ეროვნული ბიბლიოთეკის წინ სექსიბიცოლაც დაალურჯეს

ეროვნული ბიბლიოთეკის წინ სექსიბიცოლაც დაალურჯეს

ამ გოგონას "ფეისბუქის" მომხმარებელი კარგად იცნობს. ნინო ჭელიძე წლების განმავლობაში უცნაური ჰობით იყო დაკავებული, პრეზიდენტის ფოტოებს აგროვებდა. "თბილისის ფორუმზე" კი ის "სექსიბიცოლას" სახელით ავრცელებს საკუთარ აზრებს. ბლოგების მოყვარულთათვის ნინო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური რეპორტიორია. ჩემს რესპონდენტს სამი წლის განმავლობაში აქცია არ გამოუტოვებია, რომ საკუთარი ბლოგისთვის - "მე რეპორტიორი" უახლესი ინფორმაცია მოიპოვოს. სწორედ ამ მიზნით მოხვდა ნინო ეროვნული ბიბლიოთეკის წინ ატეხილ დიდ აურზაურშიც.

- ნინო, როგორ მოხვდი მოვლენების ეპიცენტრში?

- პრეზიდენტის გამოსვლაზე არავის მივუწვევივარ. "ფეისბუქით" შევიტყვე, რომ ხალხი იკრიბებოდა ბიბლიოთეკასთან, ვიფიქრე ჩემთვის საინტერესო იქნებოდა, როგორც რეპორტიორისთვის და წავედი. 5-ის ნახევარზე მივადექი ფურცელაძის ქუჩას. ამ ქუჩიდან არ უშვებდნენ ფეხით მოსიარულეებს, გვითხრეს, წრე დაარტყითო, დავარტყით წრე ბიბლიოთეკის შენობას, ანუ ქვემოდან შემოვუარეთ და მივედით, სავარაუდოდ, კვლავ ფურცელაძის ქუჩის გაგრძელებასთან, სადაც იდგა რკინის ჯებირები. მივადექი ბიბლიოთეკის მთავარ შესასვლელს, სადაც დამაგრებული იყო ცოცხები, 7 ნოემბრისა და 26 მაისის დარბევის ამსახველი ფოტოები. გადავიღე ფოტოები ჩემი ბლოგისთვის და წავედი ქაშუეთისკენ, სადაც ვიცოდი, რომ ნაციონალები იკრიბებოდნენ. გუდიაშვილის ქუჩაზე, სადაც შსს-ს განცხადებით იყო სათადარიგო შესასვლელი, იდგა რკინის ჯებირი და დაახლოებით 5 პოლიციელი. მოვიდნენ თეა თუთბერიძე, კობა ხაბაზი და სხვა დეპუტატები. არავინ მოსულა ჩვენთან და არ უთქვამს, რომ ამ შესასვლელით უნდა ესარგებლათ დეპუტატებს. დაახლოებით 6-ის ნახევარზე მოვიდა აქციის რამდენიმე მონაწილე და პროვოკაციას აწყობდნენ, აგინებდნენ პრეზიდენტს. აქედან ნაციონალები პასუხობდნენ. იყო გაწევ-გამოწევა, მაგრამ არ ყოფილა ხელით შეხება. 6 საათს აკლდა 20 წუთი, რომ მოვიდა შავი "ბეემვეს" ჯიპი, რომელშიც იჯდა ჯაბა ჯიშკარიანი. ამის ამსახველი ვიდეოც მაქვს. სხვათა შორის, ერთადერთი აღმოვჩნდი, ვინც ეს გადაიღო. გააჩერა მანქანა, მინები ჩაუწია და ჩართო საბჭოთა კავშირის ჰიმნი. მეც თქვენიანი ვარო, თან ამბობდა. აქაც გაიმართა მცირე შელაპარაკება. ამასობაში თქვეს, რომ შენობაში შესვლის დრო იყო და ყველანი მთავარი შესასვლელისკენ დაიძრნენ. არჩილ ჯორჯაძის ქუჩით ჩავიდნენ და გამოვიდნენ ანტონ მარტყოფელის ქუჩიდან. მე უკან მივყვებოდი.

- ბარამიძე როგორ შევიდა შენობაში?

- წარმოდგენა არ მაქვს. ბარამიძე ჩვენთან ერთად არ ყოფილა. ის და დიპლომატიური კორპუსი როგორ მოხვდნენ შენობაში, არ ვიცი. უგულავაც ვერ გადავიღე, მას ჩამოვრჩი. აღმართზე რომ ადიოდნენ, მოშორებით მივყვებოდი, მესმოდა სტვენა, გინება. ანუ, წინ ჩემთვის რაღაც საინტერესო ხდებოდა. გადაღებული მაქვს, როგორ ასწიეს ხელები დეპუტატებმა მაღლა და როგორ ყვიროდნენ, პატრული, პატრულიო, მათ არავინ გამოხმაურებია. როგორც ჩანს, პოლიცია ამ დროს სხვებს აშველებდა. ბოლოს, ცემა რომ დაუწყო ხალხმა, ამათაც ჩამოსწიეს ხელები და ხურდას უბრუნებდნენ მოძალადეებს. კადრებში მყავს სერგო რატიანიც, რომელიც ჩემ წინ იყო და ყვიროდა, ქალები გავიყვანოთო. ამ დროს მეც მომხვდა, ოღონდ ვისგან არ ვიცი. ვერც კადრებში აღმოვაჩინე ვინ იყო. ამ დროს გავიგე ხმა, ესენი აქედან გავაგდოთო და მაღლიდან წამოვიდა ტალღა. ჩვენ აღმართის ბოლოში ვიდექით. ჭყლეტაში მოვყევი, დავეცი, მხოლოდ ფეხსაცმელებსღა ვხედავდი, ბედზე ვიღაცამ ამაყენა და გამომიყვანეს ჭყლეტიდან, დაჟეჟილობები და სილურჯეები მაქვს ფეხებზე, ეტყობა, რომ დავეცი, გადამიარეს.

- როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა, პოლიცია იყო იქ საკმარისი რაოდენობით და არ მოინდომეს წესრიგის დაცვა, თუ არ იყვნენ სამართალდამცველები მობილიზებულნი?

- არ იყვნენ საკმარისი რაოდენობის სამართალდამცველბი, კორიდორი მართლა რომ ყოფილიყო, არ მოხდებოდა ის, რაც მოხდა. კოლმეურნეობის მოედნამდე სდიეს ბეჟუაშვილსა და ხათუნა გოგორიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფით. გადავიღე ისიც, როცა გოგა ხაჩიძეს ზურგიდან ჩაარტყეს, შემდეგ გოგამაც დაუბრუნა ხურდა.

- კობა ხაბაზი რომ გააქტიურდა, იქ იყავი?

- არა, ხაბაზის შემთხვევას არ შევსწრებივარ. საოცარი კი ის იყო, რომ ვიღაცებს სახელებით ეძებდნენ, მაგალითად, ჩიორას და ნუგზარ წიკლაურს.

- შენ დიდხანს მიდიოდი დეპუტატებთან ერთად. თუ იყო გზადაგზა იმაზე ლაპარაკი, საიდან შესულიყვნენ, ან საერთოდ, შესულიყვნენ თუ არა?

- არა, მსგავსი არაფერი მსმენია. მწკრივად, ერთად მიდიოდნენ, რომ დაცულად ყოფილიყვნენ. არავის უხარია ცემა და გინება, რომ ეთქვათ მათთვის, უსაფრთხოდ საიდან შესულიყვნენ, მგონია, რომ უარს არ იტყოდნენ.

- იქაურობა როდის დატოვე?

- როცა დეპუტატები წავიდნენ, პრეზიდენტის რეზიდენციაში წავედი. ნაცემი, დაბეგვილი, ჭუჭყიანი, მრცხვენოდა, მაგრამ ის მიხაროდა, რომ მარტო მე არ ვიყავი ასეთი. მოვახერხე და შიგნით შევედი, ოღონდ ისეთი დაღლილი ვიყავი, მალე დავტოვე იქაურობა. ყველაფერი მტკიოდა. მობილური დამიჯდა, თან მასალა მქონდა ასატვირთი. სამი წლის განმავლობაში რომელ აქციაზე აღარ ვყოფილვარ, სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი არავის მოუყენებია ჩემთვის, ფიზიკურზე რომ არაფერი ვთქვა.

- შეიძლება გიცნეს, იქნებ იციან, რომ პრეზიდენტის ფოტოებს აგროვებდი?

- (იღიმება) არ ვიცი, ვერ ვნახე ის ადამიანი, რომელმაც დამარტყა, არც ერთ კადრში არ ჩანს.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"