აშშ-ში წლის საუკეთესო ქორეოგრაფად ნიკოლოზ მახათელი დაასახელეს

აშშ-ში წლის საუკეთესო ქორეოგრაფად ნიკოლოზ მახათელი დაასახელეს

ახლახან ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველმა ქორეოგრაფმა და პედაგოგმა ნიკოლოზ მახათელმა წლის საუკეთესო საბალეტო ნომინაციაში - "საუკეთესო ქორეოგრაფიაში" გაიმარჯვა.

ამჟამად ნიკოლოზ მახათელი ნიუ ორლეანის სახელოვნებო ცენტრის - "ნოცას" პედაგოგია. ბატონ ნიკოლოზს ნიუ ორლეანში დავუკავშირდით და სპეციალურად გაზეთ "ყველა სიახლისთვის" ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოვართვით.

- უპირველესად, გილოცავთ გამარჯვებას. რას გვეტყვით ამ წარმატებაზე?

- დაჯილდოების ცერემონია 7 იანვარს გაიმართა ნიუ ორლეანის პრესტიჟულ სასტუმრო "მონტელეონში". ძალიან ბედნიერი ვარ. ეს დიდი პატივია და ჩემი შემოქმედებითი კოლექციაც კიდევ უფრო გამდიდრდა. დაჯილდოების შემდეგ ლამაზი წვეულება გაიმართა, მაგრამ გული იმაზე დამწყდა, ქართველები რომ არ მყავდით გვერდით.

- ნიუ ორლეანში როგორ მოხვდით?

- 12 წელიწადია, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვცხოვრობ. თავდაპირველად დენვერში, დავიდ ტეილორის საბალეტო თეატრში ვმუშაობდი ბალეტმაისტერად, პედაგოგად და რეპეტიტორად. აგრეთვე, ვიყავი დავიდ ტეილორის საბალეტო სკოლის ხელმძღვანელი. 2001-2004 წლებში დავდგი საბალეტო სპექტაკლები და საკუთარ შესაძლებლობებში რომ დავრწმუნდი, მეუღლესთან, მარინა ლოლაძესთან ერთად გავხსენი "მახათელის საბალეტო აკადემია". ბევრი ჯილდოც მოვიპოვე სხვადასხვა კონკურსზე. შემდეგ მიმიწვიეს ნიუ ორლეანში და აღმოვჩნდი "ნოცაში" - ნიუ ორლეანის სახელოვნებო ცენტრში, სადაც გაერთიანებულია 14 დეპარტამენტი - დრამის, ჯაზის, მედიის, კლასიკური მუსიკის, თეატრის, ცეკვის, მხატვრობის, დიზაინის და სხვა. ვარ ცეკვის დეპარტამენტის პროფესორი, ქორეოგრაფი და პედაგოგი.

- ამერიკაში მოღვაწე ქართველ ახალგაზრდებზე რას გვეტყვით?

- დაგისახელებთ თბილისიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების საბალეტო კომპანიებში ცეკვავენ: თემურ სულაშვილი და ვიქტორია ჯაიანი წარმატებით მოღვაწეობენ ჩიკაგოში და, ჩემი აზრით, ძალიან ნიჭიერი მსახიობები არიან. ასევე, ლაშა კოზაშვილი, რომელიც ბოსტონის საბალეტო თეატრის წამყვანი მოცეკვავეა და ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდა გახლავთ.

- თქვენი შვილებიც თქვენს გზას გაჰყვნენ და მსოფლიოში სახელი გაითქვეს.

- ძალიან მსიამოვნებს, როდესაც ჩემს შვილებზე ამბობენ, სახელგანთქმულებიო. დათო წლებია, ლონდონის სამეფო თეატრის წამყვანი მოცეკვავეა, მაია კი ამსტერდამის საბალეტო თეატრის პრიმა ბალერინაა. მე და ჩემი მეუღლეც ვამაყობთ მათით, თუმცა ჩვენგან არც კრიტიკა აკლიათ. ხანდახან ისე წავკამათდებით ხოლმე, "ტიტანების ჭიდილი" მოგაგონდებათ (იცინის). ვფიქრობ, კრიტიკა რომ არა, ჩემი შვილები ასეთ წარმატებას ვერ მიაღწევდნენ.

- მახსოვს, სკოლის მოსწავლე ვიყავი, დათო მახათელი თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე პირველად რომ ვნახე, სპექტაკლ "ჟიზელში" პარტნიორობას ნინო ანანიაშვილს უწევდა.

- 1998 წელს იცეკვეს ერთად. ნინო ანანიაშვილმა დიდი გავლენა მოახდინა დათოს და კიდევ ბევრი ახალგაზრდის საბალეტო კარიერაზე. ნინო და დათო ლონდონში შეხვდნენ ერთმანეთს. ნინომ მას რეკომენდაცია გაუწია ჰიუსტონის სამეფო კომპანიაში, სადაც დათო მალე წამყვანი მოცეკვავე გახდა. 7 წელიწადს ცეკვავდა ჰიუსტონში, შემდეგ კი ლონდონის სამეფო საბალეტო კომპანიაში მიიწვიეს.

- ალბათ, სახალისო ამბებიც გადაგხდენიათ სცენაზე.

- მახსოვს, ერთხელ, სპექტაკლის წინ, მეგობრები მეწვივნენ შინ, თევზი და ლუდი მოიტანეს და მაგიდას მიუსხდნენ. სპექტაკლის გამო ლუდის დალევისგან თავს ვიკავებდი, მაგრამ ბოლოს ცდუნებას ვერ გავუძელი და ცოტა დავლიე. იმ საღამოს ვცეკვავდი "გედების ტბაში" და ცეკვისას ვარიაციის მესამე ნაწილი დამავიწყდა. მუსიკა გრძელდებოდა, ჰოდა, იმავეს გამეორებამ მომიწია. გარკვეულ ადგილამდე რომ მივედი, მეხსიერება ისევ გამეჭედა. მოკლედ, სამჯერ ვიცეკვე ვარიაციის მეორე ნაწილი (იცინის). ამ ამბის შემდეგ სპექტაკლების წინ შინ სტუმრებს აღარ ვიღებდი.

- რას ურჩევთ ბალეტის დამწყებ ქართველ მოცეკვავეებს?

- წარმოიდგინეთ, რომ ოკეანეში გაგიშვეს და უნდა გაცუროთ. თუ მშვიდობიანად მიაღწევთ ნაპირამდე, ჩათვალეთ, რომ ყველგან წარმატებული იქნებით, ასე რომ, ბევრი იშრომეთ, არ შეუშინდეთ დაბრკოლებებს, გამოიჩინეთ ნებისყოფა, სერიოზულად მოეკიდეთ პატარა თუ დიდ როლს და აუცილებლად გაიმარჯვებთ!

სპეციალურად "ყველა სიახლისთვის" სიდნეიდან,

თათული ბართაია

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება