენ, რა პოზიცია ჰქონდეთ მოსამართლეთა კონფერენციაზე".

"პრეზიდენტის ვეტო გამიხარდა, რადგან ამით პრეზიდენტმა დაადასტურა არასერიოზული მიდგომა ისეთი სერიოზული საკითხისადმი, როგორიცაა მართლმსაჯულება. თუმცა, მან ამით მოსამართლეებს მისცა დრო. მოსამართლეებს კი ეს დრო სჭირდებათ იმისთვის, რომ ჩამოყალიბდნენ, როგორი პოზიცია ექნებათ მოსამართლეთა კონფერენციაზე. ამ მხრივ ეს გადაწყვეტილება არის დადებითი", - აღნიშნა წულუკიანმა.

მისივე თქმით, მოსამართლეებმა უკვე დაიწყეს მოძრაობის შექმნა მართლმსაჯულების რეფორმის მხარდასაჭერად, რადგან "ადრესატამდე მივიდა" ამ რეფორმის რეალური მიზანი - რომ ეს ყველაფერი კეთდება "არა იუსტიციის მინისტრისთვის, არამედ მოსამართლეებისთვის".

"მე მინდა მივულოცო მოსამართლეებს ის დრო, რაც მიიღეს ბრძოლის სწორად წარმართვისთვის. მე მაქვს მოსამართლეთა კორპუსის იმედი, რომელიც მორიდებულ სიგნალებს უგზავნის ყველას, რომ ამ რეფორმას მიესალმება. მკაცრად ვაფასებ ზოგიერთი მათგანის წარსულ საქმიანობას, მაგრამ მათთან შეხვედრაზე დავინახე, როგორი შეიძლება იყოს მოსამართლე, რომელიც 9 წლის განმავლობაში მათრახის ქვეშ იყო. მართლმსაჯულებისთვის ბრძოლა გრძელდება და თუ მოსამართლეთა კონფერენცია ცუდად ჩატარდა, რეფორმა დიდი დარტყმის ქვეშ დადგება. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ მოსამართლეები კონფერენციაზე ყველასგან და ყველაფრისგან დამოუკიდებელ წევრებს აირჩევენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში", - აღნიშნა წულუკიანმა.

იუსტიცის მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა, კიდევ ერთხელ შეხვდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და საჭიროების შემთხვევაში მოსამართლეთა კონფერენციის ორგანიზებაში დაეხმაროს. მისივე ინფორმაციით, უახლოეს დღეებში კოტე კუბლაშვილს ოფიციალურად მიმართავს იმის გასარკვევად, როგორ იგეგმება მოსამართლეთა კონფერენციის ჩატარება, როგორი იქნება რეგლამენტი, ხმის მიცემის და დათვლის წესი.

"ვენეციის კომისიამ თქვა, რომ რეფორმა კარგია, მაგრამ იქნებ შეინარჩუნოთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებული წევრები. ეს ვერ მოხდება. ყველაფერში გავითვალისწინეთ ვენეციის კომისიის დასკვნა და იქამდეც კი წავედით, რომ მოვხსენით აკრძალვა - სასამართლოს თავმჯდომარეებს, რომლებიც დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები არიან, ხელახალი კენჭისყრის საშუალება ეძლევათ. ბუკიკიოს არსებული საბჭო რომც მოსწონდეს, ასე ვერ დარჩება, რადგან, ბუკიკიო არ მართავს ამ ქვეყანას, ქვეყანას მართავს უმრავლესობა და მას აკისრია მართლმსაჯულების გაუმჯობესების პასუხისმგებლობა", - განაცხადა წულუკიანმა.

ასევე იხილეთ: ტრაგიკულად წარმავალი პრეზიდენტი ყოფილ მეგობრებს ჩამოუვლის და დაემშვიდობება - თეა წულუკიანი

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ