ცნობილი კალათბურთელი, დენის როდმანი პირველი ამერიკელია, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ლიდერს შეხვდა. ნბა-ს ყოფილი მოთამაშე გასულ კვირას იმყოფებოდა კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში.
ვიზიტის შემდეგ კალათბურთელმა გამოაცხადა, რომ კორეელ ლიდერ კიმ ჩენ ინს თურმე აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან სურს ტელეფონით საუბარი.
"მას უნდა, რომ ობამამ დაურეკოს, - აღნიშნა როდმანმა ჟურნალისტებთან საუბრისას, - მან ასე მითხრა: "დენის, მე არ მინდა ომი!" კიმი გიჟდება კალათბურთზე. ვუთხარი, რომ ობამასაც უყვარს კალათბურთი... ასე რომ, სწორედ აქედან დავიწყოთ".
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა როდმანის ვიზიტის კომენტირებისას აღნიშნა, რომ კალათბურთელს არავითარი ოფიციალური მისია არ ჰქონია ფხენიანში გამგზავრებისას. "ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვქონია ამ გამგზავრების შესახებ. ჩვენ როდმანს არ დავკავშირებივართ, არ გვაქვს პოზიცია ამ საკითხზე, ეს აშშ-ის მოქალაქის კერძო ვიზიტია", - განაცხადა ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პატრიკ ვენტრელმა.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები მართლაც სავალალო მდგომარეობაშია, პირადად მე მარშალ კიმ ჩენ ინისა და კორეელი ხალხის მეგობარი ვარ", - აღნიშნა როდმანმა.
როდმანს თან ახლდნენ ამერიკული საკალათბურთო საგამოფენო გუნდ "ჰარლემ გლობტროტერსის" წევრები, ასევე რამდენიმე ჟურნალისტი ამერიკული მედიაკომპანია VICE-დან, რომელიც ახალი ტელეგადაცემის გაკეთებას აპირებს ჩრდილოეთ კორეაში.
საჩვენებელი თამაშის შემდეგ მედიაკომპანიის კორესპონდენტი კიმ ჩენ ინთან მივიდა და აშშ-ში დაპატიჟა. მის მიპატიჟებას კიმის ხმამაღალი სიცილი მოჰყვა.
Liberation
(გამოდის ორშაბათობით)