პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი დეპუტატები "ძალიან კმაყოფილები" არიან, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სტრასბურგში მყოფმა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ხიდაშელმა განუცხადა.
"პრემიერის გამოსვლით დეპუტატები ძალიან კმაყოფილები არიან. მე რამდენიმე ჯგუფს ვესაუბრე, რომელიც კმაყოფილებას გამოთქვამს, რადგან მათ დაინახეს ბიძინა ივანიშვილის გახსნილობა, რაც სახელმწიფო მეთაურებს ხშირად არ ახასიათებთ ხოლმე", - განაცხადა ხიდაშელმა.
რაც შეეხება პირადად ხიდაშელის პოზიციას, პრემიერის გამოსვლით საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერიც კმაყოფილია და აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს შეკითხვა ყველა მსურველმა დაუსვა.
"ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლა იყო. ძალიან იშვიათად ხდება ევროპის საბჭოში, რომ ამდენმა კაცმა მოასწროს კითხვის დასმა. ეს აჩვენებს ჩვენი ხელისუფლების გახსნილობას, რომ პრემიერს არ აქვს პრობლემა, ნებისმიერ შეკითხვას გასცეს პასუხი, რომელიც დეპუტატებს აქვთ. მიზანს მივაღწიეთ - სავარაუდოდ ყველა შეკითხვა დაისვა. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ", - აღნიშნა ხიდაშელმა.