საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ვაჰაგან ჩახალიანის გამოშვება დღეს პრობლემას წარმოადგენს , - ამის შესახებ პრეზიდენტმა, აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებთან და სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ საპატიმროდან "კრიმინალი, ძალიან საშიში ვაჰაგან ჩახალიანი" გამოუშვეს და ამას არაერთგვაროვანი შეაფასებები მოჰყვა.
"აქეთ გადმოვიდნენ შეტევაზე, რომ თუ ასეთი კრიმინალი იყო, რატომ არ მიესაჯა მას სეპარატიზმის ბრალდება. ბოდიშს ვიხდი და, ამ პარლამენტმა, პოლიტიკური დევნილის სტატუსი მისცა სახელმწიფო ამბოხის მონაწილეებს, რუსეთის ჯაშუშებს, სეპარატისტებს არ შეიყვანდა პოლიტიკური პატიმრების სიაში? რა თქმა უნდა, შეიყვანდა და პოლიტიკურ გმირად გამოიყვანდნენ ციხიდან. რატომ ჰგონიათ, რომ ადამიანის დაპატიმრებით შეიძლება რაიმე საკითხების გადაწყვეტა. რა თქმა უნდა, ერთი ადამიანის ციხეში ჯდომით საკითხები არ წყდება და, რა თქმა უნდა, ჩვენ საკითხებს ვწყვეტდით",-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა ისაუბრა იმაზეც, თუ რა გააკეთდა ჯავახეთში ბოლო წლებში. მისი თქმით, რეგიონში, რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ ძალიან წყნარად და მშვიდად გაკეთდა.
"მთელი ეს წლები, ყოველგვარი ხმაურის გარეშე, ჩვენ ვაშენებდით იქ ქართულ სახელმწიფოს და არავის ვაწუხებდით ამ თემაზე. მაგრამ, მოდით, ნება მიბოძეთ და ნება დამრთეთ, არავის გეწყინოთ, თუ ანგრევთ ქართულ სახელმწიფოს, მაშინ ამოვიღებ ხმას. როცა ვაშენებდი, მაშინ ხმას არ ვიღებდი და არავის ვაყვედრიდი. ანგრევთ? მაშინ ამოვიღებ ხმას! , " - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ამ რეგიონს არ ჰქონდა გზა და თბილისამდე მოსვლა ხდებოდა შემოვლითი გზით, ახლა კი გაკეთდა და ჩამოსვლა ორ საათშია შესაძლებელი. პრეზიდენტისვე განცხადებით, გაკეთდა ყველაფერი, რომ რეგიონი არ ყოფილიყო ჩიხში.
"ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ამ ხალხს არ ჰქონოდა ალყაშემორტყმულის ფსიქოლოგია. ქუთაისის პარლამენტს რაც შეეხება, ვიღაცას ხომ არ ჰგონია, რომ სააკაშვილს ეშინია მიტინგების და იმიტომ გადმოიტანა. არამედ, ეს არის საქართველოს შემკვრელი, ამ რეგიონის შემკვრელი. ადრე თუ ერევანს უკავშირდებოდა მხოლოდ ჯავახეთი, ახლა უკავშირდება ახალი გზით თბილისს, ქუთაისს. ახალი გზა იკვრებოდა აბასთუმნის გავლით და 16 კილომეტრია იქ დარჩენილი",-განაცხადა სააკაშვილმა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ჩახალიანის ციხეში ყოფნა-არ ყოფნა შეიძლება არ ყოფილიყო ისტორიული მნიშვნელობის და 5 წელიც რომ მჯდარიყო ციხეში, მისი შემდეგ გამოსვლა პრობლემას არავის შეუქმნიდა. "დღეს ეს არის პრობლემა. თავის დროზე ვლადისლავ არძინბა რომ ვინმეს დაეჭირა, აფხაზეთში არ მოხდებოდა ეს პრობლემა. კულუბეკოვი და ჩოჩიევი რომ არ გამოეშვათ, არ მოხდებდოა ცხინვალში ის, რაც მოხდა",-დასძინა სააკაშვილმა.