რა გახდა მაია ხასიას გათავისუფლების მიზეზი?

რა გახდა მაია ხასიას გათავისუფლების მიზეზი?

გასულ კვირას ჟენევიდან დაბრუნებულ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროს მაია ხასიას სოზარ სუბარმა სიურპრიზი დაახვედრა - თანამდებობიდან გაათავისუფლა. მართალია, იგი პრობაციის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელად გადაიყვანეს და ამას სამინისტრომ ჩვეულებრივი საკადრო გადაადგილება უწოდა, მაგრამ ფაქტია, ეს ასე არ არის: გავრცელებული ინფორმაციით, ხასიას დათხოვნა უკავშირდება მის დაპირისპირებას სასჯელაღსრულების გენინსპექციის უფროსთან, მირზა სუბელიანთან. იგი ამ თანამდებობაზე არჩევნების შემდეგ დაინიშნა, ადრე რუსთავში პროკურორად მუშაობდა და არაერთი ყოფილი პატიმარი უჩივის.

გაზეთ "კვირის პალიტრაში" პოლიტპატიმარი თორნიკე არევაძე სუბელიანს პირდაპირ ამხელს მის დაკავებაში. აცხადებს, რომ მირზა სუბელიანი შეთითხნილი ბრალდებებით უშვებდა რეჟიმის მოწინააღმდეგეებს ციხეში და მისი სახელი ფიგურირებს ყველა რუსთაველი პოლიტპატიმრის საქმეში. ისიც ფაქტია, რომ მინისტრ სოზარ სუბარს არაერთი საკადრო ცვლილება დაუწუნეს და ატეხილი ხმაურის გამო რამდენიმე კანდიდატურის დანიშვნისთანავე გათავისუფლება მოუხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მირზა სუბელიანი თურმე აქტიურად ერევა საკადრო ცვლილებებში და ცდილობს, გავლენის ქვეშ მოაქციოს სისტემა. როგორც ამბობენ, იგი სოზარ სუბარის ნათესავია და ამიტომაც, სისტემაში მშვიდად გრძნობს თავს. მართალია, პრესსამსახურის უფროსი, ირაკლი კორძაია ამბობს, რომ არანაირი დაპირისპირება ხასიასა და სუბელიანს შორის არ იყო და ეს ჭორია, მაგრამ ისიც ფაქტია, ხასიას გათავისუფლებას წინ უძღოდა მის წინააღმდეგ აგორებული კამპანია. მისი საწინააღმდეგო არაერთი სტატიაც დაიბეჭდა, რომლებსაც ხშირად ავტორიც არ ჰყავდა.

- ქალბატონო მაია, რამდენად მოულოდნელი იყო თქვენთვის ეს გათავისუფლება?

მაია ხასია:

- რეალურად გათავისუფლება არ მომხდარა, მოხდა პირდაპირ გადაყვანა სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. წლების მანძილზე ბევრი ორგანიზაციის საერთაშორისო ტრეინერი ვიყავი და ჩემთვის ეს ცენტრი ძალზე ახლობელია. გახსნის დღიდან ამ ცენტრის ტრეინერი ვარ და მუშაობა აქ არ გამიჭირდება, მაგრამ უამრავი გეგმა მქონდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, რაც განუხორციელებელი დამრჩა და ამაზე გული მწყდება.

- გათავისუფლებამდე არაერთი ბრალდება გაისმა თქვენი მისამართით და არც ერთ მათგანზე პასუხი არ გაგიციათ. მაშინ არ ფიქრობდით, რომ ვიღაც სერიოზულად გებრძოდათ? პირდაპირ ითქვა, რომ თქვენ "ნაციონალების" კადრი იყავით.

- მეც წავიკითხე ეს სტატიები და სიმართლე გითხრათ, ცუდად მენიშნა. შავი პიარი საქართველოში თანამდებობის პირების წინააღმდეგ ახალი არ არის, მაგრამ აშკარა იყო, რომ ვიღაც მებრძოდა. იმდენად უსუსური იყო გავრცელებული ინფორმაციები, რომ თავი შეურაცხყოფილადაც ვიგრძენი... მაგალითად ის, რომ მე ბაჩო ახალაიას მარჯვენა ხელი ვიყავი... ეს არის სრული აბსურდი. ამ ადამიანს საერთოდ არ შევხვედრივარ, არ ვიცნობ. როცა ის სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მოვიდა უფროსად, მე სისტემიდან უკვე წამოსული ვიყავი. ამის გადამოწმება ძალიან ადვილია. მაშინ იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი ვიყავი.

- თქვენი ფუნქცია ხომ სასჯელაღსრულების სისტემის გაკონტროლება იყო, ამას ვერ ახერხებდით?

- როცა დავინახე, რომ ჩემი ჯგუფი პრაქტიკულად მონიტორინგს ვერ ახორციელებდა, რადგან ამის შესაძლებლობა არ ეძლეოდათ, დავწერე განცხადება და სამმართველოს უფროსის თანამდებობიდან წამოვედი. მიმაჩნდა, რომ ჩემს საქმეს ვერ ვაკეთებდი... ამის შემდეგ წავედი საერთაშორისო ორგანიზაციაში პროექტების კოორდინატორად და 2012 წლის 1-ლი ნოემბრამდე იქ ვიყავი. არასდროს არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, საერთოდ აპოლიტიკური ადამიანი ვარ. ამიტომ სრული აბსურდია, რაც მოიგონეს და "ნაციონალად" შემრაცხეს. მეორე აბსურდული ბრალდება ის იყო, თითქოს მე ვმალავდი, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში ვიყავი ნამუშევარი. ვინც ჩემს წარდგენას უყურა, ყველამ მოისმინა მინისტრის ნათქვამი, რომ მე სისტემაში წლების მანძილზე ნამუშევარი კადრი ვიყავი და დანიშვნის ერთ-ერთი საფუძველი სწორედ ეს იყო. კიდევ ითქვა, თითქოს მე მყავს და - იზოლდა ხასია, რომელსაც დაუკავშირეს გარკვეული სკანდალი ციხეებში - თითქოს ჩემმა დამ, იზოლდა ხასიამ, თავის შვილს ციხეში ტელეფონი მიაწოდა. იზოლდა ხასია ჩემი და არ არის. ვუთხარი თანამშრომლებს, წასულიყვნენ სისტემაში და განცხადება დაეწერა იმ ადამიანს, ვინც ამ ფაქტის შესახებ იცოდა და ვინც დაინახა, რომ პატიმართან ტელეფონი შეიტანეს.

დაწერა განცხადება, მომიტანეს კანცელარიაში გაუტარებელი. უკან დავაბრუნე და მოვთხოვე, ოფიციალურად გაეტარებინათ და ეს შესაძლებელია მონიტორინგის ჯგუფმა დაადასტუროს. როგორ შევიდა ის ტელეფონი სისტემაში, ამის გასარკვევად ჩემი რეზოლუციით ეს საქმე გადაეგზავნა საგამოძიებო სამსახურს. აქედან გამომდინარე, ამით კიდევ ერთხელ ვიღაცას გაუცრუვდა იმედი... მერწმუნეთ, ოჯახის წევრსაც არ ვაპატიებდი დარღვევას. ასეთ აბსურდულ ფაქტებზე პასუხის გაცემა საჭიროდ არ ჩავთვალე, მაგრამ როგორც ვხვდები, შეცდომა იყო. "კავკასიაზე" აქუბარდიამ თქვა, თითქოს მე გამოვიწერე ჩემთვის 15.000 ლარი, პრემიის სახით. ესეც ტყუილია, რადგან დეპარტამენტის თავმჯდომარეს მინისტრი აძლევს პრემიას.

- რეალურად ეს თანხა არ მიგიღიათ?

- დეკემბრის თვეში მინისტრის ბრძანებით 4.000 ლარი დამირიცხეს პრემიის სახით და არა - 15.000 ლარი. საკმაოდ დაბალია დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხელფასი იმ სამუშაოსთან შედარებით, რასაც ის ასრულებს. მერწმუნეთ, 5 თვე პრაქტიკულად არ გამოვსულვარ იქიდან. 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობდი და თან იცით, ყველაზე რთული პერიოდი იყო სისტემაში. პირველ თვეს მიღებაზე 1000 ადამიანი მყავდა. გადამოწმებადია ეს ყველაფერი და ამის დოკუმენტები არსებობს.

- ამ ბრალდებას მაინც რატომ არ უპასუხეთ?

- ამ ბრალდებას აუცილებლად ვუპასუხებდი, მაგრამ მეორე დღეს ჩემთან მოვიდა დავით აქუბარდია, მე მას დავულაგე ოფიციალური დოკუმენტები, რომ ეს სიცრუე იყო. მეორე დღეს მან ეთერში თქვა, რომ არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს და ბოდიში მოიხადა. თუმცა, მაქვს ინფორმაცია, რომ ისევ დაურეკეს და უთხრეს, თითქოს ყალბი დოკუმენტები ვაჩვენე. ვაპირებდი პირდაპირ ეთერში მისვლას, მაგრამ იმ ღამეს მივფრინავდი ჟენევაში და სასწრაფოდ მოხსენება მქონდა დასაწერი. დავპირდი აქუბარდიას, რომ ჟენევიდან ჩამოსვლის შემდეგ მივიდოდი და ყველა კითხვას გავცემდი პასუხს. დავბრუნდი და გადამაყენეს თანამდებობიდან.

- ფაქტია, ამ გათავისუფლებას წინ დიდი ბრძოლა უძღოდა, ალბათ ამაზეც გექნებათ პასუხი და გეცოდინებათ, ვის არ აძლევდა ხელს თქვენი იმ თანამდებობაზე ყოფნა?

- ეჭვი ბევრ რამეზე მაქვს, მაგრამ სანამ ეს ეჭვი არ დადასტურდება, ჩემს თავს არ მივცემ უფლებას, რომ ამას სახელი დავარქვა.

- მაშინ მე გკითხავთ: გავრცელებული ინფორმაციით, თქვენ დაგიპირისპირდათ გენინსპექციის უფროსი, მირზა სუბელიანი, რომელიც სუბარის ნათესავია. როგორ ფიქრობთ, სუბელიანმა ხომ არ ითამაშა გადამწყვეტი როლი თქვენს გათავისუფლებაში?

- სიმართლე გითხრათ, ჩვენ შორის სამსახურებრივი ურთიერთობა იყო. მანამდე არ ვიცნობდით ერთმანეთს, მეგობრები არ ვყოფილვართ. ამ ურთიერთობას კონფლიქტს ვერ დავარქმევ. აზრთა სხვაობა იყო, მაგრამ კონფლიქტი - არა.

- ქალბატონო მაია, აქტიურად საუბრობენ, რომ ციხეებში ისევ ქურდული სამყაროს წარმომადგენლებმა მოიკიდეს ფეხი და ზონები ისევ "გაშავდა"... ეს მართალია?

- ჩვენ სისტემაში ციხის სკანდალის შემდეგ მოვედით. იმ საშინელი კადრების გავრცელების შემდეგ იყო შუალედური ხელისუფლება, რომელმაც მეტი თავისუფლება მისცა ამ ხალხს... იმ ხელმძღვანელებმაც ალბათ იცოდნენ, რომ მოკლე პერიოდით იქნებოდნენ თანამდებობებზე და ბუნტი რომ არ მომხდარიყო ან რაიმე უსიამოვნება, ამიტომ მეტი თავისუფლება მისცეს პატიმრებს. ჩვენი მოსვლის შემდეგ კი დაიწყო "ჭიდაობა", რომ კანონთან შესაბამისობაში ყოფილიყო ყველაფერი. კრიმინალები ყოველთვის შეეცდებიან, უფლებები ჰქონდეთ. ეს ხდება ყველა ქვეყანაში და საქართველო არ არის გამონაკლისი. ჩვენ შევძელით, რომ ციხეებში ადამიანის წამება მოისპო. არაერთი ადამიანი მიეცა ამის გამო პასუხისგებაში. არც ერთი პატიმრის განცხადება რეაგირების გარეშე არ დარჩენილა. დაიხურა საშინელი პირველი საპყრობილე. დაიკეტა მეცხრე დაწესებულება, რომელიც ასევე ცუდ მდგომარეობაში იყო. მესამე საპყრობილე გათავისუფლდა პატიმრებისგან და იქ დაიწყება რემონტი. სისტემაში შეიქმნა ფსიქოლოგის ინსტიტუტი, რადგან იმ წამების შემდეგ პატიმრებს დახმარება აუცილებლად სჭირდებათ. მსჯავრდადებულებს მიეცათ საშუალება, რომ სამართლებრივი კონსულტაცია მიიღონ. ვფიქრობ, - "ციხეები გაშავდა", ძალიან ხმამაღალი ნათქვამია. საზოგადოება ძალიან მგრძნობიარეა ამ სისტემის მიმართ, მით უფრო იმ ფაქტების მერე. ძნელია, ადამიანებს მოკლე დროში შიში გაუქარწყლო. 24 საათის განმავლობაში სოცსამსახურისა და მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები იყვნენ ციხეებში, რომ არ მომხდარიყო რაიმე დარღვევა. დაწყებული გვქონდა მუშაობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მდგომარეობის შესწავლაზე პენიტენციარულ სისტემაში. სისტემაში არ გვაქვს მომვლელის ინსტიტუტი და ეს უნდა დაგვენერგა.

- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატიმარი მრავლადაა?

- ამნისტიამ ბევრი გაუშვა, მაგრამ ისევ რჩებიან. ბევრია ისეთი, რომელსაც გადაადგილება უჭირს და მოვლა სჭირდება. სხვა მსჯავრდადებულები უვლიან მათ. ჩვენ მართლა ვაკეთებდით საქმეს და გაკეთებულზე არ ვსაუბრობდით. ვფიქრობდით, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იმ პრობლემების მოგვარება იყო, რაც იქ დაგვხვდა და არ მიფიქრია, რომ პიარი უნდა მეკეთებინა. ისე ალბათ ჯობდა, გვესაუბრა ამ საკითხებზეც.

- რაც შეეხება კადრების დანიშვნას, თქვენი შერჩევით დაინიშნნენ დაწესებულებების დირექტორები თუ ამაში მირზა სუბელიანი აქტიურად ერევა?

- მინისტრის რეკომენდაციით მოსულ კადრებს ვნიშნავდი. მე ამაში არ ვერეოდი. კადრების საკითხზე საუბრისგან თავს შევიკავებ. მხოლოდ იმას ვაცხადებ, რომ სულ 10-მდე ადამიანს გავუწიე რეკომენდაცია.

- რაზე გწყდებათ გული?

- გული მწყდება, რომ ბევრი იდეა განუხორციელებელი დამრჩა.

გავრცელებული ბრალდებების შესახებ კომენტარის მიღება თავად მინისტრთან, სოზარ სუბარისგან ვცადეთ, მაგრამ როგორც პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ირაკლი კორძაიამ გვითხრა, მინისტრი საქართველოში არ იმყოფება - სამუშაო ვიზიტით ბელგრადშია წასული. ამ ფაქტის ირგვლივ სამინისტროს სახელით თავად ირაკლი კორძაიამ გააკეთა კომენტარი. ამბობს, რომ მირზა სუბელიანის ირგვლივ ჭორია აგორებული და ინფორმაციები სიმართლეს არ შეესაბამება.

ირაკლი კორძაია:

- არანაირი დაპირისპირება მაია ხასიასა და მირზა სუბელიანს შორის არ ყოფილა. ეს ძველი თემაა და უკვე გავიარეთ. სუბელიანი არის გამოცდილი კადრი. არც სუბელიანს და არც დანარჩენ ადამიანებს, რომლებსაც თანამდებობები უკავიათ სამინისტროში, არ სცალიათ დაპირისპირებისთვის. მერწმუნეთ, ისინი თავიანთ საქმეს აკეთებენ. მირზა სუბელიანს აქვს კონკრეტულად თავისი სფერო, ის არის გენერალური ინსპექციის უფროსი. მისი მუშაობის შედეგად ბევრი უღირსი ადამიანი გათავისუფლდა სისტემიდან...

- გავრცელებული ინფორმაციით, სუბელიანი საკადრო ცვლილებებში აქტიურად ერევა, ამას არ ადასტურებთ?

- კიდევ ვამბობ: მას აქვს თავისი სფერო და თავის სამსახურში ის გარკვეულ გადაადგილებებს თუ ახდენს, მას ამის უფლება აქვს. დანარჩენი კადრების დანიშვნასა და საკადრო გადაადგილებებში ის არ ერევა.

- მას ყოფილი პოლიტპატიმრები უკანონო დაკავებაში ამხელენ, მისი პროკურორობის პერიოდში. ამაზეც ხომ არ გაქვთ პასუხი?

- ბატონი მირზა სუბელიანი მე სასჯელაღსრულების სამინისტროში გავიცანი, როგორც ხელმძღვანელი პირი და ძველ საქმიანობაზე ვერანაირ პასუხს ვერ გაგცემთ.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ