გაკიცხული ალასანიას არჩევანი

გაკიცხული ალასანიას არჩევანი

როგორც ჩანს, კოაბიტაცია მხოლოდ "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალებს" არ სჭირდებათ. კოაბიტაცია აუცილებელია თავად კოალიციის პოლიტიკურ ძალებსა და ლიდერებს შორის. ამ თანაცხოვრებას პირველი და სერიოზული დარტყმა უკვე მიადგა.

ალბათ, ჩვენ ამის შესახებ ოფიციალურად ვერც შევიტყობდით, რომ არა სიტყვიერი პინგ-პონგი ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ალასანიას შორის. ჯერ ალასანიამ თქვა ერთ-ერთ ტელეგადაცემაში - პრემიერთან პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით მძიმე საუბარი გვქონდაო. მეორე დღეს კი, მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ივანიშვილის ბრძანება ალასანიასთვის ვიცე-პრემიერის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. აჰა! - იფიქრეს ჟურნალისტებმა - ახალ მთავრობაში პირველი ბზარი გაჩნდაო, მაგრამ... შემდგომი კომენტარები ისეთი იყო, რომ ინტრიგა მოკვდა.

კერძოდ, ახალი მთავრობის წევრების კომენტარებით (მათ შორის თავად ალასანიასი), ისე გამოდიოდა, რომ ალასანია და ივანიშვილი წყნარად შეთანხმდნენ - თავდაცვის მინისტრს მთელი ყურადღება არმიაზე რომ გადაეტანა, მეორე სამსახურზე, ანუ ვიცე-პრემიერობაზე აღარ უნდა მოცდენილიყო. ამ კონტექსტში არ ჯდებოდა "მძიმე საუბარი", მაგრამ ამაზე უკვე არავინ ამახვილებდა ყურადღებას.

თურმე, ჯერ სად ხარ. ივანიშვილის დავოსში გაკეთებულმა განცხადებამ ზემოხსენებულ ვერსიას ჩაილურის წყალი დაალევინა. მისი და მთავრობის სხვა წარმომადგენლების საუბრიდან გამომდინარე, მოვლენების მოკლე ქრონოლოგია შეგვიძლია აღვადგინოთ: "თავისუფალი დემოკრატების" პოლიტსაბჭოზე მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ალასანიას კანდიდატურის დასახელება განიხილეს. ამის შესახებ არ იცოდნენ კოალიციის სხვა წევრებმა, მათ შორის ივანიშვილმა. როდესაც პრემიერმა ეს შეიტყო (არ არის გამორიცხული, ინტერპრეტირებული), გაბრაზდა და ალასანია ვიცე-პრემიერობიდან გადააყენა. ეს დაახლოებით, იმას ჰგავს, ბავშვს რომ კანფეტს წაართმევ, რათა მან თავის შეცდომებზე კარგად იფიქროს.

რა ხდება კოალიცია "ქართულ ოცნებაში" და მიმდინარეობს თუ არა დაპირისპირება "თავისუფალ დემოკრატებსა" და "რესპუბლიკელებს" შორის, სხვა სტატიის თემაა. ყოველ შემთხვევაში, იმ პერიოდს, როდესაც სავარაუდოდ, ზემოხსენებული პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, საეჭვოდ დაემთხვა "რესპუბლიკელ" ვახტანგ ხმალაძის იდეა, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტი პარლამენტმა უნდა აირჩიოს.

საინტერესოა ისაა, რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ივანიშვილის მიერ თავისი მთავრობის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურის საჯაროდ გაკრიტიკებამ. რა თქმა უნდა, საჯაროობა აუცილებელია, მაგრამ ქართულ რეალობაში ცოტა სხვა პოლიტიკური დინებებია.

კერძოდ, საქართველოში ხელისუფლება რომ შეინარჩუნო, შეკრული და ერთიანი პოლიტიკური გუნდი უნდა გყავდეს. ეს საკმაოდ რთული საქმეა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რამდენიმე პარტიისგან შემდგარ კოალიციასთან გაქვს საქმე. ამიტომ ალბათ, ამ ერთიანობის შენარჩუნებისთვის გარკვეული პოლიტიკური მანევრები საჭიროა.

ვითარებაში, როდესაც ხელისუფლებაში ახალი მოსული ხარ, ჯერ ყველა ბერკეტს არ ფლობ, გაოპოზიციონერებული "ნაციონალები" კრიჭაში გიდგანან, მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებები გაქვს მისაღები და წინ საპრეზიდენტო არჩევნები გელოდება, ალბათ, ახალი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა რთული არჩევანის წინაშე არ უნდა დააყენო.

ივანიშვილის განცხადებების შემდეგ ალასანიას არჩევანი მართლაც რთულია და დაახლოებით იმას ჰგავს - წინ წყალი, უკან მეწყერიო. თუ აჰყვება რჩევებს "თავმოყვარე პოლიტიკოსის" შესახებ და დატოვებს თანამდებობას, შესაძლოა, პოლიტიკურ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდეს. თანამდებობაზე თუ დარჩება, დარწმუნებული უნდა იყოს - ოპონენტები (როგორც კოალიციაში, ისე "ნაციონალების" სახით) ყოველთვის წამოაძახებენ, რომ თანამდებობა თავმოყვარეობას ურჩევნია და თავდაცვის მინისტრის პოსტის სანაცვლოდ პატარა ბავშვივით დატუქსვებს იტანს.

რა თქმა უნდა, შეგვეძლო გვემსჯელა იმ საკითხზე, რა პრობლემები შეექმნება კოალიციას, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობაში, თუ მას ალასანია თავისი გუნდიანად გაემიჯნა. მაგრამ არ ღირს, რადგან ეჭვი გვეპარება, რომ თუ ალასანიამ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო, მას თავისი გუნდიც წაჰყვეს. ზომიერი განცხადებაცაა და ზომიერი განცხადებაც, მაგრამ როდესაც მთავრობაში თუ პარლამენტში მყოფი "თავისუფალი დემოკრატები" კომენტარებში ერთი სიტყვითაც არ ცდილობენ ალასანიას დაცვას და ბრმად ეთანხმებიან პრემიერის შენიშვნებს, ცოტა უცნაურია.

თუმცა არ არის უცნაური, რადგან ცნობილ გამოთქმას თუ გადავაკეთებთ, ქართულ პოლიტიკაში არ არსებობს მუდმივი ერთგულება, აქ მუდმივი ინტერესებია.

გიორგი კვიტაშვილი

ასევე იხილეთ:

- ირაკლის პატარა შეცდომა მოუვიდა - ბიძინა ივანიშვილის კომენტარი ალასანიას შესახებ

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა