ლაურა ჯუღელია რუსული ბომონდის გამორჩეული წევრი და სასურველი საპატარძლო

ლაურა ჯუღელია რუსული ბომონდის გამორჩეული წევრი და სასურველი საპატარძლო

რუსეთში მოღვაწე წარმატებულ ქართველებს შორის ლაურა ჯუღელიაც ხშირად მოიხსენება. ის ცნობილი ჟურნალის, "ვოგის" რუსულ რედაქციაში მუშაობს, ელიტური ქრონიკის რედაქტორია. ცნობილია თავისი გამორჩეული სტილითა და გემოვნებით და რუსული ბომონდის აქტიური წევრიც არის.

ლაურას მეგობრებს შორის ცნობილი რუსების შვილები არიან. მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეგობარი იგორ კრუტოის ქალიშვილია, რომელიც ახლახან გათხოვდა და მისი დაოჯახების ამბავი ჟურნალისტებმა სწორედ ლაურასგან გაიგეს.

ლაურას საქმეც ავალებს, მუდამ ელიტაში ტრიალებდეს და არც ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება არ გამორჩეს - მას ხომ ელიტური ქრონიკა მიჰყავს ჟურნალში. არც თამამი სამოსის წარმოჩენას ერიდება, ახალ-ახალ სტილს ირგებს და რუსული ბომონდის თავყრილობებზე მისი გამოჩენა არასდროს რჩება შეუმჩნეველი. მას ხშირად რუს სარა-ჯესიკა პარკერსაც უწოდებენ სტილისა და გემოვნების ამგვარი შეგრძნების გამო.

27 წლის ლაურას უკეთ გასაცნობად ამჯერად მის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუს გთავაზობთ:

"პოპ გოგო ვარ!"

- ვინ არის ლაურა ჯუღელია?

- სიმართლე გითხრათ, არ მიყვარს ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა, რადგან ამ დროს ყოველთვის იმაზე ვფიქრობ, როგორ ვუპასუხო. ალბათ, პირველ რიგში, ვარ უბრალოდ ადამიანი, ვიღაცის შვილი, ვიღაცის მეგობარი, ვიღაცის გოგო. არ მინდა, ელიტურ ცხოვრებასთან ან რაღაც ამგვართან ვიყო ასოცირებული, მინდა ვიყო ჩვეულებრივი ადამიანი, როგორც ყველა.

- ლაურა, ხშირად წერ მუსიკალურ შემსრულებლებზეც. თავად როგორი მუსიკა გიყვარს?

- საერთოდ, მე ნამდვილი პოპადამიანი ვარ და ნებისმიერი თანამედროვე პოპჰიტი შეიძლება იქცეს ჩემს ფავორიტად. მაგალითად, მადონას ბოლო სიმღერაზე ვგიჟდები, მას გამუდმებით ვუსმენ. ჩემი მეგობრის, ლიოშა ბოკოვის დაბადების დღეზე ახალი რუსი მომღერალი ივან დორნი აღმოვაჩინე და ახლა მის ფანკლუბშიც ვარ. ის ძალიან მაგარია! ჩემთვის ყოველთვის დარჩება უსაყვარლეს მუსიკოსად მაიკლ ჯეკსონი და "ბექსთრით ბოისი". ხომ გეუბნებით, პოპგოგო ვარ.

- ბავშვობაში ვინ გინდოდა, გამოსულიყავი და როგორ მოხვედი დღევანდელ საქმიანობამდე?

- ბავშვობაში ვოცნებობდი მსახიობობაზე ან ტელეწამყვანობაზე. ახლა კი ჟურნალ "ვოგში" ელიტური ქრონიკის რედაქტორად ვმუშაობ. ეს კი მართლაც "არარეალურის" სერიიდან არის, ის, რაზე ოცნებაც წარმოუდგენელია. ყოველთვის მჯეროდა და დღესაც მჯერა, რომ თუ რაღაცაზე ოცნებობ, ეს რეალურია და ჩვენ რომ ვიცოდეთ, მართლაც სინამდვილეში რამდენი პოტენციალია ჩვენში, არ დავიჯერებდით. არასდროს არის გვიან, ირწმუნო საკუთარი თავის! ისე კი, ჩემი მთავარი ოცნება იყო, MTV-ზე მემუშავა და ლეონარდო დი კაპრიოსთან ერთად მეთამაშა ფილმში (იცინის).

- ჟურნალისტიკაში როგორ მოხვდი და მით უმეტეს, "ვოგში"?

- მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დავამთავრე. ეს ძირითადად მშობლების ინიციატივა იყო. მშობლები ხომ ყოველთვის ფიქრობენ, რომ უკეთ იციან, რა გვინდა და ვინ გვსურს, გავხდეთ. შეიძლება, რაღაცაში მართლები არიან, რადგან როცა 16-17 წლის ხარ, გიჭირს იმის გაგება, მომავალში რაში იქნები წარმატებული, რაში გამოავლენ უკეთ თავს. თუმცა მაინც, ადამიანმა ბავშვობიდან იცის, რისი უნარი აქვს. მე ყოველთვის ვიცოდი, რომ ურთიერთობების უნარი მქონდა, ძალიან მიყვარს ადამიანები და ამიტომაც უამრავი ნაცნობი მყავს. მიყვარს ადამიანების ცხოვრების შესახებ ამბების მოსმენა და გაგება. არიან ადამიანები, რომლებიც გეკითხებიან - "როგორ არის საქმეები?" და პასუხს არ ელოდებიან, მე კი მართლა ყოველთვის ველოდები, მართლა მაინტერესებს, როგორ არის ესა თუ ის ადამიანი.

როცა უნივერსიტეტს ვამთავრებდი, ვიცოდი, რომ საელჩოში ან სამინისტროში არ წავიდოდი სამუშაოდ. პირველივე დღიდან ტელევიზიაში ვეძებდი სამსახურს, MTV-ზეც ვიყავი, ვცდილობდი იქ დამკვიდრებას, მაგრამ რაღაც კასტინგი რომ გავიარე, მივხვდი, კამერის წინ დგომა და ლაპარაკი არც ისე იოლია.

ერთ-ერთ ღონისძიებაზე გავიცანი ადამიანი, რომელიც ჩემით დაინტერესდა და პირველ არხზე მიმიწვია სამუშაოდ, გადაცემაში "დიდი გამყინვარება". პირველ თვეებში კასეტებს დავატარებდი, ვაკვირდებოდი, ინტერვიუებს ვამზადებდი. ორწლიანი მუშაობის მერე მივხვდი, რომ წინსვლა მინდოდა. სწორედ მაშინ გავიგე, რომ "ტატლერში" ეძებდნენ ელიტური ქრონიკის განყოფილების რედაქტორს. გასაუბრებაზე მივედი და მეორე დღესვე დამიბარეს სამუშაოდ. "ტატლერში" ერთი წელი ვიმუშავე, მერე "ვოგში" გადასვლა შემომთავაზეს. ეს კი ნებისმიერი გოგონას ოცნებაა ალბათ და უარი არ მითქვამს.

"გჯეროდეთ სიყვარულის!"

- სად იცხოვრებდი?

- ბედნიერი ვარ იქ, სადაც ახლა ვცხოვრობ, ანუ მოსკოვში. მაგრამ ოდესმე გადავიდოდი ლოს-ანჯელესში, ის ჩემი მეორე სახლია, იქ მყუდროდ და კომფორტულად ვგრძნობ თავს, იქ ყველა "ახლობელია".

- რა არის შენი ძირითადი ცხოვრებისეული პრინციპები?

- არასდროს დავნებდე, მჯეროდეს იმის, რომ ნებისმიერი სიტუაცია ცხოვრებაში რაღაც უკეთესის საწინდარია და თუ შემოქმედი არ გაძლევს იმას, რაც გინდა, ეს იმიტომ კი არა, რომ არ იმსახურებ, არამედ იმიტომ, რომ გაცილებით მეტს იმსახურებ.

- უქმეებს როგორ ატარებ?

- მთელი კვირა სამუშაოზე ვარ და ოჯახთან ურთიერთობას ვერ ვახერხებ, ამიტომ ვცდილობ, უქმეები აგარაკზე მშობლებთან, დასთან, მის ქმართან და შვილებთან გავატარო.

- თქვენთვის ვინ არის სტილის დედოფალი?

- დედაჩემი.

- მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი ხარ, ყველა ღონისძიებას ესწრები, შენზე თითქმის არაფერია ცნობილი, პირად ცხოვრებას მაქსიმალურად მალავ...

- ესეც ერთ-ერთი ცხოვრებისეული პრინციპია, რომ სამუშაო და პირადი ცხოვრება არ აირიოს ერთმანეთში. ეს აუცილებელია ოჯახის და ასევე პირადი ცხოვრების დასაცავად.

- შენს მკითხველ ქალებს რას ურჩევდი?

- დააფასეთ ახლობელი ადამიანები და არ დაგავიწყდეთ მათთვის ამის თქმა. გჯეროდეთ სიყვარულის! ის არსებობს!

- უახლოესი მომავლის გეგმები...

- მინდა, გავთხოვდე და შვილები გავაჩინო. მეტისმეტად ბევრს ვშრომობ და ყოველთვის ვიმუშავებ. უკვე 27 წლის ვარ და დროა, ოჯახზეც დავფიქრდე. კარიერა არსად გაიქცევა, დედობა კი ძალიან მინდა. რაც შეეხება სამუშაოს, ან დავრჩები ჟურნალში, ან ტელევიზიაში გადავალ.

მოამზადა ლელა ზურებიანმა

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება