როგორ მოიტაცა საცოლე კობა ბარათელმა

როგორ მოიტაცა საცოლე კობა ბარათელმა

იმერეთის შუაგულში დაიბადა. ბავშვობაში თალიკო მასწავლებელს დაჰპირდა, მშენებელი გამოვალ და სიარული რომ გიჭირთ, პირველ სართულზე მოგცემთ ბინასო. სურვილი ვერ შეუსრულა, მაგრამ ეკრანზე განსახიერებული როლებით კი გააკვირვა დაწყებითი კლასების პედაგოგი. მისთვის "კავეენი" იყო საშუალება, რომელმაც შემდგომი განვითარების გზა აჩვენა. უკვე ბევრი წელია კობა ბარათელი "კომედი შოუს" ჯგუფში ირიცხება. დღეს მის ცხოვრების გზას გავუყევით და გზადაგზა საინტერესო დეტალებიც აღმოვაჩინეთ.

- იმერეთის შუაგულში, ქალაქ ქუთაისში დავიბადე. რომ დავიბადე, ამხელა არ ვიყავი, იმიტომ, რომ გამოცდილება არ მქონდა მაშინ (იცინის), თან დედას მშობიარობის ამბავიც გავითვალისწინე და 3 კილო და 700 გრამი გავჩნდი. ისე, მაშინ ჩემი სასწორით არ დავდიოდი და არ ვიცი, შეიძლება მომატყუეს კიდეც. დედა ფილოლოგი გახლავთ. მამა სამთო ინჟინერია. მაღაროში მუშაობდა და ტყვარჩელში გადავედით საცხოვრებლად, აფხაზეთში.

- დედმამიშვილი გყავს?

- კი, კახაბერ ბარათელი, სამი წლით უმცროსია ჩემზე. იმერეთში ასე ამბობენ, სამი წლით ჯობიაო. ასე რომ, სამი წლით ვჯობივარ კახას. ერთხელ ბებიაჩემის ასაკს ვიხსენებდით და რომ ვერ დავადგინეთ, გამახსენდა, ასე ამბობდა, ბაბუაშენი შვიდი წლით მჯობდაო.

- ბებიები და ბაბუები თუ ერეოდნენ თქვენს აღზრდა-განათლებაში?

- მამაჩემის მამა 1974 წელს გარდაიცვალა. მაშინ 5 წლის ვიყავი და კარგად არ მახსოვს. მეორე ბაბუა 1942 წელს გარდაიცვალა ქერჩში. ორივე ბებიას მარიამი ერქვა. მივლიდნენ, მათამამებდნენ. თვალში რომ ჩავვარდნოდი, თითს არ ამოისვამდა არც ერთი, განსაკუთრებით დედაჩემის დედა, უსაყვარლესი შვილიშვილი ვიყავი მისთვის. მშობლები მუშაობდნენ. სანამ ქუთაისში ვცხოვრობდით, ბებია მივლიდა, ტყვარჩელში რომ გადავედით საცხოვრებლად, ისეთი საყვარელი და ლამაზი ბავშვი ვიყავი, მეზობლებს ჩხუბი ჰქონდათ, არა მე გავზრდი, არა მეო. ჭკვიანი ბავშვი ვიყავი. ხელს არავის ვუშლიდი, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ არც კომპიუტერი იყო და არც ინტერნეტი. ჩემთვის ვთამაშობდი.

- რით ერთობოდით საბჭოთა ბავშვები?

- ონკანთან ვერთობოდით. გავაღებდით, დავკეტავდით, ისევ გავაღებდით, ისევ დავკეტავდით და ასე...

- მშობლებიდან რომელი უფრო მკაცრი იყო?

- ჩემი ძმის მიმართ არც ერთი. ეშმაკი იყო კახა, როგორც კი შეატყობდა, რომ მის დასჯას აპირებდნენ, მაშინვე საპირფარეშოში ჩაიკეტებოდა და არ გამოდიოდა, სანამ მოსალოდნელი საფრთხე არ გაივლიდა. მე პირდაპირ ვხვდებოდი პრობლემებს, თვალს თვალში ვუყრიდი, ხშირ შემთხვევაში წკეპლაც მომხვედრია მამისგან.

- რას აშავებდი ასეთს?

- სიგარეტის მოწევაზე დავისაჯე ძალიან მკაცრად. მე-9 კლასში ვიყავი, ნამწვავი რომ ჩავტოვე საპირფარეშოში. კვალი არ გავაქრე. დილით დედაჩემმა მითხრა, მამაშენი გადარეულია და არ ვიცი, საღამოს გადაურჩები თუ არაო. საღამოს რომ მოვიდა მამა სახლში, ჯერ არაფერი მითხრა, ვიფიქრე, დედაჩემმა მომატყუა-მეთქი. ხანმოკლე აღმოჩნდა ჩემი ბედნიერება. რატომ მოსწიე სიგარეტიო, მკითხა. სტუმარი გვყავდა თან სახლში, ვიფიქრე, ამასთან არ დამსჯის-მეთქი. კბილი მტკიოდა-მეთქი, ვუპასუხე. ბრტყელტუჩა გამოიტანა, აბა მანახვე, რომელი კბილი გტკიოდაო და დაიწყო სპარტანული აღზრდა. მას მერე 5-6 თვე სიგარეტის "ბიჩოკსაც" კი თვალს ვარიდებდი. დღეს ეს ყველაფერი რომ მახსენდება, ნერვიულობისგან 3-4 კოლოფს ვეწევი დღეში.

- ვის ჰგავხარ ხასიათით?

- უფრო დედას, გარეგნობითაც და ხასიათითაც. მერყევი ხასიათი გვაქვს ორივეს. ერთ ამბავს მოგიყვებით და თავად განსაჯეთ. დასავლეთში მივდივარ ამას წინათ. დედაჩემი სოფელშია. მირეკავს, - რას შვრებიო. - ქუთაისში ვარ-მეთქი. - შემოიარე სოფელში, თუ გინდა და მამაშენიც წაიყვანეო. - კარგი-მეთქი. - მარტო მოდიხარო? - არა, ბიცოლა მახლავს თან-მეთქი. ხუთ წუთში მირეკავს, - არ გინდა, ნუ გამოივლი, წამოყვება მამაშენი ავტობუსს, თინა თუ გიზის მანქანაში, რამე ხომ უნდა მოვამზადო და არ მცალია ახლაო. ცოტა ხანში ისევ მირეკავს, - ანდა შემოიარე, შემოიარე, რას იტყვის თინა, უხერხულიაო. - კარგი-მეთქი. ხუთ წუთში ისევ მირეკავს, - მამაშენმა თქვა ჩემითაც წავალ, რას აწუხებ მაგ ბიჭსო. ამასობაში ვუახლოვდები უკვე ზესტაფონს, ისევ მირეკავს, - თუ წამოხვალ, პური წამოიღე, ხომ იცი, აქ არ იყიდებაო. ვიყიდე. ხუთ წუთში ისევ დამირეკა, - გადავიფიქრეო. ბოლოს სოფლის გადასახვევთან გავაჩერე მანქანა და დავურეკე, - საბოლოო პასუხი მჭირდება, საით წავიდე-მეთქი, გავუარე ბოლოს, მიგვიშვა სახლში.

- შენ რაზე ორჭოფობ ხოლმე?

- ყველაფერზე. დილით სამსახურში რომ მივდივარ და მინდა კიდევ რამე მოვასწრო, მაგალითად, წასასვლელი ვარ ბანკში ან ტელეფონის ფული მაქვს გადასახდელი. იმაზე ფიქრში, რომელში წავიდე, ხშირად საავარიო სიტუაციაც შემიქმნია. ვერ გამიგია, მარცხნივ მოვუხვიო თუ მარჯვნივ.

- ცოლის მოყვანაზეც ბევრი იფიქრე?

- ცოლის მოყვანის ამბავშიც ბეწვზე ვარ გადარჩენილი. კიდევ კარგი, კაცი არ მოვიყვანე ცოლად (იცინის), დიდხანს ვიფიქრე ჯემალა ჯობდა თუ ნინო, ბოლოს ნინოს მოუწია რიგმა და გაუმართლა.

- შენ უფრო გაგიმართლა თუ მას?

- მას უფრო მეტად.

- სანამ სასიყვარულო გამოცდილებაზე გადავალთ, პროფესია როგორ აირჩიე ის გვიამბე...

- თეატრალურზე მინდოდა ჩამებარებინა, მაგრამ ეტყობა, ჩემები მიხვდნენ, რომ დიდი მსახიობი ვერ დადგებოდა ჩემგან. თან ჩემმა დაწყებითი კლასების პედაგოგმა გამახსენა, მშენებელი ინჟინერი უნდა გამოსულიყავი შენო. ასე მითქვამს პირველ კლასში. თალიკო მასწავლებელი მიზეზით რომ დაინტერესებულა, სიარული გიჭირთ და პირველ სართულზე მოგცემთ ბინას-მეთქი, მიპასუხია. მოკლედ, თალიკო მასწავლებლის წყალობით ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამშენებლო ფაკულტეტზე ჩავაბარე.

- მშენებლობიდან იუმორში როგორ მოხვდი?

- ქუთაისური "კავეენის" წყალობით. მასლიაკოვმა "კავეენი" რომ აღადგინა, ამასობაში ჯარიდან დავბრუნდი. "კავეენი" რომ არა, უინტერესო იქნებოდა ჩემი და არა მარტო ჩემი ცხოვრება. ეს შეჯიბრება სხვანაირად ხსნის გონებას. სულ სხვა თვალით შევხედე ყველაფერს.

- ჯარი ახსენე, რა გამოცდილება მოგცა სამხედრო სამსახურმა?

- იქ ვისწავლე შარვლების გარეცხვა, გაუთოება (იცინის). რუსების ჯარში ვიყავი, ოკუპანტების ჯარში. დამოუკიდებლობა იქ ვისწავლე, მაგრამ ამისთვის ჯარი რა აუცილებელია, რისი სწავლაც გინდა, ისედაც ისწავლი.

- მაშინაც ასეთი "მრგვალი" იყავი?

- კი, და 40 კილო დავიკელი. მიუხედავად იმისა, რომ დილით ადგომა არასდროს მიჭირდა, ძილისგუდა არასდროს ვყოფილვარ, საწყის ეტაპზე ვარჯიში გამიჭირდა. მერე გავბრაზდი, შემრცხვა, რატომ უნდა ვიყო ამხელა-მეთქი და სხვებზე ადრე ვდგებოდი, რომ მევარჯიშა. თან დიეტაც დავიცავი და მაგრადაც დავიკელი.

- პირველი სამსახური, პირველი ხელფასი...

- სანამ ქუთაისში ვიყავით, კონცერტებზე გამოვდიოდი. მიწაზეც მიმუშავია, გლეხობაც გამოცდილი მაქვს, თოხნაც, ვენახის მოვლაც, ხელებზე "მაზოლებიც". ერთხელ ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა. ფული დამჭირდა. სხვა ვერაფერი "პრასვეტი" ვერ ვნახე და შავ მუშად ვიმუშავე ზესტაფონში, მზის გულზე. ლითონს ვეძებდით მდინარის პირზე და ვაბარებდით. კონცერტებიდანაც შემოდიოდა ფული, ორ კილო შოკოლადს იყიდდი. იმ პერიოდში არც არავის ულხინდა, მაგრამ შიმშილი ნამდვილად არ ყოფილა.

- ქართული ტრადიციული სუფრა და მოლხენა გიყვარს, როგორც ვიცი.

- მიყვარს, ოღონდ იმდენს ვეღარ ვსვამ, რამდენსაც ჯეელობაში. მაინც მომდევს აკვიატებული აზრი, რომ ყველაზე მეტის დალევა შემიძლია და ღვინოს ვიპარავ. სხვები ღვინის მოპარვას იმას ეძახიან, რომ არ სვამენ, მე იმაზე მეტს ვსვამ, ვიდრე მეკუთვნის. მავიწყდება, იმ ასაკში რომ აღარ ვარ.

- მაინც რა ასაკში ხარ?

- ოთარ მამფორიას ჰკითხეს ერთხელ, როგორ ხარო. დავბერდიო, უპასუხა. რაზე მიხვდიო, ჰკითხეს. რა ვიცი, ადრე გოგოები მეუბნებოდნენ, რა კარგი ბიჭი ხარო და ახლა მეუბნებიან, რა კარგი კოსტიუმი გაცვიაო. დაახლოებით ასეთ ასაკში ვარ მეც. ჩემი პიჯაკი ევასება ყველას. ეგ არაფერი, მე კი არა, ბილ კლინტონი დაბერდა.

- შენზე მითხრეს, რესტორანში მიკროფონს ართმევს მუსიკოსებს და მღერისო. მუსიკალური გამოცდილება საიდან გაქვს?

- აუფ, გამიბაზრდა ეგეც? კი, ზოგჯერ ვმღერი. ბაბუაჩემს უყვარდა თურმე გიტარით ქალების მოხიბვლა. ამის გამო მოკლეს ქერჩში, თორემ ისე რას ერჩოდნენ (იცინის). ცოტ-ცოტას მეც ვუკრავ გიტარაზე და ფორტეპიანოზე. გიტარის დაკვრა რომ დავიწყე, ჯარში ვიყავი. იქ არ იყვნენ გოგონები და კაცებს ხომ არ მოვხიბლავდი?!

- სასიყვარულო გამოცდილებასაც მივადექით...

- პირველი კლასიდან მიყვარდა, თითო წელს 2-2 გოგო. გამოდის, რომ სკოლის პერიოდში სულ 22 გოგო მიყვარდა. მერე, როცა ლუდი გავსინჯე, ის შემიყვარდა. ჯერ ლუდს არ უღალატია ჩემთვის.

- შეყვარებულს უღალატია?

- კი, აბა ის 22-ვე გასათხოვარი ხომ არ დარჩებოდა (იცინის). ხუმრობა იქით იყოს და, ჯარიდან რომ დავბრუნდი, მართლა დამხვდა შეყვარებული გათხოვილი. მშობლებმა არ გამაგებინეს ჯარში, ინერვიულებსო და რომ დავბრუნდი, ელდა მეცა. ჯერ არ ვიჯერებდი, მერე, ფეხმძიმედ რომ ვნახე ინსტიტუტში, დავიჯერე. კარგი ოჯახი შექმნა. მისი ბედნიერება მახარებს.

- შენი ბედნიერება როდის მოვიდა?

- 1992 წლის 22 ივნისი იყო. ომი რომ დაიწყო გერმანიასთან, იმ დღეს დაემთხვა. ინსტიტუტში გავიცანით ერთმანეთი, მერე პრაქტიკებზე ვიყავით ერთად. მიწისძვრისგან დანგრეულ რაჭას ვაშენებდით სტუდენტები თვე-ნახევარი, იქ გადაირია ჩემზე, მაგრამ ამ ინტერვიუს რომ წაიკითხავს, უფრო გადაირევა.

- იმიტომ, რომ სინამდვილეში შენ გადაირიე და არა ის, არა?

- შეიძლება. იმნაირ ასაკში ვარ, ვეღარ ვიმახსოვრებ ყველაფერს.

- როგორ მოხიბლე მომავალი მეუღლე?

- მე ხომ ყველას ვევასები. მოვიტაცე ნინო. იმდენი ფული მქონდა, რომ საწვავი ქუთაისიდან ზესტაფონამდე გვეყო, თავიდან კი იყო უარზე, მაგრამ რომ ნახა, უკან წამოსასვლელი საწვავი აღარ გვქონდა, დარჩა.

- ვინ არის შენი მეუღლე, გაგვაცანი, რას საქმიანობს?

- რემონტს აკეთებს ახლა სახლში, ექვსი თვეა უკვე. ჩემ მაგივრად დადის ელიავაზეც. ისეა გადართული, საღამოს რომ ვურეკავ, საჭმელი რა გვაქვს-მეთქი, შპალერიო, უპასუხია. ნინო ახვლედიანია ჩემი მეუღლე.

- ორი შვილი გაჩუქა ქალბატონმა ნინომ, თავად რა გამოცდილებას უზიარებ შვილებს?

- ჯერ ერთი, მან კი არ მაჩუქა, მე ვაჩუქე. უფროსი, ნიკო, 18 წლის გახდება მალე, მარიამი 11 წლის არის. გამოცდილებას და აღზრდა-განათლებას რაც შეეხება, საკმაოდ ლოიალური მამა ვარ. იმდენად ცოტა ხნით ვნახულობ შვილებს, მკაცრი ვერც ვიქნები.

- ოცდაერთწლიანი ოჯახი გაქვს, როგორ გგონია, რა სჭირდება ქალს ბედნიერებისთვის?

- ბევრი ფული სჭირდებათ ქალებს, კაცებს სითბო გვჭირდება მხოლოდ, ამას ვჯერდებით. ფული ხომ თავად მოგვაქვს.

- დასასრულ, შეცდომებზეც გკითხავ. რა გაფიქრებს და გადარდებს შენი ცხოვრებიდან, დრო რომ უკან დაბრუნდეს, რას შეცვლიდი?

- აზარტული ვარ ძალიან და ამის გამო არაერთხელ წავიმტვრიე ცხვირი. ამიტომ ყველას მინდა ვუთხრა, ვინც მსგავსი თამაშებით ერთობა, შეეშვან, კარგს არაფერს მოიტანს ეს. ერთხელ მურმან ლებანიძის ინტერვიუ წავიკითხე, აზარტულ თამაშებზე წერდა, - "არ ღირს თამაში, რაც უნდა მოიგო, ყველაზე ძვირფასს, დროს აგებო". ეს სიტყვები მაშინ მახსენდება, როცა კაზინოში შესვლას დავაპირებ და უკან ვბრუნდები.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება