დიანა ღურწკაია: ძალიან მინდა "ევროვიზიაზე" წასვლა უკვე რუსეთის სახელით

დიანა ღურწკაია: ძალიან მინდა "ევროვიზიაზე" წასვლა უკვე რუსეთის სახელით

"ორმაგი სტანდარტები კვლავაც არსებობს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს არ ექცევიან, როგორც თანასწორებს. ამას მეც კი ვგრძნობ საკუთარ თავზე", - ასე დაიწყო თავისი ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ დიანა ღურწკაიამ, რომელიც რუსეთში მომღერლობასთან ერთად საზოგადოებრივ საქმიანობასაც ითავსებს. ქართველი მომღერალი რუსეთის საზოგადოებრივი პალატის მუშა ჯგუფის ხელმძღვანელია და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებზე ზრუნავს. გარდა ამისა, ხელმძღვანელობს უსინათლო ბავშვების დახმარების ფონდს "გულის ძახილით".

ამ ფონდის ერთ-ერთი აქცია იყო საერთაშორისო საქველმოქმედო ფესტივალი "თეთრი ხელჯოხი" ნორჩი არტისტებისთვის, რომელთაც მხედველობის პრობლემები აქვთ. ფესტივალი უკვე მესამედ ჩატარდა მოსკოვში.

-  დიანა, როგორც ჩანს, რუსეთში დამხრჩვალის გადარჩენა კვლავ თვით დამხრჩვლების საქმეა?

-  მთლად ასე კრიტიკული ვერ ვიქნებოდი, რადგან ბოლო პერიოდში ბევრი რამ შეიცვალა. ადრე ინვალიდები საკუთარ ბინას ვერ ტოვებდნენ, რომელიც მათთვის ლამის საკნად იყო ქცეული. საჯაროდაც არ ლაპარაკობდნენ ამ თემებზე. მე რომ თბილისში უსინათლოთა ინტერნატში ვსწავლობდი, აზრზეც არ ვიყავი, რა იყო ინკლუზიური განათლება, რომელიც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანებს ცოდნისკენ გზას უხსნიდა. თითოეულ ადამიანს შეუძლია იგრძნოს და იფიქროს, აქვს უფლება ისწავლოს, დაამყაროს ურთიერთობები. ამას კი სჭირდება სპეციალური მეთოდიკა, პედაგოგები და ბევრი სხვა რამ.

-  თქვენც გიჭირდათ ბავშვობაში?

-  გარკვეულწილად გამიმართლა, რადგან არასდროს მიგრძნია თავი სხვებისგან გამორჩეულად. პირიქით, ოჯახში ცდილობდნენ ხაზი გაესვათ იმისთვის, რომ არ გამოვირჩეოდი უფროსი და-ძმებისგან. არც მეტისმეტად მანებივრებდნენ და არც მმფარველობდნენ. თუ ვეცემოდი, არ გამორბოდნენ კისრისტეხით, უბრალოდ მეუბნებოდნენ: "არაფერია საშიში, დიანა, ადექი". მეც ვდგებოდი და გზას ვაგრძელებდი. როგორც ხედავთ, დღემდე დავდივარ. ცხოვრებაში ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული, მნიშვნელოვანია გარშემო მყოფთა დამოკიდებულება ჩემნაირი ადამიანებისადმი. დასავლეთში სტივი უანდერის ან ანდრეა ბოჩელის ვარსკვლავურ სტატუსს ისე აღიქვამენ, რომ ასეც უნდა იყოს. არავინ უსვამს ხაზს, რომ ისინი უსინათლონი არიან. მე კი, რუსეთის დამსახურებულმა არტისტმა, პროფესიით შემდგარმა ადამიანმა უნდა დავამტკიცო, რომ ჩემს კოლეგებზე ცუდად არ ვაკეთებ საქმეს. რატომ ხდება ასე? არ ვიცი.

-  თქვენ 1995 წლიდან ცხოვრობთ რუსეთში, თუმცა 2008 წელს "ევროვიზიაზე" საქართველო წარადგინეთ...

-  ეს ჩემი სამშობლოა, იქ გავიზარდე.

-  მე სხვა რამეს ვგულისხმობ. ძნელი წარმოსადგენია, რუსეთს თქვენ გაეგზავნეთ კონკურსზე. უფრო სწორედ, არა კონკრეტულად ღურწკაია, არამედ ადამიანი შეზღუდული შესაძლებლობებით...

-  არა, რატომ? ყველაფერი შესაძლებელია. ძალიან მინდა "ევროვიზიაზე" კიდევ წასვლა, უკვე რუსეთის სახელით. დიახ, სისხლით ქართველი ვარ, მაგრამ ქმარ-შვილი რუსი მყავს, როგორ გამოვარჩიო ერთი მეორისგან? მაშინაც რომ წავედი, რუსეთიდან მახლდა საბალეტო ჯგუფი, ნომრის დადგმაშიც რუსი ქორეოგრაფი და სტილისტი მეხმარებოდნენ.

-  თქვენ თუ გაქვთ თეთრი ხელჯოხი?

-  დიახ, მაგრამ ვაღიარებ, არ ვიცი მისი დახმარებით სიარული. არასდროს მტოვებენ მარტოს, ახლობლებიდან ვიღაც ყოველთვის ჩემ გვერდითაა. თუმცა მაინც გამოვუცხადე ოჯახს, რომ აუცილებლად ვისწავლი ხელჯოხით სიარულს. ეს არც ისე ადვილია, მაგრამ გავუმკლავდები...

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ასევე იხილეთ:

დიანა ღურწკაიამ და სერგეი ბეზრუკოვმა დუეტში "Берёзы" შეასრულეს

დიანა ღურწკაიამ იურმალაში Новая Волна 2012-ის გახსნაზე იმღერა

დიანა ღურწკაიას ამაღელვებელი ვალსი შოუში "ცეკვავენ ვარსკვლავები"

დიანა ღურწკაიასა და დავით კენჭიაშვილის "სატრფიალო"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება