28 იანვარს რეჟისორი ელდარ შენგელაია 80 წლის შესრულდა. სიტყვა "იუბილე" არ უყვარს და ამიტომ მეც თავს ვარიდებ. მიაჩნია, რომ იუბილე ვაჟა-ფშაველას, აკაკი წერეთელს, ილია ჭავჭავაძეს ეკუთვნის და მისთვის 80 თუ სხვა მრგვალი თარიღი, უბრალოდ, დაბადების დღეებია.
ათამდე ფილმის ავტორია. ერთი შეხედვით, ეს ბევრი არ არის, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა რაოდენობა ხარისხს არ განსაზღვრავს. ალბათ რთულია, იპოვო ისეთი ადამიანი, რომელსაც მისი ფილმები რამდენჯერმე არ ჰქონდეს ნანახი და არაერთი ფრაზა ზეპირად არ ახსოვდეს. რამდენიმე წლის წინ რეჟისორს უმცროსი ქალიშვილი ელენე დაეღუპა. ამ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ ბატონ ელდარს დიდი ხნის განმავლობაში არაფრის ხალისი არ ჰქონდა, არც მუშაობდა. რეჟისორს ორი უფროსი ქალიშვილი ჰყავს, შვილიშვილები, მაგრამ ცხადია, ვერაფერი გაუნელებს იმ ტკივილს, რომელიც ავტოავარიის შედეგად ელენეს მოულოდნელმა დაღუპვამ მას და მის მეუღლეს მოუტანა.
შინ, მისაღები ოთახის ერთ კედელზე ძმის, გიორგი შენგელაიას, დედის - ნატო ვაჩნაძის და ოჯახის სხვა წევრების ფოტოებია გამოფენილი, მეორე კედელი კი ელენეს ფოტოებს უკავია. იქვე, კედლის მთელ გაყოლებაზე თაროებზე წიგნები აწყვია. ჟურნალების მაგიდაზე რამდენიმე წიგნი ერთმანეთზე დევს. მხოლოდ ერთს ვხედავ, რომელიც "კენწეროშია" მოქცეული - "ილია ჭავჭავაძე - აზრები". სწორედ საოჯახო ბიბლიოთეკას და ოჯახში არსებულ უძველეს წიგნს უკავშირდებოდა ჩემი პირველი შეკითხვაც...
- ჩვენს ოჯახში არ არის ძველი წიგნები შემორჩენილი. დედას მუზეუმი გურჯაანშია და წიგნების უმეტესი ნაწილი მეც, ჩემმა ძმამ გიორგიმ და უფროსმა ძმამ თენგიზმაც ამ მუზეუმს გადავეცით. დანარჩენი თბილისშია, თეატრისა და ქორეოგრაფიის მუზეუმში. იქ ინახება როგორც დედას ნივთები, ისე წიგნები.
- თქვენი პირველი წიგნები გავიხსენოთ...
- ომის პერიოდსა და შემდეგ წლებში ძველ კინოსტუდიას "თბილისის კინოსტუდია" ერქვა. ბავშვი ვიყავი და მახსოვს, იქ არაჩვეულებრივი ბიბლიოთეკა და რეკვიზიტები ინახებოდა. საქართველოში ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ დაიწყო მდიდარი ფენისთვის ნივთების ჩამორთმევა. ერთ-ერთი პუნქტი, სადაც ეს ყველაფერი ინაცვლებდა, კინოსტუდია იყო. ბავშვობაში დღევანდელ აღმაშენებელსა და მაშინდელ პლეხანოვზე არსებული ეს სტუდია, ფაქტობრივად, ჩემი ეზო იყო. დედა სახლში არ მტოვებდა, თან დავყავდი და ხან ეზოში დავრბოდი და ხანაც სარეკვიზიტოში შევდიოდი. იქ საოცრება მხვდებოდა: ხანჯლები, ჭურჭელი, ტანსაცმელი, ულამაზესი სპარსული ხალიჩები. ერთი სიტყვით, ეს იყო დიდი სიმდიდრე.
- ბატონო ელდარ, 9 წლის იყავით, მამა რომ გარდაგეცვალათ, დედა გზრდიდათ. ის თუ გირჩევდათ, რა უნდა წაგეკითხათ შვილებს?
- რა თქმა უნდა, დედას მოჰქონდა ჩემთვის ზღაპრები და სათავგადასავლო ლიტერატურა, მაგალითად ჟიულ ვერნი, მაინ რიდი და სხვა ავტორები, მაგრამ სანამ თავად დავიწყებდი კითხვას, წიგნებს ბებია მიკითხავდა. ავად რომ ვხდებოდი, ჩემი გართობის საშუალება იმ დროს კითხვა იყო. იმხანად დიდი მსახიობი სერგო ზაქარიაძე სკოლებში დადიოდა და ვაჟა-ფშაველას კითხულობდა. ამაში არანაირ ანაზღაურებას არ ითხოვდა. ახლა ამას აღარავინ გააკეთებს. მახსოვს, როგორ კითხულობდა ზაქარიაძე ვაჟას ლექსებს, მოთხრობებს და ეს ყველაფერი იმდენად მომწონდა, რომ იმ პერიოდში ერთი ლექსი მეც დავწერე და დედას წავუკითხე. დედაჩემა მითხრა, შვილო, ეს შენი საქმე არ არის და აღარასოდეს გააკეთოო. მას შემდეგ მართლაც აღარ დამიწერია ლექსები (იღიმის). დასახელებული ავტორების წაკითხვის შემდეგ ძალიან შემიყვარდა ლიტერატურა და მერე, როცა უკვე მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტში ვსწავლობდი, სერიოზულად ვეცნობოდი როგორც რუსულ, ისე მსოფლიო ლიტერატურას. მაშინ არ არსებობდა კომპიუტერი, მაგრამ გვქონდა ე.წ. "ვალშებნი ფანარი", სადაც გვაჩვენებდნენ მიქელანჯელოს, ლეონარდო და ვინჩის და სხვა დიდი მხატვრების შემოქმედებას. ეს იყო დახურული ჩვენება და სტუდენტების გარდა მასზე დასწრება არავის შეეძლო. ასევე ერთ პატარა დარბაზში გვაჩვენებდნენ კინოკლასიკას და ესეც დახურული ჩვენებები გახლდათ.
- აკრძალულ ლიტერატურაზე მინდა გკითხოთ. ალბათ არაერთი ავტორი წაგიკითხავთ გადაწერილი, გადაბეჭდილი...
- უპირველესად ეს იყო ალექსანდრე სოლჟენიცინი. მე და ჩემი მეგობარი ალექსეი სახაროვი საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდით. მას ლიოშას ვეძახდი და ის ჩემი უახლოესი მეგობარი, ძმა იყო. არ ვიცი, ლიოშამ საიდან იშოვა სოლჟენიცინის წიგნი, მაგრამ შინ, ლეიბის ქვეშ დამალა. რა თქმა უნდა, დღე არ ვკითხულობდით, მაგრამ ღამით, როცა ყველა იძინებდა, ავანთებდით სანთელს და ერთად ვიწყებდით კითხვას. დილას წიგნს ისევ "ვფუთავდით" და ინსტიტუტში მივდიოდით.
- ბავშვობაში მისაბაძი, გამორჩეული გმირი თუ გყავდათ?
- ჩემზე არ ვიტყვი და, ომის დამთავრების შემდეგ გერმანიიდან ბევრი ფილმი წამოიღეს. მათ შორის იყო "ტარზანი", რომელიც დარბოდა, ხიდან ხეზე დახტოდა. ბავშვებმაც დაიწყეს მისი მიბაძვა და ხტუნვა-ხტუნვის დროს ბევრმა დაიმტვრია ფეხები. საერთოდ, კინოში მაყურებელს არ აინტერესებს, ვინ არის რეჟისორი, კომპოზიტორი, მხატვარი, ყველა მსახიობს უყურებს, აკვირდება და მას ჰბაძავს.
- თქვენ არ ჰბაძავდით ტარზანს?
- არა, მაგრამ ბავშვობაში სხვებს კი ვბაძავდით. ეკრანებზე "სამი მუშკეტერის" ამერიკული ვარიანტი რომ გამოვიდა, ეს ნაწარმოები რამდენიმე მეგობარმა ჩვენთან სახლში დავდგით. როცა ვხმალაობდით, ერთმა ბიჭმა ხმალი ზედა ტუჩზე მომარტყა და გამისკდა. სერიოზული არაფერი, გამიკერეს და შემიხორცდა. იმ დადგმაში მე დ'არტანიანი ვიყავი (იღიმის).
- როცა თქვენი თაობა, ე.წ. 60-იანელები კინოსტუდიაში მუშაობდით, კინოსტუდიის იმდროინდელმა დირექტორმა მიხეილ კვესელავამ იქ მიიყვანა მწერლები: აკაკი ბაქრაძე, გურამ ასათიანი, რეზო ჭეიშვილი და მათთან თანამშრომლობამ მოგიწიათ...
- დიახ, როდესაც ჩვენი თაობა კინოსტუდიაში ჩამოვიდა, დირექტორი მიხეილ კვესელავა გახლდათ. არაჩვეულებრივი ადამიანი, ფილოსოფოსი, მწერალი. სხვათა შორის, ნიურნბერგის პროცესზე ის საქართველოს წარმოადგენდა. ის მწერლები, რომლებსაც დაბეჭდვის საშუალებას არ აძლევდნენ და რომლებიც შემდგომში ჩვენი თაობის თანამედროვე საუცხოო მწერლები გახდნენ, მან სტუდიაში მოიყვანა. ესენი იყვნენ: გურამ ასათიანი, ნოდარ დუმბაძე, რეზო ინანიშვილი, რეზო ჭეიშვილი და სხვები - ყველას ვერ ჩამოვთვლი. ასევე მოიყვანა მხატვრები და შექმნა ისეთი სიტუაცია, რომ ყველანი დავმეგობრდით, ყველაფერს ერთად ვაკეთებდით და ვწყვეტდით. მაგალითად, მერაბ ელიოზიშვილის მოთხრობის მიხედვით "თეთრი ქარავანი" რომ დავდგით, მას "გზები და გზაჯვარედინები" ერქვა. როცა ვაჩვენეთ, ნოდარ დუმბაძემ მითხრა, რომ ეს სახელწოდება არ მოსწონდა და "თეთრი ქარავანი" შემომთავაზა. ასე რომ, "თეთრი ქარავანი" მისი იდეით შეიქმნა.
- რეზო გაბრიაძე თქვენი რამდენიმე ფილმის სცენარის ავტორია...
- კი, ყოველთვის ვამბობ და ახლა თქვენც გეტყვით, რომ რეზოსი ძალიან მადლიერი ვარ. ყველა ხელოვანი თავის ხელწერას ეძებს და რეზო დამეხმარა, მეპოვა ჩემი ხელწერა. მანამდე მოსკოვში ალექსანდრე (ლიოშა) სახაროვთან ერთად დავდგი ორი ფილმი, "ლეგენდა გაყინულ გულზე" და "ზამთრის ზღაპარი". ეს იყო ერთგვარად მიახლოებული იმ ხელწერასთან, რაც შემდეგ რეზოს დახმარებით ჩამომიყალიბდა და მისი დახმარებით "არაჩვეულებრივი გამოფენა" გადავიღეთ. იმ პერიოდში თბილისში ჩამოვიდა გია დანელია, რომელიც ჩემი მეგობარი იყო, სოფიკოს დეიდაშვილი. ის "არ დაიდარდოს" გადაღებებს იწყებდა. სცენარზე ვიღაცის აყვანას აპირებდა, რომელიც მე არ მომეწონა და შევთავაზე, ერთ ახალგაზრდა სცენარისტს გაგაცნობ-მეთქი. ვუთხარი, ერთმანეთს შეგახვედრებთ და თუ არ მოგეწონა, მაშინ ვინც გინდა ის აიყვანე-მეთქი. მეორე დღეს გია დანელია რეზო გაბრიაძეს შევახვედრე. გიას რეზო ძალიან მოეწონა. რეზოს კი ვუთხარი, თქვენ ერთად იმუშავეთ და როცა დამჭირდები, შეგატყობინებ, ჩამოხვალ და მერე ჩვენ ვიმუშავებთ-მეთქი. ასეც მოხდა. რეზო ორ ფილმზე პარალელურად მუშაობდა. "არ დაიდარდო" და "არაჩვეულებრივი გამოფენა" ერთდროულად, 1968 წელს გამოვიდა. ვფიქრობ, "არ დაიდარდო" არაჩვეულებრივი ფილმია.
- ბატონო ელდარ, თქვენი სიტყვებია "ჭკვიანი რეჟისორი ყოველთვის მწერალთან ერთად უნდა წერდეს სცენარს". სცენარის დამოუკიდებლად შექმნა არ გიცდიათ?
- ერთადერთი სცენარი, რომელიც თავად დავწერე, იყო "მიქელა". სურათი დავით კლდიაშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით არის გადაღებული და ისეთი შესანიშნავი ნაწარმოებია, რომ სცენარის შექმნა არ გამჭირვებია. სხვა შემთხვევაში მწერალი და მე ერთად ვწერთ, ვეხმარები, მაგრამ სცენარის ავტორად საკუთარ თავს არ ვუთითებ და ჩემს გვარს არ ვწერ. მე ისიც მეყოფა, რომ რეჟისორი ვარ.
- თანამედროვე ავტორების შემოქმედებასაც შევეხოთ, ვინ იმსახურებს თქვენს ყურადღებას?
- რა თქმა უნდა, ვკითხულობ. იცით, ახალ ფილმზე უნდა დავიწყო მუშაობა. ძალიან მომწონს მწერალი დათო ტურაშვილი და ჩვენ ერთად ვამზადებთ სცენარს. ეს არის ჩეხეთის პრეზიდენტის ვაცლავ ჰაველის პიესა "წასვლა". თარგმანი "თავისუფლების რადიოს" მენეჯერ დავით კაკაბაძეს ეკუთვნის. პრაღაში ვიყავი, როცა მან ეს პიესა წამიკითხა. ძალიან მომეწონა და დათო ტურაშვილს ვთხოვე, სცენარი გაეკეთებინა. ერთობლივ მუშაობას აპრილში დავიწყებთ. მანამდე, მარტში კინემატოგრაფისტთა კავშირის ყრილობა გაიმართება, სადაც მე ვამთავრებ ჩემს მოღვაწეობას და მინდა, მთლიანად კინოში გადავიდე. საბჭოთა კავშირის დროს იყო საშუალება, ერთდროულად ორივე ადგილას გემუშავა, მაგრამ ახლა ეს ძალიან რთულია და სწორედ ამიტომ მთლიანად გადავდივარ კინოში.
- "წასვლა" ჰქვია, სიმბოლური სახელწოდება აგირჩევიათ...
- დიახ... იცით, რა საინტერესოა?! ვაცლავ ჰაველი პიესაში საკუთარ თავს დასცინის. ის პრეზიდენტი იყო, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ეს იქნება მინისტრი, რომელიც მთავრობიდან წავიდა და მისი მთავარი სიყვარული არის სკამი. მას არავინ უყვარს, არც ცოლი, არც შვილი...
-
ანუ სკამზე შეყვარებული ხელისუფალის მარადიული ამბავია...
- დიახ, ეს არის მუდმივი თემა. ასეთივე იყო მაკბეტი, რომელიც ხელისუფლების გამო ყველაფერს აკეთებდა. მიუხედავად იმისა, რომ თავად პოლიტიკაში ვიყავი, მიმაჩნია, რომ პოლიტიკა უმეტესად ბინძური საქმეა. რა თქმა უნდა, ამ სფეროში არის ზნეობრივი ხალხიც და მაგალითისთვის გეტყვით, რომ ასეთი იყო ზურაბ ჟვანია. როცა ვიცე-სპიკერი ვიყავი, ბევრ რამეს ვერ ვხედავდი, თურმე გამდიდრებაზე ბევრი ფიქრობდა, მერე დავინახე, რომ თურმე ხალხს ფული უკეთებია, აქვთ ბინები, აგარაკები, სასტუმროები საზღვარგარეთ. აი, ეს არის უკვე ჭუჭყიანი პოლიტიკა, როცა ადამიანი მხოლოდ სათავისოდ ზრუნავს და არა ხალხისთვის, ხოლო ზნეობრივი პოლიტიკოსი, პირველ რიგში, სხვების კეთილდღეობაზე ფიქრობს.
- ფაქტობრივად, ოცი წელი იყავით პოლიტიკაში. მაშინ თუ კითხულობდით ისეთ ნაწარმოებებს, რაც ამ სფეროს უკავშირდებოდა, თუ საპირისპირო ტიპის მხატვრული ნაწარმოებების კითხვა გერჩივნათ? თუნდაც განსატვირთად...
- ყოველთვის ვკითხულობდი ნოდარ დუმბაძეს, რეზო ჭეიშვილს, რევაზ ინანიშვილს, რეზო გაბრიაძეს და პოეტებს: ტიციან ტაბიძეს, პაოლო იაშვილს, გალაკტიონ ტაბიძეს და, ფაქტობრივად, ყველა დიდ პოეტს. ალბათ ლაპარაკი ზედმეტია იმაზე, რომ ჩვენი მეორე ბიბლიაა შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი". ამ პოემიდან ყოველთვის ვკითხულობ სხვადასხვა მონაკვეთს. მასში ჩადებული სიბრძნე ცხოვრებაში ყოველთვის მეხმარება. შეიძლება, პირდაპირ არა, მაგრამ ეს ქვეცნობიერად ხდება. "ვეფხისტყაოსნიდან" ისეთი ინფორმაცია მოდის, რომ ადამიანი მას აუცილებლად გამოიყენებს თავის ხელოვნებაში. აქვე, არ მინდა გამომრჩეს, რომ ჩემზე ასევე დიდი გავლენა იქონია ქართულმა თეატრმა, მიხეილ თუმანიშვილმა, რობერტ სტურუამ, თემურ ჩხეიძემ. მათი დადგმები არაჩვეულებრივი იყო. და ასეთებივე იყვნენ მსახიობები რამაზ ჩხიკვაძე, ეროსი მანჯგალაძე. ეროსისთან დამოკიდებულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩვენი შემოქმედებისთვის, როცა მან "არაჩვეულებრივ გამოფენაში" პიპინია და შემდეგ "შერეკილებში" ქრისტეფორე მგალობლიშვილის პერსონაჟები გაახმოვანა. ეს იყო ჩვენი, და არა ჩემი ფილმი, ამ სიტყვას არასოდეს ვამბობ, რადგან მიმაჩნია, რომ სურათს ჯგუფი აკეთებს. ეროსის ხმა გადამწყვეტი გახლდათ. ჩვენ რუსულად დუბლირებას ყოველთვის მოსკოვში ვაკეთებდით და "არაჩვეულებრივი გამოფენა" რომ წავიღეთ, მითხრეს, ასეთი ხმა მთელ რუსეთში არ არისო...
- აპრილში იწყებთ ახალი ფილმის სცენარზე მუშაობას, ნაადრევია თქმა, მაგრამ წინასწარ მაინც თუ იცით, ვის დააკავებთ თუნდაც მინისტრის როლზე?
- როცა საბოლოო სცენარი მზად იქნება, მერე დგება ჯერი მსახიობების არჩევნებზე. მანამდე ინტენსიურად დავიწყებ თეატრებში სიარულს, რომ მსახიობები ვნახო, თუმცა მათ მხოლოდ თეატრიდან არ ავიყვან. ბევრი ჩემი ფილმის პერსონაჟისთვის მსახიობი "ცხოვრებიდან" შევარჩიე. დავაკვირდები ჩემ გარშემო ადამიანებს და მათ, ვისაც არტისტული ნიჭი ექნება. მაგალითად, ვასილ ჩხაიძე ფოთის თეატრში მუშაობდა და იქიდან უნიჭობის გამო გამოუშვეს (პიპინია ერისთავი "არაჩვეულებრივ გამოფენაში" და ქრისტეფორე "შერეკილებში" - ავტ.) თუ გახსოვთ, აკაკი დობორჯგინიძეა ის კაცი, რომელსაც "არაჩვეულებრივ გამოფენაში" ძაღლი მოჰყავს. მან მითხრა, რომ გურიაში, სოფელ აცანაში იყო ერთი კაცი, რომელიც შეიძლებოდა, პიპინიას როლზე გამოგვდგომოდა. მაშინ გურამ ლორთქიფანიძე ჩემი ასისტენტი იყო და არ ვფიქრობდი, აგულის როლზე ამეყვანა. გურიაში ჩასულებს საოცარი სახლი დაგვხვდა, ზღაპრებში რომაა, ისეთი. გამოვიდა კაცი, რომელიც ისეთივე ჩაცმული იყო, როგორიც შემდეგ ფილმშია. ფაქტობრივად, მის ჩაცმულობაში ბევრი არაფერი შეგვიცვლია. გურამი და ვასილ ჩხაიძე ერთად რომ დავინახე, მივხვდი, რომ ესენი აგული და მამამისი - პიპინია იყვნენ.
- ექიმი იყო თემიკო ჩირგაძე, "ცისფერი მთებიდან"...
- თემიკო ჩემი ძმის, თენგიზის, უახლოესი მეგობარი იყო. მოგვიანებით ჩვენც ძალიან დავახლოვდით. თემიკო სოფელ ვოროტინსკში სამხედრო ექიმად მსახურობდა, იქვე იყო დიდი აეროდრომი. ჩვენ დროს, ვინც პირველ კურსს კარგად ვერ დაამთავრებდა, ინსტიტუტიდან რიცხავდნენ. დედა ამაზე ძალიან წუხდა და ჩამომაკითხა. თუმცა ყველაფერი კარგად ჩავაბარე და ვუთხარი, რომ თემიკოსთან ვოროტინსკში მივდიოდი. დედა მეორე დღეს, რომელიც იმავდროულად მისი დაბადების დღე იყო, მოსკოვიდან უკან ბრუნდებოდა. მითხრა, აუცილებლად ჩამოდი, თორემ არ წავალო. მანამდე კი თემიკოსთან ჩავედი. პატარა სახლში იყო, როგორიც რუსეთის სოფლებშია ხოლმე. დიასახლისმა სუფრა გაგვიშალა და იქ გურამ მელიავამ, გურამ ასათიანმა და სხვა მეგობრებმა ვივახშმეთ, ცოტა დავლიეთ და დავწექი. ისეთი ძილი ვიცოდი, ბომბი რომ ჩამოგეგდოთ, არ ვიღვიძებდი, თუმცა საპირისპირო რამ მოხდა: მიუხედავად იმისა, რომ იმ ღამეს დავლიე, ნამგზავრი ვიყავი, ღამის სამ საათზე გამეღვიძა... ნეტავ არ გამღვიძებოდა... თემიკოც გამოვაფხიზლე და ვუთხარი, რომ დედასთან წასვლას ვაპირებდი. გაუკვირდა, არ მიშვებდა, მატარებელი არ იქნებაო, მაგრამ სადგურზე მაინც წავედი და პატარა საბარგოს გავყევი. მოსკოვს რომ მივუახლოვდი, "ელექტრიჩკაში" გადავჯექი და დედასთან მივედი. იქ ცნობილი მსახიობი ლუბა ორლოვა და მისი მეუღლე იყვნენ. მათ გამოვემშვიდობე, მერე დედას. მან არასოდეს იცოდა სილის გაწვნა ან ხელის მოქნევა, მაშინაც უბრალოდ სიტყვიერად მისაყვედურა ჩემი საქციელის გამო. რა გინდა, ხომ ჩამოვედი შენთან-მეთქი, ვუთხარი. მერე დედა მე და ჩემმა უფროსმა ძმამ გავაცილეთ. მაშინ ტაქსი არ იყო, ავტობუსში ჩავსვით. წავიდა და წავიდა... მერე მოხდა ის, რაც მოხდა. (მოსკოვიდან ნატო ვაჩნაძე 1953 წლის 14 ივნისს, თავის დაბადების დღეს გამოფრინდა. გზაში თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა და მსახიობი დაიღუპა - ავტ).
- დაბოლოს, ბატონო ელდარ, რამდენიმე კვირის წინ დაბადების დღე გქონდათ. წიგნები თუ მიიღეთ საჩუქრად?
- დიახ, ბევრმა ადამიანმა დამასაჩუქრა, დღემდე ვიღებ საჩუქრებს და ყველასი მადლობელი ვარ.
ანა კალანდაძე
(გამოდის ორშაბათობით)