ამ ამბიდან აქამდე უცნობი სიყვარული შემოგყურებთ. მისი აღმოჩენა კი ბაირონოლოგ ინესა მერაბიშვილის დამსახურებაა.
- ბაირონის პოეზიიდან გამოკვლეულია ყველა იმ ქალის პროტოტიპი, რომელსაც ბაირონი ლექსებს უძღვნიდა. მხოლოდ უცნობად დარჩა, ვის ეძღვნებოდა "თირზა" - ბაირონის შედევრთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო. და აი, ერთ დღესაც, როცა ბრიტანეთის მუზეუმის ბიბლიოთეკაში ვმუშაობდი, მივაკვლიე მისი ბიოგრაფიის ამსახველ სამტომეულს, სადაც თერთმეტ გვერდზე აღწერილია ამბავი ბაირონის შეხვედრისა ქართველ ქალთან. როცა ამ გვერდების ამონაბეჭდი საქართველოში ჩამოვიტანე და ჩემს ქალიშვილს ვუკითხავდი, ერთად ვტიროდით, ჩვენ იმ ღამეს არ გვეძინა...
ეს ამბავი კი ასე დაიწყო... ბაირონმა 1810 წელს, ტროას ალექსანდრიაში, მონათა ბაზარზე, ქართველი ქალი ნახა... 13 წლის გოგონა მწარედ ტიროდა და სამშობლოში დაბრუნებას ითხოვდა. გოგონა მდიდარი ქართველი მემამულის ქალიშვილი ყოფილა - ცხვრებს თამაშ-თამაშით ასდევნებია და ქურთებს ჩავარდნია ხელში... მათ კი რამდენჯერმე გაუყიდიათ. მისი სილამაზით მონუსხულმა და ტანჯვით შეძრწუნებულმა ბაირონმა ტყვე ქალში 800 პიასტრი გადაიხადა და გამოისყიდა, - ლორდი და პოეტი მაშინ 22 წლისა იყო და 13 წლის გოგონაში მხოლოდ ბავშვს ხედავდა, - ერთადერთი სურვილი ამოძრავებდა, სამშობლოში დაებრუნებინა. მერე ირლანდიელი ვაჭარი მოძებნა, სახელად ფლეტჩერი და იმასაც დიდი ფული გადაუხადა, რომ ტყვე საქართველოში წამოეყვანა. ირლანდიელი კი მოღალატე და გაიძვერა აღმოჩნდა - გოგონა თავისთვის დაიტოვა და ხასად აქცია. როცა დიდი დრო გავიდა და ბაირონმა ქართველი ქალი მოიკითხა, ფლეტჩერის სიბილწის ამბავიც შეიტყო. ბინძური ვაჭარი ფაშას დახმარებით მოძებნა და ჯანმრთელობაშერყეული უბედური ქალი გამოიხსნა.