ჰოლივუდის ახალგაზრდა და პერსპექტიულ მსახიობს უკვე 40-ზე მეტ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული და ჯილდოების სიმცირესაც არ უჩივის, თუმცა მაყურებლის თვალში "ბეჭდების მბრძანებლის" მთავარი გმირის სახე ვერ მოიცილა.
ამჯერად ელაიჯა ვუდი საკმაოდ მძიმე სურათის მთავარი გმირია. მის ახალ ფილმს "მანიაკი" ჰქვია და 1980-იანი წლების სურათის რიმეიკია. მანეკენების მაღაზიის მფლობელი ღამღამობით სისხლიან მანიაკად გადაიქცევა, გოგონებს დასდევს და სკალპს ხდის მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი თოჯინები გაალამაზოს. თუმცა მის გულსაც შეარხევს სიყვარული, როცა ახალგაზრდა მხატვარს გაიცნობს...
- რომელი იყო ყველაზე რთული სცენა?
- რასაკვირველია, ის, რომელშიც ქალს ვახრჩობ. ეს ემოციურადაც მძიმე იყო, ვგრძნობდი, რომ ამას ნამდვილად ვაკეთებდი. აქამდე ყველაფერი არანამდვილი იყო - ყალბი დანები და სისხლი, სკალპის მოხდა - მეცინებოდა კიდეც. მაგრამ ეს სცენა უფრო რეალური იყო. კიდევ კარგი, მსახიობი ძალიან გამოცდილი იყო და იცოდა, რამდენ ხანს შეეძლო გაძლება უჰაეროდ. ასევე დამამახსოვრდა სცენა, როცა ცოცხლად მაცლიდნენ ტყავს. ეს ყველაზე რთული ვიზუალური ეფექტი იყო ფილმში. სპეციალური რაღაცები მიმამაგრეს სახეზე, რომ მათი აცლა იოლი ყოფილიყო. სკალპის მოხსნაც არ იყო ადვილი - ეს აქამდე არ გამიკეთებია.
- ფილმში სიყვარული ადამიანს აიძულებს, შეიცვალოს. თქვენ როგორ მიგაჩნიათ, რეალურ ცხოვრებაშიც არის ეს შესაძლებელი?
- სინამდვილეში, ვფიქრობ, რომ ჩემმა პერსონაჟმა მეტისმეტად შორს შეტოპა, იმდენად დამახინჯებულია შინაგანად, სიყვარული მას ვეღარ შეცვლის. ის არც ეძებს სიყვარულს, როგორც ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. თუმცა ვფიქრობ, რომ სიყვარული ძალიან დიდ გავლენას ახდენს ადამიანებზე, მას შეუძლია მათი განკურნება, მათი ცხოვრების შეცვლა. ბევრი ცხოვრებისეული პრობლემა უსიყვარულობის, მშობლების მხარდაჭერის თუ საყვარელი ადამიანების ნაკლებობის ბრალია. სიყვარულს უდიდესი ძალა აქვს.
- თქვენ მუსიკით ხართ სერიოზულად გატაცებული...
- მიყვარს მუსიკა, ეს ჩემი გატაცებაა, დიჯეობას ვითავსებ დროდადრო, მაგრამ ეს ჰობიდ დარჩება და არა პროფესიად. აქამდე სერიოზულად არასდროს ვყოფილვარ ამით დაკავებული და თავს მუსიკოსად ვერც ვხედავ.
- ყოვლისშემძლე ბეჭედი რომ გქონდეთ, რას გააკეთებდით?
- ყველაზე მაგარი თვისება ბეჭდისა ის არის, რომ უჩინარს გხდის. ასეთი ექსპერიმენტი მაგარი იქნებოდა. ჯერ მეტი არაფერი მომდის თავში.
- რას ეტყვით თქვენი ფილმის მომავალ მაყურებელს?
- ცოტა საშინელი და სისხლიანი სურათია, არ ვურჩევ ემოციურ ადამიანებს, ასევე არ უყურონ მას საკვების მიღების შემდეგ, რომ გული არ აერიოთ. ხოლო ვისაც სურს ნერვების გამოცდა, შეუძლია უყუროს.
(გამოდის ორშაბათობით)