"ელვა მარკეტის"(შედის "პალიტრამედიის" შემადგენლობაში) ერთი და იგივე ჯიხური ორთვენახევრის განმავლობაში 5-ჯერ გაძარცვეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ელვა მარკეტის" დირექტორმა ვახტანგ მაისურაძემ აცნობა, ხუთივე შემთხვევაში მეტროსადგურ "სამგორთან" მდებარე ჯიხური გაიძარცვა. თითოეულ შემთხვევაში დანაკარგი თამბაქოს ნაწარმი იყო.
ამასთან, როგორც ვახტანგ მაისურაძე აცხადებს, "ელვა მარკეტის" ჯიხურები ბოლო თვეებში თბილისის მასშტაბით 15-ჯერ გაიძარცვა. მაისურაძის ცნობით, ძარცვის მხოლოდ ერთი საქმე გაიხსნა, კერძოდ, დაკავებული იყო პიროვნება, რომელიც შემდეგ სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ძარცვის ყველა ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ბოლო პერიოდში მეტროსადგურ "სამგორთან" მდებარე ჯიხურის ძარცვის საქმეს ისანი-სამგორის პოლიციის #2 განყოფილება იძიებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გამომძიებელმა დავით ირემაშვილმა სატელეფონო საუბრისას განუცხადა, სამართალდამცველებს იმედი აქვთ, რომ საქმე უახლოეს მომავალში გაიხსნება.