"გოგი დოლიძის სიმღერა სისხლში გამიჯდა"

"გოგი დოლიძის სიმღერა სისხლში გამიჯდა"

15 წლის ზუგდიდელი ირაკლი ფუტკარაძე ტელემაყურებელმა მუსიკალურ პროექტ "საქართველოს ვარსკვლავიდან" გაიცნო. ირაკლის მიერ შესრულებული სიმღერებითა და მუსიკალური გემოვნებით მოხიბლულმა ჟიურის წევრებმა ნიჭიერი ბიჭი შემდეგ ტურში უყოყმანოდ გადაიყვანეს. ირაკლი სოფელ რუხში ცხოვრობს. მომღერლობა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი და ამისთვის ძალ-ღონეს არ იშურებს. პროფესიულ არჩევანს ოჯახის წევრებიც უწონებენ და ყველანაირად ხელს უწყობენ.

- მამას სურდა, რომ "საქართველოს ვარსკვლავში" მონაწილეობა მიმეღო. ეს აზრი მეც მომეწონა და პროექტში მონაწილეობა გადავწყვიტე. ჩემს უფროს მეგობართან - მერაბ როდონაიასთან დავიწყე მომზადება. ის მელომანი გახლავთ. "საქართველოს ვარსკვლავისთვის" მან მომამზადა - სიმღერები შემირჩია და მასწავლა. ძალიან ჭკვიანი ადამიანია.

- დიდი ხანია, მღერი?

- მშობლებმა მითხრეს, რომ 2 წლისამ პირველად წავიღიღინე. თურმე ჩამოვჯდებოდი ხოლმე და ჩემთვის რაღაცას ვღიღინებდი. მამაჩემის სიმღერებს ვუსმენდი (მამა ანსამბლ "ჩელას" წევრი გახლავთ), მის კონცერტებზე დავდიოდი. სიმღერა თავისთავად შემიყვარდა. 7-8 წლისამ გადავწყვიტე, რომ მომღერალი გამოვსულიყავი.

- ამისთვის რას აკეთებდი?

- სხვადასხვა სიმღერას ვსწავლობდი. ხალხურ სიმღერებს მამაც მასწავლიდა. თანდათან ყველაფერს ვითვისებდი. როცა გადავწყვიტე, ამ საქმეს პროფესიონალურად მოვკიდებოდი, პედაგოგებთან სიარული დავიწყე. ჩემი პირველი პედაგოგი ნინო კევლიშვილი გახლავთ, რომელმაც გოგი დოლიძის სახელობის ფესტივალისთვის სიმღერა - "ხმალი ავლესოთ" შემასწავლა.

- ფესტივალზე წარმატებას მიაღწიე?

- პირველი და მეორე ტური გავიარე, დაჯილდოების გალა-ფესტივალზე მოვხვდი. კონცერტი მე გამახსნევინეს. ნანი ბრეგვაძის მიერ ორგანიზებულ კონკურსშიც ვმონაწილეობდი. იქ დიდი გამოცდილება მივიღე. შარშან ბათუმში "ოქროს ვარსკვლავის" კონკურსი ტარდებოდა, სადაც გრან-პრი ავიღე. შემდეგ მუსიკალურ კონკურსზე ბულგარეთში გამიშვეს. 2 ბავშვთან ერთად გამოვედი. ჩვენმა ტრიომ გრან-პრი აიღო.

გიზო ფუტკარაძე, ირაკლის მამა:

- 1982 წლიდან ანსამბლ "ჩელას" წევრი გახლავართ. "ჩელას" 50 წელი უსრულდება. თავდაპირველად, ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი იყო. ახლა მხოლოდ მომღერლები ვართ - 14 კაცი დავრჩით. ომის, არეულობის პერიოდი გამოვიარეთ. დღემდე სიმღერის სიყვარულით მოვედით.

- ბატონო გიზო, ირაკლი როგორი ბიჭია?

- დამჯერი კაცია! შრომაც უყვარს, სიმღერაც, მეგობრობაც და რაც მთავარია - ადამიანობა. ხალხური სიმღერებით ბავშვობიდან დაინტერესდა. ნინო კევლიშვილის მერე, ნანა ნოდიას სტუდია "მეგრიონში" დადიოდა. ახლა მერაბ როდონაიასთან ემზადება. მერაბი ახალგაზრდა, ნიჭიერი, მელომანი კაცი გახლავთ. ირაკლის ჯაზი და როკი მან შეაყვარა.

- ირაკლი, მოგვიყევი, რუხში როგორ ცხოვრობ?

- როცა მამას დახმარება სჭირდება, არ ვიზარებ და ყველანაირად ვეხმარები. მაგალითად: სიმინდის აღება-დათესვაში, მიწის დაბარვაში; ზამთარში შეშა არის საჭირო და შეშას ვჩეხ...

- და-ძმა გყავს?

- უფროსი ძმა და ტყუპისცალი და - ლიკა მყავს. დაიკო ჩემზე 1 თავით მაღალია (იცინის).

- მუსიკალური ნიჭი დაიკოსაც აქვს?

- რა თქმა უნდა. რამდენიმე სიმღერა ერთადაც გვიმღერია, კონცერტებზეც გამოვსულვართ. ძმაც მღერის, მაგრამ ახლა ჯარშია. მუსიკალური სმენა დედაჩემსაც აქვს, თავისთვის მღერის ხოლმე (იღიმის). მართალია, დედა ეკრანზე არ გამოჩენილა, მაგრამ ჩემს წარმატებაში მასაც დიდი წვლილი მიუძღვის.

- "საქართველოს ვარსკვლავში" მონაწილეობის სურვილი დაიკოს არ გამოუთქვამს?

- ჯერჯერობით, თავი შეიკავა.

- ტყუპს განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობა აქვს ხოლმე...

- კი, მე და ჩემს დასაც ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს.

- ირაკლი, განსაკუთრებულად რომელი ჟანრის სიმღერების შესრულება მოგწონს?

- 9-10 წლის ასაკში, როცა გოგი დოლიძის "ხმალი ავლესოთ" შემირჩიეს, მას შემდეგ ეს სიმღერა სისხლში გამიჯდა, თითქოს ჩემთვის დაწერეს. "საქართველოს ვარსკვლავის" კასტინგზე სულით და გულით ვიმღერე. ალბათ, ეს ხალხმაც შენიშნა. მეორე სიმღერა მერაბ როდონაიამ შემასწავლა. დღეს და ღამეს ასწორებდა, რომ ჩემთვის მაქსიმალურად კარგად ესწავლებინა. შედეგიც გამოჩნდა (იღიმის).

- ირაკლი, შეყვარებული არ გყავს?

- მყავს.

- ვინ არის შენი რჩეული?

- საბედნიეროდ, ისიც მღერის, თან - ძალიან კარგად. ერთი ნახვით შემიყვარდა (იცინის).

- სად შეხვდი?

- "ოქროს ვარსკვლავში" ჩემთან ერთად მონაწილეობდა. ჯერ ხომ თავად მან მომხიბლა, მაგრამ მისი ნამღერი რომ მოვისმინე, ამითაც მოვიხიბლე. მერე გულში ჩამივარდა.

- სიყვარულში როგორ გამოუტყდი?

- ჯერ არ გამოვტყდომივარ, მაგრამ ვგრძნობ, რომ მასაც ვუყვარვარ.

- მის მიმართ სიყვარულს როგორ გამოხატავ?

- "ფეისბუკზე" კომენტარებით, მესიჯებით, წერილებით... მოკლედ, ყველანაირად.

- თანასოფლელები ხართ?

- არა, ის ხობში ცხოვრობს.

- ხშირად ხვდებით?

- სამწუხაროდ, მხოლოდ ინტერნეტით კონტაქტს ვახერხებთ.

- ალბათ, "საქართველოს ვარსკვლავში" გამოჩენის მერე, შენს სოფელში განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობ.

- კი, დამინახავენ თუ არა, მაშინვე მცნობენ და ამბობენ: ეს ის ბიჭია, "საქართველოს ვარსკვლავში" რომ გამოვიდა, მოდი, უნდა გაკოცო, მოგილოცო, წარმატებას გისურვებ, აუცილებლად დაგიმესიჯებთო და ა.შ.

- ასეთი მშრომელი და ნიჭიერი ბიჭი, თავისუფალ დროს როგორ ერთობი?

- თავისუფალ დროსაც შემოვიტოვებ ხოლმე და მეგობრებთან ერთად, ფეხბურთით ან სხვა თამაშებით ვერთობი.

- შენი ცხოვრების მიზანი რა არის?

- მინდა, რომ პოპულარული მომღერალი გავხდე!

- წარმატებას გისურვებ!

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ასევე იხილეთ: 15 წლის ბიჭის საოცრად ემოციური შესრულება "საქართველოს ვარსკვლავში"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"