გიორგი ხიდაშელი: "ინდოელებისთვის მიყიდულ მიწებზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები შეჩერებულია"

გიორგი ხიდაშელი: "ინდოელებისთვის მიყიდულ მიწებზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები შეჩერებულია"

ინდოელებისთვის მიყიდულ მიწებზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები შეჩერებულია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსმა გიორგი ხიდაშელმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, დიცის მიწების უცხოელებზე გასხვისებას ხმაური იმიტომ მოჰყვა, რომ სწორედ ამ ტერიტორიაზე გადის ე.წ. საზღვარი და იქმნება საფრთხე, რომ ახალმა მეპატრონემ, რომლისთვისაც ქვეყნის ინტერესები არაფერს ნიშნავს, შესაძლოა ეს ფართობები ოკუპანტებს მიჰყიდოს.

"მოგეხსენებათ, სწორედ ამ ფართობებს ესაზღვრება ის ტერიტორია, რომელიც ოკუპირებულია და რუსმა მესაზღვრეებმა მავთულხლართი გაავლეს, ამიტომ იწვევს მოსახლეობის კიდევ უფრო მეტ აღელვებას. ეს ჩემი პირადი აზრია, თუმცა, მივიჩნევ, რომ ქართველმა კაცმა, ასეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილზე მდებარე ტერიტორია უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არ უნდა გაასხვისოს. ფაქტია, რომ, დოკუმენტების თანახმად, ინდურ კომპანიებს მიწები კანონის დაცვით აქვთ შეძენილი, მაგრამ ბევრი კითხვა ჩნდება, რაც შესაბამისი ორგანოების მოკვლევის კომპეტენციაა. თუნდაც ის, რომ შ.პ.ს. ,,მადლმა", რომელიც გორშია რეგისტრირებული, აღნიშნული ფართობების შეძენიდან სულ რამდენიმე, 4-5 დღეში გაასხვისა მიწა ინდოელებზე, თუმცა, ამ დროისთვის ინდოელებისთვის მიყიდულ მიწებზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები შეჩერებულია", - აღნიშნა გიორგი ხიდაშელმა.

სოფელ დიცში დღეს დილიდან დაპირისპირება იყო. ადგილობრივი მოსახლეობა სასოფლო-სამეურნეო მიწების ინდურ კომპანიებზე გასხვისებას აპროტესტებდა. დიცელებმა, რომლებმაც სოფლის კუთვნილი სარეზერვო სავარგულების და საძოვარი ფართობის გასხვისების შესახებ გუშინ შეიტყვეს, როცა ინდოელებმა მიწის დამუშავება დაიწყეს. დღეს მიწის ახალ მეპატრონეებს ხეხილის ბაღის გაშენების საშუალება არ მისცეს და ნარგავების გასაშენებლად გამზადებული ორმოები ხელით თუ ნიჩბების დახმარებით მიწით ამოავსეს.

ადგილობრივები პოზიციების დათმობას არ აპირებენ და ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ არსებული ფართობების უცხოელებზე მიყიდვას, გენოციდის ტოლფასად მიიჩნევენ. სოფლის მოსახლეობა პროკურატურაში შესატანად საჩივარსაც ამზადებს, სამართლებრივი დავის დასრულებამდე კი, როგორც თავად განმარტავენ, ინდოელებს სამუშაოების გაგრძელების საშუალებას არ მისცემენ.

აღსანიშნავია, რომ მიწის ახალ მესაკუთრეებს გააჩნიათ დოკუმეტაცია, რომლის საფუძველზეც სოფელ დიცის ტერიტორიაზე არსებული ათობით ჰექტარი მიწის ფართობი შეიძინეს. აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე ირკვევა, რომ ოთხმა ინდურმა კომპანიამ, სავარგულები, 2012 წლის დეკემბრის დასაწყისში გორში რეგისტრირებული შ.პ.ს. "მადლისგან" კეთილსინდისიერად შეიძინა, "მადლს" კი, თავის მხრივ, დიცის ტერიტორიაზე არსებული მიწები, უცხოელებზე გასხვისებამდე, რამდენიმე დღით ადრე, 2012 წლის ნოემბრის ბოლოს აქვს შეძენილი.

სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ მიწების აუქციონის წესით, ან სხვა ფორმით გაყიდვაზე არანაირ ინფორმაციას არ ფლობდნენ და ეჭვობენ, რომ მთელი რიგი დარღვევებით გასხვისდა, რის გამოც, გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებას მოითხოვენ.

დიცში დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამართალდამცავებიც იმყოფებოდნენ. არსებული დოკუმენტების საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი პაპუნა კობერიძე მიიჩნევს, რომ ინდურ კომპანიებს ფართობები კანონდარღვევით არ შეუძენიათ, თუმცა, სახელმწიფოს მხრიდან გასხვისებისას დარღვევებს არ გამორიცხავს და აღელვებულ მოსახლეობას დავის სამართლებრივი მეთოდით გაგრძელებას ურჩევს.

"ინტერპრესნიუსი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა