"რამდენჯერაც ოლეგა თავს დამესხმება, იმდენჯერვე პასუხს მიიღებს ჩემგან"

"რამდენჯერაც ოლეგა თავს დამესხმება, იმდენჯერვე პასუხს მიიღებს ჩემგან"

კასპის რაიონის გამგებლის - ოლეგ იაძისა და ამავე რაიონის მკვიდრის - მარეხ ყამბეგაშვილის დაპირისპირება პოლიტიკურ-იუმორისტულ შოუს ემსგავსება. ქალბატონი მარეხი თავისი "ფრთიანი" ფრაზებით პოპულარობის ზენიტში გახლავთ. განსაკუთრებულად პოპულარულია მისი ფრაზა - "კასპი არის ტატამი, ოლეგაა ჩვენი მწვრთნელი". გადავწყვიტეთ, ლამის ვარსკვლავად ქცეული ქალბატონი მკითხველისთვის უფრო ახლოს გაგვეცნო. ხალხთან ურთიერთობისას სიმკაცრეს და იუმორს ვაბალანსებო, - გვითხრა...

- ქალბატონო მარეხ, როდემდე შეიძლება, კასპი "ტატამი" იყოს?

- არ ვიცი. რამდენჯერაც ოლეგა თავს დამესხმება, იმდენჯერვე პასუხს მიიღებს ჩემგან! ჩემი გამოსვლებით ერთი პოზიტიური რაღაც მაინც მოხდა: ხალხმა კასპი "აღმოაჩინა" და იქნებ ყურადღება მიაქციონ. არანორმალურად დანგრეული ინფრასტრუქტურა გვაქვს... კასპში არავის უთქვამს, - ოლეგას უსამართლოდ ერჩიო. ყველამ კარგად იცის, რაც ხდება. ჩვენი რაიონი მისნაირი "ელემენტებისგან" უნდა გაიწმინდოს, რომ "ნაციონალებს" ჩვენკენ თითის გამოშვერის საბაბი არ ჰქონდეთ: - აი, ნახეთ, როგორი ხალხი ჰყავთო! უკვე "ნაციონალებიც" "აკიკინდნენ"... ჩემს შვილსაც არ დავიცავ, თუკი დამნაშავე იქნება! პირველად მე ვამხელ და გავაკრიტიკებ. დემოკრატიისთვის ვიბრძოდი, ჩემო კარგო...

- ქალბატონო მარეხ, კასპში დაბადებულ-გაზრდილი ხართ?

- არა. მცხეთის რაიონში - ძალისში ვცხოვრობდი. ბინა თბილისში, თემქაზეც გვქონდა, მაგრამ ქალაქში ცხოვრების საჭიროება არ იყო - ძალისი თბილისთან ახლოს არის...

- კასპში როგორ მოხვდით?

- ყველა დასავლეთიდან აქეთ გამორბის და მე უკუღმართი რომ ვარ, არ მეტყობა? "უკუღმა" წავედი... კასპში გავთხოვდი. ჩემი მეუღლე ქვემოჭალელი გახლდათ. ისე სწრაფად დავოჯახდი, რომ ვშაყირობ ხოლმე, - ჩემს ქორწილში თავი მაყარი მეგონა-მეთქი...

- ბავშვობაშიც ასეთი ენაკვიმატი იყავით?

- 4 ძმა მყავდა. ნაბოლარა შვილი გახლავართ. მანებივრებდნენ. ძმები მეუბნებოდნენ, - მამამ გაგათამამა და გაგატუტუცაო... უშვილო ბიძა მყავდა. მისი ნებიერაც გახლდით. რაც მეტ სისულელეს ჩავიდენდი და ვიტყოდი, ახლობლებს მით უფრო ვახალისებდი. ქმარიც არაფერში მზღუდავდა. ყოფილა შემთხვევა, როცა შინ ძმაკაცები მოუყვანია, კარტის სათამაშოდ დამსხდარან და ქმრისთვის მითქვამს, - ერთ ხელს მე ვითამაშებ-მეთქი. მეუღლე ბავშვს დაიჭერდა, მე - ვთამაშობდი...

მერე ჩემი ქმარი მძიმედ გახდა ავად. შეეძლო, თავის დეიდაშვილთან - მდიდარ ბიზნესმენ მერაბ სამადაშვილთან მისულიყო და დახმარება ეთხოვა, მაგრამ ამბობდა: ჩემი დეიდაშვილისგან, რომელთან ერთადაც მთელი ბავშვობა გავატარე, სიცოცხლეს არ ვიყიდი. მან ჩემი პრობლემის შესახებ იცის და ამის მოგვარება მისთვის არაფერიაო. მეორე დეიდაშვილი ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობდა. ის ცოცხალი აღარ არის და მის გვარ-სახელსაც აღარ ვახსენებ. ჩემი ქმრის პრობლემას ისიც უყურადღებოდ მოეკიდა. ზედმეტი სიკეთე საკუთარი თავის წინაშე ჩადენილი ბოროტება გახლავთ. ჩემს მეუღლეს ასე დაემართა. ქმრის გარდაცვალების შემდეგ, ბრძოლის ქარცეცხლში ვარ: 25 წლის ასაკში 2 ბავშვით მარტო დავრჩი. არ ვიცოდი, რა უნდა მეღონა? ჩემი გონება მალევე ამუშავდა და ოჯახზე დამოუკიდებლად ზრუნვა დავიწყე. ახლა სულ ზეპირად ვიცი, ხორბლის თესვის, ნიადაგის მოხვნის, სასუქის და თაგვის წამლის შეტანის დრო და ა.შ. იცით, ვამბობ ხოლმე, - დედაკაცი ვარ-მეთქი ანუ რადგან ქმარი არ მყავს, ოჯახში დედაც მე ვარ და კაციც! კაცები იგინებიან, ქალები კი - იწყევლებიან. მე "ოქროს შუალედი" მაქვს არჩეული... იუმორის გრძნობა რომ არ მქონოდა, ამდენი პრობლემის ფონზე, ახლა ან საგიჟეთში ვიქნებოდი, ან - სასაფლაოზე. იუმორმა ძალიან მიშველა. რომ იცოდეთ, საკუთარ თავზე ყველაზე მეტად ვშაყირობ და ეს ძალიან მშველის. უკიდურესი ფინანსური გაჭირვება როცა მაქვს, რა თქმა უნდა, ვნერვიულობ. თმა ისე შემიჭრია, სარკესთან რომ დავმდგარვარ, ჩემი ორეულის დანახვისას ბევრი მიცინია: - საკუთარ თავს რას ვერჩოდი-მეთქი?

- თქვენი შემოსავლის წყარო რა არის?

- როგორც მარჩენალდაკარგული, პენსიას - 110 ლარს და სოციალურ დახმარებას - 75 ლარს ვიღებ. სოფელში მოსავალი მომყავს. ქერს ან სხვა პროდუქტს ვყიდი, აღებული ფულით კი ბავშვებისთვის წიგნს ან ტანსაცმელს ვყიდულობ. განსაკუთრებულად ზამთარში გვიჭირს: გაზის გამათბობელი გვაქვს და ძირითადად, გადასახადზე ორიენტირებულები ვართ. მაღაზიებში რაღაცებს ნისიად ვყიდულობთ...

- მკაცრი დედა ხართ?

- მგონი, სიმკაცრესა და იუმორს შვილებთან ურთიერთობაშიც ვაბალანსებ. უწესრიგობა არ მიყვარს. ცოტა კრიტიკული დედა ვარ: მინდა, რომ უკეთესები იყვნენ. ჩემი გოგონა კარგად სწავლობს, ბიჭი ცოტა ფუქსავატობს და სწავლასთან დაკავშირებით, პრობლემები მაქვს. მართალია, მასწავლებლები დადებითად ახასიათებენ, მაგრამ სწავლა ეზარება... ბავშვებისგან მხოლოდ სწავლას ვითხოვ, ყველანაირ პირობას ვუქმნი, თავად კი ყველაფერს ვიკლებ. სხვათა შორის, გადაცემაში სტუმრად რომ მივდიოდი, მეგობრებმა ფული ამიგროვეს - ერთი ხელი ტანსაცმელი იყიდე და ისე წადიო. პარიკმახერი არ მჭირდება - ალბათ, სალონში ქორწილის მერე არ ვყოფილვარ. საკუთარ თავს თავად ვუვლი...

- როგორც ვიცი, მეზობლების ვარცხნილობაზეც თქვენ ზრუნავთ...

- სერტიფიცირებული სტილისტი ვარ. 3-თვიანი კურსი გავიარე.

- მუდმივი კლიენტები გყავთ?

- ვინმე რომ მოვა, მაწონს მომიტანს და სანაცვლოდ თმის შეჭრას მთხოვს, იმას კლიენტი როგორ ვუწოდო? სოფელში ხალხს ფული არ აქვს... პროფესიით მხატვარ-დიზაინერიც გახლავართ - კოლეჯში ვსწავლობდი. ძალიან ცუდი პერიოდი იდგა: არც "გაზი" იყო, არც - დენი. მაშინ სოფელი უფრო ძლიერი გახლდათ, ვიდრე - ქალაქი. კასპში გათხოვებამდე, სასმელი წყლის ევროპული დონის ქარხანაში ვმუშაობდი. ტანდაბალი უფროსი მყავდა. "ჭიკარტას" ვეძახდი. ერთხელ ქარხანაში თანამშრომელი ბიჭები "ტაჩკით" მიმაქროლებდნენ. უცებ კარი გაიღო და "ჭიკარტა" შემოვიდა. თანამშრომლებმა დაინახეს და "ტაჩკას" ხელი გაუშვეს. "ჭიკარტა" გადავარდა, მე ზემოდან დავახტი... უფროსი სამსახურიდან ვერ მაგდებდა, რადგან ჩემი ონავრობა ბევრს ახალისებდა, თავად მას კი - ქარხანაში მოსვლა აღარ უნდოდა. მერე გავთხოვდი და სამსახურიდან წამოვედი. ერთხელ ჩემი მაზლის ცოლს ღამით სამშობიაროში გავყევი. აღმოჩნდა, რომ "ჭიკარტას" ცოლიც იქ მშობიარობდა. ყოფილმა უფროსმა რომ დამინახა, ვერ წარმოიდგენთ, როგორ ჩამეხუტა - ვერ მაგლეჯდნენ! - როგორ მომენატრე, შენ გენაცვალე, რას მერჩოდიო? - მეუბნებოდა. თან, შვილის შეძენის გამო, გახარებული იყო...

- მშვენივრად გამოიყურებით. მეორედ დაოჯახებაზე არ გიფიქრიათ?

- წეღან ვშაყირობდი, - ევროკავშირში რომ შევალთ, "ე ხალათი დამიჭერს"-მეთქი (იცინის)? როგორც დედას და ადამიანს, იმდენი პრობლემა მაქვს, ჩემო კარგო, რომ პირად ცხოვრებაზე საერთოდ არ დავფიქრებულვარ. ჩემი ოჯახის უფროსი მე ვარ. პაემნებისთვის სად მცალია? ჩემი შვილების პრობლემებით და "ო"-თი ვცხოვრობ. "ო" ოლეგას დავარქვი: ოფიციალურად ომარი ჰქვია...

- ზოგს თქვენი საქციელი ქალისთვის შეუფერებლად მიაჩნია. მათ რას ეტყოდით?

- ვამაყობ, რომ თავმოყვარეობა მაქვს და ჩემი ღირსებისთვის ვიბრძვი. აბა, ჩემთან ერთად, ტრაქტორით და კომბაინით წამოვიდნენ, ჩემ გვერდით თოხნონ და მერე, ვიღაც შეურაცხყოფას რომ მიაყენებს, იქნებ თოხი თავზე გადაუჭირონ! სანამ გამკიცხავენ, ჯერ იმის ნახევარი იშრომონ, რასაც მე ჩემი შვილებისთვის ვშრომობ. ბაზარშიც დავდივარ. მათ ჰგონიათ, რომ ყველა გამყიდველი უღირსია? შვილებისთვის იოლ ლუკმას არ ვეძებ! ჩემსავით იწვალონ და ვნახოთ, როგორ ხასიათზე დადგებიან...

- თქვენს პოპულარობას შვილები როგორ ეგუებიან?

- ბიჭი - ძალიან კარგად. გოგონას ხან მოსწონს, ხან - არა. ორივე ყველაფრის საქმის კურსში გახლავთ. ფაქტობრივად, შარშან, ოქტომბრიდან სახლში შტაბი მაქვს გახსნილი. ჩემს სახლში ოლეგ იაძეც ნამყოფია. წინასაარჩევნოდ თანამებრძოლები ვიყავით. პარტიის გასამარჯვებლად არანორმალურად ვმუშაობდით. შემდეგ რა დაემართა, არ ვიცი...

- ვანო ჯავახიშვილის წინააღმდეგ მიტინგის მოწყობას ისევ აპირებთ?

- არა. ვუთხარი, - შენი "ნათლია" ვარ-მეთქი: ქამა სოკოსაც პატარა ტანი და დიდი თავი არა აქვს (იღიმის)?

- ოლეგ იაძის დამარცხების გარდა, რა მიზანი გაქვთ?

- ოლეგ იაძე ამბობს, - მიწების დროულად აღწერისთვის სოფლის მეურნეობის მინისტრმა მადლობა გადაგვიხადაო. არადა, მიწების აღწერა არჩევნებამდე მოხდა! გამგებელს არაფერი გაუკეთებია, - ქვა ქვაზე არ დაუდვია, მაგრამ 2 პრემია უკვე აიღო! თუ გამგებლად დატოვებენ, ე.ი. კასპი და საქართველო ამ ყველაფერს იმსახურებს, თორემ პირადად მე, "ო" თანამდებობას ვერ დამაკარგვინებს, ჩემს შვილებს ციხეში ვერ ჩასვამს, მეც ვერ დამაპატიმრებს, რადგან კრიმინალი არასოდეს ჩამიდენია, სოციალურ დახმარებას ვერ მომიხსნის და თოხს და ბარს თუ წამართმევს, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს!.. შრომა და წვალება დამიფასდება, თუკი ქვეყანას 2 ღირსეულ ქართველს გავუზრდი. მინდა, ჩემმა შვილებმა სამართლიან საქართველოში იცხოვრონ. ჩემი მიზანი სწორედ ეს გახლავთ!

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ასევე იხილეთ:

ოლეგ იაძე "კოჰაბიტაციას" ვერ ამბობს და "კოხას" ეძახის - მარეხ ყამბეგაშვილი

- "ამერიკაში იცის კატრინა, კასპში გვყავს ქარიშხალი ოლეგა" - ჩაშლილი შეხვედრა გამგებელთან

- თვითმფრინავის ბოლივით გაქრა ოლეგა ჩვენთვის - კასპში გამგებლის გადადგომას მოითხოვენ

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"