რუსეთის ფლოტი შავ ზღვაში ორ ახალ ბრიგადას ჩამოაყალიბებს

რუსეთის ფლოტი შავ ზღვაში ორ ახალ ბრიგადას ჩამოაყალიბებს

უახლოეს მომავალში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ახალი ფრეგატებითა და წყალქვეშა ნავებით დაკომპლექტებული ორი ახალი ბრიგადა შეემატება. ამის შესახებ განცხადება რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალმა, ადმირალ ვიქტორ ჩირკოვმა გააკეთა.

მისი თქმით, სახელმწიფოს უკვე შემუშავებული აქვს შავი ზღვის ფლოტის რეფორმირების, ახალი მცურავი საშუალებებით გაძლიერებისა და ახალი ბაზების შექმნის მკვეთრად გაწერილი გეგმა-პროექტი. შავი ზღვის ფლოტის გაძლიერება პირველ რიგში ხმელთაშუა ზღვაში არსებულ არასტაბილურ მდგომარეობას უკავშირდება.

ჩირკოვის განცხადების თანახმად, უკვე მომავალი წლიდან შავი ზღვის ფლოტი 11356Р/М-ის პროექტის ფრეგატებისა და 636.3-ის პროექტის დიზელ-ელექტრულ წყალქვეშა ნავებს მიიღებს. ორივე ტიპის მცურავი საშუალება ფლოტს ექვს-ექვსი ერთეული ოდენობით გადაეცემა. მათი გამოყენებით ახალი ბრიგადა ჩამოყალიბდება. მეორე ბრიგადის შემადგენლობაში მხოლოდ 636.3-ის პროექტის წყალქვეშა ნავები შევა, რომლებიც შავ და ხმელთაშუა ზღვებში იმოქმედებენ.

თავის დროზე ექსპორტისთვის გამიზნული 11356Р/М-ის პროექტის ფრეგატები ინდოეთის დაკვეთით (ინდოეთმა ექვსი ერთეული შეიძინა) შეიქმნა. მაგრამ გარკვეული ცვლილებების შემდეგ, რუსეთმა მათი მიღება საკუთარ შეიარაღებაშიც გადაწყვიტა. შავი ზღვის ფლოტისთვის განკუთვნილი პირველი ხომალდის "ადმირალი გრიგოროვიჩის" წყალში ჩაშვება მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება. 125 მ-ის სიგრძის ფრეგატს  180 კაციანი ეკეპაჟი ემსახურება. მას ეფექტური ბრძოლის წარმოება როგორც საზღვაო, ასევე წყალქვეშა და საჰაერო სამიზნეებთან შეუძლია.

636-ის პროექტის წყალქვეშა ნავები ასევე ექსპორტისთვის იყო განკუთვნილი. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ისინი ვარშავის პაქტის ქვეყნებისთვის შეიქმნა. სწორედ ამან განაპირობა პროექტის სახელწოდება "ვარშავიანკა". წლების განმავლობაში წყალქვეშა ნავმა გაუმჯობესების არაერთი ეტაპი გაიარა. 74 მ-ის სიგრძისას, მას ჩასვლა მაქსიმალურ 300 მ-ის სიღრმეზე შეუძლია. ეკიპაჟი 52 კაცს, შეიარაღება კი 6 სატორპედო აპარატს ითვლის. 2012-2016 წლებში შავი ზღვის ფლოტმა 6 ასეთი წყალქვეშა ნავი უნდა მიიღოს. ამჟამად რუსეთს შავ ზღვაზე მხოლოდ ორი წყალქვეშა ნავი ჰყავს. მათგან მწყობრში მხოლოდ ერთია.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ topwar.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე