გეიშები იაპონური კულტურის განუყოფელი ნაწილი, "ნამდვილი იაპონური სულის" დამცველნი არიან. სამწუხაროდ, ეს რიტუალური პროფესია სულ უფრო ნაკლებად პოპულარული ხდება.
თუ 100 წლის წინ გეიშების რაოდენობა 80 ათასს აღწევდა, ახლა ქვეყანაში ათასზე ოდნავ მეტნი არიან. მათი ნახვა შეიძლება მხოლოდ მსხვილი ქალაქების ყველაზე მდიდრულ კვარტლებში ან პრესტიჟულ კურორტებზე.
26 წლის ეიტარო ერთადერთი მამაკაცია, რომელიც გეიშად მუშაობს. აღსანიშნავია, რომ ეს პროფესია ახალგაზრდას შემთხვევით არ აურჩევია - თავისი გარდაცვლილი დედის კვალს გაჰყვა.
დედის გარდაცვალების შემდეგ ეიტარო და მისი და მაიკა "ოკიას" (გეიშების სახლის) ხელმძღვანელები გახდნენ ტოკიოს რაიონ ომორიში. ამჟამად ბიჭი და მისი გუნდი, რომელშიც ექვსი ქალია გაერთიანებული, ძალიან ძვირად ფასობენ კლიენტებს შორის.
გეიშების ხელოვნებას იაპონელი თითქმის მთელ ცხოვრებას უთმობს. ასევეა ეიტარო. ის 10 წლის ასაკში უკვე სხვა გეიშებთან ერთად ცეკვავდა, 11 წლისას კი დებიუტი ჰქონდა იაპონური თეატრის სცენაზე.
ბევრმა არ იცის, რომ თავდაპირველად გეიშას როლს იაპონიაში სწორედ მამაკაცები ასრულებდნენ, რომლებიც მასხარებად მუშაობდნენ ბანკეტებზე "იუკაკუში" - გასართობ კვარტალში. ისინი მეძავების კლიენტებს უხამსი ხუმრობებითა და ხალხური სიმღერებით "ახურებდნენ".
პირველი ქალი გეიშა "სიყვარულის ქურუმი", სახელად კასენი, 1761 წელს გამოჩნდა. დღესდღეობით გეიშების ძირითადი სამუშაო ბანკეტების გამართვაა სასტუმროებში, რესტორნებში, კლუბებში, სადაც წვეულების დიასახლისებად გამოდიან და სტუმრებს ართობენ. გეიშამ საუბარი უნდა წარმართოს და სტუმრების მხიარული ნადიმი უზრუნველყოს, იფლირტაოს მათთან, ოღონდაც თავისი ღირსება შეინარჩუნოს.
ბევრს ჰგონია, რომ გეიშები იაპონელი მეძავები არიან, თუმცა სინამდვილეში ფიზიკურ სიახლოვესთან ეს საქმე ნაკლებად არის დაკავშირებული. გეიშებს ძველთაგანვე ძირითადად ინტელექტუალური საუბრებისთვის, მაღალი წრის ადამიანების სამასპინძლოდ, გასართობად ამზადებდნენ. ტრადიციულ იაპონურ საზოგადოებაში ურთიერთობის წრეებს ყოფდნენ, რის გამოც იაპონელთა ცოლებს არ შეეძლოთ ბანკეტებზე ყოფნა კოლეგებთან ერთად. ამან წარმოშვა გეიშები - ქალები, რომლებიც არ შედიოდნენ ურთიერთობის შიდა, ოჯახურ წრეში.
The Times
(გამოდის ორშაბათობით)