დავით დარჩიაშვილი - "ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილისადმი მიმართვაში ბოლშევიკური ენით ლაპარაკობს"

დავით დარჩიაშვილი - "ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილისადმი მიმართვაში ბოლშევიკური ენით ლაპარაკობს"

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, დავით დარჩიაშვილის შეფასებით, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისადმი მიმართვაში ბოლშევიკური ენით ლაპარაკობს.

"ესაა ტიპური ბოლშევიკური ენა ადამიანისა, რომელსაც ბოლშევიზმისგან განასხვავებს ერთი რამ, რომ მისთვის დასაშვებია სააქციო საზოგადოება და კერძო საკუთრება, მისთვის დასაშვებია მილიარდერობა. საუბარი დიქტატურაზე მაშინ, როცა ის არ არსებობს, ყველაფერი ცუდის "ნაციონალურ მოძრაობაზე" გადაბრალება ესაა გამიზნული ქმედება იმისთვის, რომ გაუთვითცნობიერებელი ადამიანები ერთმანეთის მიმართ მტრულად განეწყოს", - განუცხადა დარჩიაშვილმა "ინტერპრესნიუსს" ივანიშვილის მიმართვაზე კომენტირებისას.

მისივე განმარტებით, პრემიერის მხრიდან იმაზე საუბარი, რომ "ათიათასობით ადამიანმა ყველაფერზე აიღოს პასუხისმგებლობა" ეს ხალხში მტრების ძიებაა.

"ესაა ტიპური ბოლშევიზმი და ხალხში მტრების ძიება. სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანების ხელშია დღეს საქართველო", - აღნიშნა დეპუტატმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიმართვას უგზავნის. მიმართვაში ივანიშვილი ქვეყნის პირველ პირს მოუწოდებს, უახლოეს 2-3 დღეში მკაფიოდ და ცალსახად განაცხადოს, უარს ამბობს თუ არა კონსტიტუციურ დიქტატურაზე და უჭერს თუ არა მხარს პარლამენტის თანხმობის გარეშე მთავრობის შეცვლის აკრძალვას.

ივანიშვილის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხის კენჭისყრა ნამდვილად იქნება წყალგამყოფი, რადგან ვინც მასზე უარს იტყვის, იგი აიღებს სრულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ყველაფერზე, რაც 9 წლის განმავლობაში "ნაციონალურ მოძრაობას" ჩაუდენია.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა