ლოს ანჯელესში, "დოლბის თეატრში" ოსკარის დაჯილდოების რიგით 85-ე ცერემონია გაიმართა.
ერთ-ერთი, რითაც კინომანებს "ოსკარების" დაჯილდოება ამახსოვრდებათ, გამარჯვებული მსახიობების "ოსკარის" აღებით გამოწვეული ემოცია და სამადლობელი სიტყვაა, რომელიც ზოგჯერ ყოველგვარს აზრს არის მოკლებული.
გთავაზობთ "ოსკარის" დაჯილდოების ყველაზე ემოციურ, გამორჩეულ გამოსვლებს.
მერილ სტრიპი, საუკეთესო მსახიობი ქალი ფილმისთვის "რკინის ლედი", 2012 წელი. "როცა ჩემი სახელი წარმოთქვეს, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ნახევარი ამერიკა ამბობდა: "ოჰ, არა, ისევ ის?" მერამდენედ?"
ჰილარი სვონკი, საუკეთესო მსახობი ქალი ფილმისთვის "მილიონი დოლარის გოგონა":
"ერთი უბრალო გოგო ვარ ტრეილერ პარკიდან, რომელსაც ოცნება ჰქონდა. მაგრამ ვერასოდეს ვიფიქრებდი, თუ ეს მოხდებოდა".
ჰოლი ბერი, პირველი შავკანიანი ქალბატონი, რომელმაც 2000 წელს "ოსკარი" აიღო ფილმისთვის "მონსტრების მეჯლისი": "ეს წუთები იმაზე დიდია, ვიდრე მე ვარ. ეს "ოსკარი" ეძღვნება ყველა შავკანიან ქალბატონს, რომელთაც ახლა უკვე აქვთ გამარჯვების შანსი. რადგან დღეს მათთვის ეს კარი გაიღო".
სალი ფილდი, საუკეთესო ქალი მსახიობი ფილმისთვის "ადგილი გულში", 1984.
"მე არ მქონია უბიწო კარიერა და ყველაზე მეტად თქვენი პატივისცემა მინდოდა. თავდაპირველად ეს მქონდა, თუმცა ახლა ვგრძნობ ამას და ვერ უარვყოფ, რომ თქვენ მოგწონვართ მე - სწორედ ახლა, თქვენ მოგწონვართ მე".
მიკი რუნი, "ოსკარის" საპატიო ჯილდოს მფლობელი 1982 წელს.
"19 წლის რომ ვიყავი, მსოფლიოში პირველი ვარსკვლავი ვიყავი ორი წლის განმავლობაში. 40 წლისა კი აღარავის ვჭირდებოდი, სამსახურს ვერ ვშოულობდი".
ჯონ უაინი, 1979 წლის "ოსკარის" საპატიო ჯილდოს მფლობელი, რომელიც ორი თვის შემდეგ გარდაიცვალა.
"მე და "ოსკარს" ბევრი საერთო გვაქვს. "ოსკარი" ჰოლივუდში პირველად 1928 წელს ჩამოვიდა ისევე, როგორც მე. ორივე ქარმა წაგვიღო, მაგრამ ორივე ისევ აქ ვართ და კიდევ დიდხანს ვაპირებთ აქ დარჩენას.
კრისტოფერ პლამერი, საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცი ფილმისთვის "დამწყებები"
"ძვირფასო, ჩემზე ორი წლით უფროსი ხარ. სად იყავი ამდენ ხანს?"
82 წლის პლამერს "ოსკარი" 2012 წელს გადაეცა და ის ყველაზე ასაკიანი მსახიობი გახდა, რომელსაც ამ ასაკში გადასცეს აკადემიის ჯილდო.
ბენ აფლეკი, რომელსაც 1997 წელს ფილმის "ნიჭიერი, უილ ჰანთინგი" საუკეთესო სცენარისთვის გადაეცა "ოსკარი".
"კი მაგრამ, განა ვთქვი, რომ "ოსკარი" მინდოდა? "ახლახან ვუთხარი მეთს (დეიმონი), წაგებამ შეიძლება გული დაგწყვიტოს, მაგრამ მოგებამ შეგაშინოს. ჰოდა, მართლა ძალიან საშიშია, საოცარია".
სტივენ სპილბერი, საუკეთესო რეჟისორი ფილმისთვის "რიგითი რაიანის გადასარჩენად", 1998 წელი.
"ყველაზე მეტად მინდა მადლობა მამაჩემს გადავუხადო, ადამიანს, რომელმაც, როცა ვუთხარი, რომ მსახიობობა მინდოდა, მითხრა: "მშვენიერია, მაგრამ კარგი იქნება რამე სარეზერვო პროფესიაც თუ გექნება, მაგალითად, შემდუღებლობა".
რობინ უილიამსი, საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ფილმისთვის "ნიჭიერი უილ ჰანთინგი", 1998 წელი.
"ბებიაჩემი დღემდე მელაპარაკება, ოღონდ მხოლოდ სიზმრებში. ერთი სული მაქვს, როდის დავიძინებ დღეს, რომ ბებიაჩემს ველაპარაკო. მიყვარხარ, ბებო".
აარონ სორკინი, რომელმაც ამ სიტყვებით მიმართა თავის ქალიშვილს. სორკინმა 2011 წელს აიღო ოსკარი ფილმისთვის "სოციალური ქსელი" საუკეთესო ადაპტირებული სცენარი.
"როქსი სორკინ, მამაშენმა ეს-ესაა აკადემიის ჯილდო აიღო. ასე რომ, ამიერიდან შენი ზღვის გოჭის პატივისცემას მოვითხოვ".
სანდრა ბალოკი, საუკეთესო მსახიობი ქალი ფილმისთვის "უხილავი ქალი", 2010 წელი.
"ნუთუ ეს მართლა დავიმსახურე?"
კლინტ ისტვუდი, საუკეთესო რეჟისორი ფილმისთვის "მილიონი დოლარის გოგონა", 2004 წელი.
"უამრავი კარგი ფილმია, რომელსაც "ოსკარი" აქვს აღებული, ისევე, როგორც უამრავი კარგი ფილმია, რომელსაც "ოსკარი არ აქვს მიღებული. თქვენ იმას აკეთებთ, რაც შეგიძლიათ".
კიმ ბესინჯერი, საუკეთესო მეორეხარისხოვანი ქალი ფილმისთვის "ლოს ანჯელესის საიდუმლოებანი", 1997 წელი.
"მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც ცხოვრების განმავლობაში შევხვედრივარ".
გრეის კელი, საუკეთესო მსახიობი, 1955 წელი.
"ეს ის ღამეა, როცა მოწევა და დალევა მინდა".
ბენისიო დელ ტორო, საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ფილმისთვის "ტრაფიკი", 2000 წელი.
"გავიმარჯვე და ახლა წესით უნდა ვყვიროდე და ვხტოდე, მაგრამ ხვალ სამსახურში ვარ წასასვლელი".
ჯეიმს კამერონი, საუკეთესო რეჟისორი, ფილმისთვის "ტიტანიკი", 1997 წელი.
"მე სამყაროს მეფე ვარ!"
მომზადებულია news.com.au-ს მიხედვით.