იუმორისტულ პროგრამა "იუმორინას" მონაწილე ხვიჩა მაღლაკელიძე პროფესიით ინგლისური ენის სპეციალისტია. ბატონმა ხვიჩამ არც ამჯერად დაიშურა იუმორი და ჩვენი საუბარი საკმაოდ მხიარულად წარიმართა:
- წერა-კითხვა საბავშვო ბაღში უკვე ვიცოდი და ოთხი-ხუთი წლისა ორ ენაზე, ქართულად და რუსულად ვწერდი და ვკითხულობდი, რადგან რუსულ ბაღში დავდიოდი. ნიჭიერ ბავშვად მთვლიდნენ, უამრავი ლექსი ვიცოდი ზეპირად. თან ისე არტისტულად ვკითხულობდი, სიცილით იგუდებოდნენ. მახსოვს, ბაღში კომისია რომ მოვიდოდა შესამოწმებლად, შუადღისას დაძინებულს ამაყენებდნენ და "დამქოქავდნენ". მეც ყველაფერს სიმღერ-სიმღერით ჩამოვარაკრაკებდი. იმხანად უამრავი რადიოსპექტაკლი ვიცოდი ზეპირად და მსახიობის როლსაც ვირგებდი ხოლმე. ჩემი დის, მეგის დამსახურებაა, ამდენი რამ რომ ვიცოდი. მეგი რომ სტუდენტი გახდა და თბილისში წავიდა, დედაჩემი მაშინებდა, კარგად ისწავლე, თორემ ამ საღამოს მეგი ბათუმში ბრუნდება და ყველაფერს ვეტყვიო. მეგის წყალობით მართლაც ბევრი რამ ვისწავლე და გავიგე საფუძვლიანად. მეგის დამსახურებაა ისიც, რომ გზას არ ავცდი და ქუჩაში "დაბირჟავების" ნაცვლად შინ ვიჯექი და ვკითხულობდი, თორემ ჩემი ბავშვობა ისეთ პერიოდს დაემთხვა, ან ნარკომანი უნდა გავმხდარიყავი, ან მეზობლის "ბაითი" უნდა გამეტეხა და იქიდან "პრისტავკა" მომეპარა (იცინის). მე კი წიგნისა და გიტარის გარდა არაფერი მაინტერესებდა.
- ნათქვამია, უინტელექტო მუსიკოსი ცუდი მუსიკოსიაო...
- ნამდვილად ასეა. ყოველი ნოტი სიტყვაა, ამ სიტყვებისგან წინადადება უნდა შეადგინო და აზრი მუსიკალურად გამოხატო. ამიტომაც მეტყველებს მუსიკა მისი ავტორისა თუ, უბრალოდ, შემსრულებლის განათლებასა და ინტელექტზე. მსმენელზეც ბევრი რამაა დამოკიდებული - ზოგს "წითელი ბასანოჟკების" დონის მუსიკა მოსწონს, ზოგს კი - ლუჩანო პავაროტის რეპერტუარი. მუსიკოსმა უნდა შეძლოს, ყველანაირ მსმენელს მისთვის გასაგებ ენაზე ესაუბროს.
- ზღაპრები გიყვარდათ?
- ვგიჟდებოდი, დაწყებული ტაჯიკურითა და უზბეკურით, ქართული ხალხური ზღაპრებით დასრულებული. იმდენჯერ მაქვს ეს ზღაპრები წაკითხული, რომ წიგნები ხელში შემომაცვდა. სამწუხაროდ, ბევრმა ბავშვმა ასფურცელასა და ბაყბაყდევის გარდა, ქართული ზღაპრის სხვა გმირები არც კი იცის. სამაგიეროდ იციან, რომ ჩანჩქერთან თუ გადაიღებ ფოტოს, ხელში ქოლგა უნდა გეჭიროს - "რუსთავი 2"-ზე მიკი მაუსზე სერიალი რომ გადის, ეს იქ არის ნაჩვენები. ასევე იციან, რომ ციფრი 6 მოერევა სპილოს და ა.შ. ასეთ იდიოტობებს ასწავლიან დღევანდელ ბავშვებს. შეგიძლიათ, გამაგებინოთ, რა კავშირია ციფრ 6-სა და სპილოს შორის?
- სერიოზული ლიტერატურის კითხვა რა ასაკში დაიწყეთ?
- ძალიან ადრე, მეხუთე კლასში წამაკითხა ჩემმა დამ ბულგაკოვის "ოსტატი და მარგარიტა".
- ბიბლია უკვე წაკითხული გქონდათ?
- არა და ამიტომაც ვერაფერი გავიგე. აქაც ჩემი და დამეხმარა - მიხსნიდა ბიბლიურ პარალელებს. დიდობაში ხელახლა რომ წავიკითხე ეს ნაწარმოები, მერეღა მივხვდი, რატომ წავიდა სატანა ვოლანდი თავისი ამალით მოსკოვიდან - იქ სტალინი ცხოვრობდა და ორი სატანის ადგილი აღარ იყო. არადა, თავდაპირველად ამ ყველაფერს, როგორც ზღაპარს, ისე ვკითხულობდი და კატაზე ვხარხარებდი. იმხანად წავიკითხე ო'ჰენრი და ედგარ ალან პო რუსულად. პოს მოთხრობების წაკითხვის შემდეგ კარგა ხანს ღამით საპირფარეშოში შესვლისა მეშინოდა. პარადოქსია, მაგრამ ბულგაკოვისა და პოს შემდეგ კარლსონზე ვიყავი შეყვარებული. ისე მიყვარდა, რომ ღამით ფანჯრებს ღიას ვტოვებდი, რაფაზე მურაბით სავსე ლამბაქს ვდგამდი და მჯეროდა, ჩემს ოთახშიც შემოფრინდებოდა. ისე მიყვარდა ეს ღიპიანი მფრინავი კაცი, რომ ამ სიბერეში ღიპითაც მას დავემსგავსე. შემდეგ დუმბაძეზე "შევჯექი" და დღემდე მისი ყველა მოთხრობა თუ რომანი ზეპირად, სიტყვასიტყვით ვიცი. შემდეგ გავგიჟდი ილფისა და პეტროვის "12 სკამზე" და "ოქროს ხბოზე". მიკვირს, "ოქროს ხბოს" გამო რატომ არ დაიჭირეს ავტორები... ძალიან მომწონს იუზ ალიშკოვსკის მოთხრობები. ძალიან სახალისო მოთხრობები აქვს. რა ვქნა, გადავიღალე პრობლემებით, მოღუშული სახეების ცქერით, ამიტომაც ცხოვრებას იუმორისტული ნაწარმოებებით ვიმხიარულებ. ვგიჟდები არტურ კონან დოილზე, აგატა კრისტიზე. ჩემი უფროსი ვაჟი რომ იბადებოდა, სამშობიაროში კონან დოილის წიგნი მქონდა წაღებული და მოსაცდელში ვკითხულობდი (იცინის).
- რომელიმე ნაწარმოების პერსონაჟი ქალი თუ შეგყვარებიათ?
- დუმბაძის ხატია მიყვარდა ძალიან. ალბათ, იმიტომ, რომ ავტორი აღმერთებს ამ გოგოს. ჩემი მეუღლე, მარი ჩახვაძე, ძალიან ჰგავს პეპისა და მერი პოპინსს. ძალიან მხიარული და ოინბაზია. ათას მაიმუნობას იგონებს და ბავშვებს ართობს. აი, ჩემი მეუღლის ბებიას კი, რომელმაც მეოთხე სართულიდან ცხელი ბორშჩი გადმომასხა, როცა მომავალ მეუღლეს სერენადას ვუმღეროდი, აზაზელოს ვამსგავსებ, მართლა უდაბნოს დემონია. ახლაც ცოცხალია, აზაზელო უკვდავია (იცინის)!
- თანამედროვე ლიტერატურას ეცნობით?
- არა! იმდენი ექსპერიმენტი ტარდება და ისე ორიგინალობენ თანამედროვე მწერლები, რომ... ცდილობენ, არავის ჰგავდნენ და ეს ყველაფერი უსახურობაში გადაიზარდა. თანამედროვე მწერლები არავის კი არა, არაფერს ჰგვანან. ფრანგულ ავანგარდს მაგონებენ, ტარაკანს რომ ამოავლებენ განავალში, ტილოზე გაატარებენ და ამ კვალს შედევრად გამოაცხადებენ. ეს თანამედროვე ლიტერატურა კი არა, საცოდაობაა.
- დღევანდელი საქართველო რომელ ლიტერატურულ ნაწარმოებს გაგონებთ?
- კონან დოილის დეტექტივებს. ვიდრე ბოლო ფურცელს არ წაიკითხავ, ვერ მიხვდები, ვინ ვინ მოკლა და ვინ ვის რა დაუშავა.
ესაუბრა ნინო მაისურაძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)