გიგი კალანდაძე - ალასანია ძალიან განიცდიდა, ეს რა შეცდომაში შემიყვანესო

გიგი კალანდაძე - ალასანია ძალიან განიცდიდა, ეს რა შეცდომაში შემიყვანესო

სასამართლოზე ხდება სასწაულები, - ამის შესახებ გაერთიანებული შტაბის ყოფილმა უფროსმა, გიგი კალანდაძემ გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა და განმარტა, რომ მხედველობაში პროკურორების მიერ მოწმეებზე ზემოქმედება და იმის მითითება აქვს, რა შეკითხვაზე რა პასუხი უნდა გასცეს.

"პროკურორები პირდაპირ კარნახობენ მოწმეებს, რა შეკითხვაზე რა პასუხი უნდა ჰქონდეთ. პროცესზე ჩვენ იძულებული გავხდით მიგვემართა მოსამართლისთვის, მოსამართლე კი იძულებული გახდა ცოცხალი კედელი დაეყენებინა პროკურორსა და ე.წ. დაზარალებულს შორის. ამის შემდეგ აღმოჩნდა, რომ სამხედრო მოსამსახურეები თვითონვე აღიარებენ, რომ არიან დეზერტირები, დაუმორჩილებლები, ბუნტის მომწყობები. სამწუხაროდ, ეს არ შუქდება ისე, როგორც უნდა გაშუქდეს", - აღნიშნა კალანდაძემ.

მისივე შეფასებით, სასაცილოა ის ჩვენება, რის საფუძველზეც მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო და ახლა ბრალდებლია. "არანაირი ფაქტი არ აქვთ. ჩემს მიერ სამხედრო მოსამსახურეების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა საერთოდ გამორიცხეთ. გეტყვით რაც მოხდა: ერთ-ერთი შემოწმების დროს, როცა შევამოწმეთ სპეცდანიშნულების რაზმის ქვედანაყოფი და ესაა 28 ათასიანი ჯარიდან შერჩეული ჯარისკაცები, აღმოჩნდა, რომ რამდენიმე სამხედრო მოსამსახურემ ვერ ჩააბარა ტესტირება ნორმატივებში – სროლაში, ფიზიკურ მომზადებასა და ა.შ. მიუხედავად ამისა, ჩვენ მათ შევხვდით და ვუთხარით, არ გათავისუფლებთ შეიარაღებული ძალებიდან, იმ გამოცდილებით და ცოდნით, რაც მიიღეთ, შეგიძლიათ მსახურების გაგრძელება-თქო, მაგრამ ეს არ მიიღეს. სწორედ ამის გამო მისცეს ჩვენს წინააღმდეგ ჩვენებები – ერთ-ერთმა სასამართლოზე თქვა კიდეც (ხარაიშვილი იყო მგონი, გვარი არ მინდა შემეშალოს), მე არ ვაპირებ ჩვეულებრივ სამხედრო ნაწილებში "პახაობასო". ეს სიტყვა თქვა და მოსამართლემ სთხოვა განემარტა, რას ნიშნავდა "პახაობა". ერთ-ერთ ე.წ. დაზარალებელს კი ისიც წამოსცდა, რაც გვითხრეს, ჩვენებაში ის დავწერეო", - აღნიშნა კალანდაძემ.

ამასთან, გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის თქმით, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, როცა ის თავდაცვის სამინისტროში მივიდა, ირაკლი ალასანიას შეხვდა და თავდაცვის მინისტრი მის ამბავს "ძალიან განიცდიდა". "ციხიდან რომ გამოვედი, ჯერ პრეზიდენტს შევხვდი, მერე თავდაცვის სამინისტროში მივედი და სანამ ე.წ. თათბირი დაიწყებოდა, მოხდა ჩემი და ალასანიას პირისპირ შეხვედრა და ის ძალიან განიცდიდა, ეს რა დამემართა, ეს რა შეცდომაში შემიყვანესო. მერე ისიც გავარკვიე, რომ თურმე ჩემს მეუღლეს ურეკავდა და ეუბნებოდა, რომ ყველანაირად მხარს დამიჭერდა. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აღმოჩნდა თვალთმაქცობა", - განაცხადა კალანდაძემ, რომლის შეფასებითაც მისი დაკავება "სამარცხვინოდ მოხდა".

იხილეთ ვიდეო: ალასანიას ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს - რას ადასტურებს გიგი კალანდაძე

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა