1492 წელს ქრისტეფორე კოლუმბს ამერიკა რომ არ აღმოეჩინა და ევროპაში თამბაქო არ შემოეტანა, უამრავი ადამიანის ბიუჯეტი დღეს უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა. მაგალითად, ერთ-ერთი ჩემი ახლობელი, 67 წლის მამაკაცი, რომელიც 15 წლიდან სიგარეტს ეწევა, სინანულით ამბობს - "აქტიური მწეველი ვარ, დღეში ორ-სამ კოლოფ სიგარეტს ვეწევი და ყოველდღე ოთხი ლარი მაინც მეხარჯება. გამოდის, რომ ნელ სიკვდილში 70 ათასი ლარი მაინც მაქვს დახარჯული. კარგი იყო, თავის დროზე გადამეგდო, ახლა კი უკვე გვიანია!"
"მოწევა იწვევს კიბოს!", "მოწევა კლავს!" - კითხულობენ მწეველები, ვიდრე სიგარეტს შეიძენენ, მაგრამ მაინც ეწევიან. ამ საკითხზე გვესაუბრება ორგანიზაცია "ჯანმრთელი სამყაროს" თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე:
- სულაც არ არის ძნელი მოწევისთვის თავის დანებება, ეს ხომ ნარკომანია არ არის, რომ მწეველს "ლომკები" დაეწყოს? ვისაც ნებისყოფა ეყოფა, თავისუფლად შეძლებს თავის დანებებას, სამაგიეროდ, საკუთარ ბიუჯეტსაც დაზოგავთ და ჯანმრთელობასაც. არსებობს სხვადასხვა საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ, მოწევას თავი დაანებოთ, თუნდაც სპეციალური საღეჭი რეზინები, რომლებიც მოწევის სურვილს მოგიკლავთ. ადამიანმა ერთი თვეც რომ არ მოწიოს, ეს უკვე საკმარისია, მაგრამ მტკიცედ უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილი, რომ სიგარეტზე საბოლოოდ თქვა უარი. იმათ, ვისაც სიგარეტისთვის თავის დანებება სურს, რამდენიმე ციფრს შევახსენებ: გაეროს მონაცემებით ყოველ 4 წამში ერთი მწეველი კვდება. მე მგონი, ეს ციფრები ბევრ რამეზე მეტყველებს. საქართველოს მოსახლეობის 40 პროცენტზე მეტი მწეველია, განსაკუთრებით საგანგაშოა ის, რომ ქალების 22 პროცენტი ეწევა, მწეველ ქალს კი უფრო მეტი შანსი აქვს, განუვითარებელი, მახინჯი ბავშვი გააჩინოს...
- საქართველოში თამბაქოს მოხმარებაზე დამატებითი შეზღუდვებია დაგეგმილი...
- ცნობილია, რომ ბიჭები ძირითადად მოწევას იწყებენ 11-12 წლიდან გოგონები კი - 13-14 წლიდან. ჰგონიათ, რომ დიდები არიან, სხვისი მიბაძვა კი თანდათან გადადის მავნე ჩვევაში. ამიტომ ბავშვს მშობელმა თავიდანვე უნდა ჩაუნერგოს, რაოდენ საზიანოა მოწევა მისთვის. რაც შეეხება დაწესებულებებში მოწევის აკრძალვას, მე ეს გამართლებულად მიმაჩნია. ახლავე აგიხსნით რატომ: როდესაც ოთახში ორი ადამიანი ეწევა, რა დააშავა იქ მყოფმა არამწეველმა? ან იმან, ვინც სიგარეტზე უარი თქვა და აღარ უნდა დაუბრუნდეს? არამწეველიც ხომ ისევე ზიანდება, როგორც მწეველი. აკრძალული ხილი უფრო გემრიელიაო, უთქვამთ, მარტო აკრძალვით ამ პრობლემას ვერ გადავჭრით. საქართველოში ქურდობაც აკრძალულია, კაცისკვლაც, მაგრამ ორივე ხდება. შეიძლება ჯარიმების დაწესებაც, რა თქმა უნდა, ზომიერად... ამავე დროს, მედიის საშუალებით უნდა ვრცელდებოდეს ანტირეკლამა, რაც გაზრდის უარყოფით დამოკიდებულებას სიგარეტის მიმართ. ამასთანავე, სიგარეტის კოლოფს ხშირად წვრილი ასოებით აწერია, რომ მოწევა მავნებელია ჩვენი ჯანმრთელობისათვის, სასურველია შრიფტის ზომა გაიზარდოს. შორსა ვარ იმ აზრისაგან, რომ ამ გზით მწეველთა რიცხვი განახევრდება, მაგრამ 2-3 პროცენტითაც რომ შემცირდეს, ესეც დიდი მიღწევა იქნება.
პირველი მწეველი, რომელიც კოლუმბთან ერთად ესპანეთში დაბრუნდა, ციხეში ჩასვეს, რადგან ეგონათ მასში ეშმაკი ჩასახლდაო, თუმცა მოგვიანებით თამბაქო მთელ ევროპაში გავრცელდა და საკმაოდ პოპულარული გახდა. უფრო მეტიც, კარგა ხანს "კოლუმბის ძღვენს" ბევრ სასარგებლო თვისებას მიაწერდნენ, თუმცა ეს მითი მოგვიანებით მაინც დაინგრა. მსოფლიოში სიგარეტის შესაძენად ყოველწლიურად დაახლოებით 80-100 მილიარდი დოლარი იხარჯება. თამბაქოს ფოთლები შეიცავს 2500-ზე მეტ ქიმიურ ნივთიერებას, თამბაქოს კვამლში კი მათი რაოდენობა 4000-მდე აღწევს. მეცნიერების მიერ განსაზღვრულია, რომ თამბაქოს ბოლში შედის ორმოცზე მეტი კანცეროგენი, ანუ კიბოს გამომწვევი ნივთიერება, მოწევის პროცესში წარმოქმნილი ნივთიერებები მავნე ზეგავლენას ახდენს ადამიანის ყველა ორგანოზე. გამოთვლილია, რომ წელიწადში თითქმის 50 ათასი არამწეველი იღუპება პასიური მოწევის გამო.
ხათუნა ჩიგოგიძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)