"მკვლელი" ჯარიმები - ჟერარ დეპარდიესა და ქართველ მეწარმეთა საერთო სატკივარი"

"მკვლელი" ჯარიმები - ჟერარ დეპარდიესა და ქართველ მეწარმეთა საერთო სატკივარი"

2013 წლის დასაწყისში მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ, რომელმაც მაღალი გადასახადების გამო სამშობლო დატოვა და რუსეთის მოქალაქეობა მიიღო. სწორედ ეს სკანდალური ამბავი გაიხსენა ჩვენთან საუბრისას პროფესორმა თემურ კოპალეიშვილმა, რომელიც ფიქრობს, რომ არარაციონალური ჯარიმები და გადასახადები მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანებსაც კი აფრთხობთ:

- ჟერარ დეპარდიე საფრანგეთიდან იმიტომ გაიქცა, რომ უზარმაზარი გადასახადებისათვის თავი აერიდებინა. წარმოგიდგენიათ, რა დღეში არიან ჩვენი მეწარმეები, რომლებიც წლების განმავლობაში უსამართლოდ გაბერილ გადასახადებს იხდიან? სახელმწიფომ უპირველესად უნდა იზრუნოს, რომ გადასახადის გადამხდელი არ დაიჩაგროს, რადგან, პირველ რიგში, ეს თვითონ სახელმწიფოს დააზარალებს. ასეთი გადამხდელი ეცდება, წავიდეს და იმუშაოს იქ, სადაც უკეთეს პირობებს ნახავს. შეიძლება მან თავს უშველოს, მაგრამ ამით სახელმწიფოს არაფერი ეშველება.

- 1-ლი იანვრიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საგადასახადო კოდექსში ბევრი ცვლილება შეიტანა. შემცირდა საჯარიმო სანქციებიც, რომლებიც ყველა მეწარმისათვის მძიმე ტვირთად იყო ქცეული­.

- საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამო არა მხოლოდ მცირე მეწარმეები, არამედ სპეციალისტებიც ბევრს დავობდნენ, მაგრამ ვერა და ვერ მოხერხდა აღმასრულებელი ხელისუფლების დაყოლიება, ჯარიმები შემცირებულიყო. ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მცირე მეწარმეები წლების განმავლობაში ითხოვდნენ ფიქსირებული გადასახადების შემოღებას, ასეც იყო - საგადასახადო ორგანოებს ჰქონდათ უამრავი საბაბი იმისათვის, რომ მეწარმეები დაეჯარიმებინათ და მათთვის რაც შეიძლება მეტი ფული წაერთმიათ. ახლა კი მიმოვიხილოთ, რა გვქონდა 1-ელ იანვრამდე და რა გვაქვს ახლა: ჩემი აზრით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საურავის შემცირებას, რომელიც გადასახდელი თანხის 0,07 პროცენტიდან შემცირდა 0,06 პროცენტამდე. ეს უმნიშვნელოვანესი ცვლილებაა იმიტომ, რომ გადასახადების დაგვიანების შემთხვევაში მეწარმეს საურავის თანხა ყოველდღიურად ერიცხებოდა და ზოგჯერ ასტრონომიულ რიცხვსაც აღწევდა. დავუშვათ, თუ გქონდათ დავალიანება ასი ლარი, მისი 0,07 პროცენტი ყოველდღე გერიცხებოდათ, მინიმალური თანხა ვახსენე, თორემ ზოგს ათიათასობით ლარის დავალიანება ჰქონდა... თითქოს ერთი მეასედით შემცირება არაფერია, მაგრამ საგადასახადო ვალდებულება 6 წლის განმავლობაში მოქმედებდა და ამ ხნის განმავლობაში დაგროვილი თანხა ყველაზე შეძლებულ მეწარმესაც კი წელში გაწყვეტს. ამიტომ საურავების ერთი მეასედით შემცირება ძალიან მნიშვნელოვანია. საყურადღებოა ის შეღავათებიც, რომლებიც ჯარიმებზე გავრცელდა: მაგალითად, დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენისათვის ჯარიმა იყო არანაკლებ 200 ლარისა, მიღებული ცვლილებების შემდეგ კი ოთხჯერ შემცირდა და ახლა არის 50 ლარი; სალარო აპარატის გამოუყენებლობის შემთხვევაში 500-ლარიანი ჯარიმა შემცირდა 200 ლარამდე; ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირებისას 1000-ლარიანი ჯარიმა იყო დაწესებული, რომელიც განახევრდა და ახლა უკვე 500 ლარია. თუ მეწარმე საბაჟოს გვერდის ავლით ეცდებოდა საქონლის შემოტანას, ამ შემთხვევაში 100-პროცენტიანი ჯარიმით ისჯებოდა და ერთი წლით ეკრძალებოდა სამეწარმეო საქმიანობა. საბედნიეროდ, სანქციაც მოიხსნა.

- ბატონო თემურ, ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ეს ჯერ კიდევ არ არის საკმარისი, რომ ქართველმა მეწარმემ თავისუფლად ამოისუნთქოს.

- რასაკვირველია, საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებები ვერ ამოწურავს იმ პრობლემებს, რომელიც ჩვენს მეწარმეებს აქვთ. ჯერჯერობით კოდექსში რჩება კონსტიტუციის საწინააღმდეგო კიდევ ერთი თავი - ეს არის საგადასახადო შეთანხმება, რომელიც 2011 წლიდან შემოიღეს. მთლიანობაში კი მიღებული ცვლილებები შეიძლება დადებითად შეფასდეს, თუმცა კოდექსში არის სხვა უამრავი ხარვეზი, რომელთა ცვლილებაც უახლოეს მომავალში უნდა მოხდეს, რადგან ამ კოდექსით მუშაობა ძალიან ძნელი იქნება.

- რაში მდგომარეობს ეს სირთულე?

- მარტო ერთი წლის განმავლობაში, 2011 წელს, კოდექსში 800 პუნქტი შეიცვალა. მეწარმეები კი არა, ჩვენ - ამ სფეროს სპეციალისტებიც ვერ ვადევნებდით თვალს ამ ელვისებურ ცვლილებებს. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში მოქმედმა საგადასახადო კოდექსმა ყველა რეკორდი მოხსნა. სამწუხაროდ, ეს კოდექსი განსაკუთრებით მკაცრი აღმოჩნდა მცირე ბიზნესისათვის. ადრე ვთქვი - იდიოტი უნდა იყოს ადამიანი, მცირე მეწარმის სტატუსი რომ მოითხოვოს-მეთქი და მერე ეს ფრაზა თითქმის ყველა გაზეთმა გადაბეჭდა. წესით, ჩვენი მეწარმეები უნდა მიისწრაფოდნენ, რომ მცირე მეწარმის სტატუსი მიიღონ, მაგრამ ამის ოდნავი სურვილიც არა აქვთ, რადგან საქართველოში მცირე მეწარმეები ყველაზე მკაცრად იბეგრებიან. ეს მაშინ, როცა მთელ მსოფლიოში ყველაფერი მცირე მეწარმის ხელშეწყობისაკენ არის მიმართული.

- როგორც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, შემოსავლების სამსახურში არსებობდა ე.წ. მოხალისეების სამსახური, რომლის თანამშრომლებიც თითო ჯარიმიდან 100 ლარს იღებდნენ. საბედნიეროდ, ეს სამსახურიც გაუქმდა.

- მე ამას კაციჭამიობას დავარქმევდი და არა მოხალისეობას, რადგან მსგავსი მეთოდებით საგადასახადო სამსახურის მუშაობა დაუშვებელია, როდესაც ადამიანს წააქეზებ - იმდენ ას ლარს მოგცემ, რამდენ დარღვევასაც გამოავლენო, ის ყოველთვის იქნება ჩასაფრებულის პოზიციაში. შეიძლება პატიოსან და წესიერ გადამხდელს ელემენტარული შეცდომა მოუვიდეს და საგადასახადო ორგანოს "მოხალისე" მუშაკმა ის ქვეყნის დამღუპველად გამოაცხადოს. სწორედ ამიტომ იყო შემთხვევები, როცა უბრალო შეცდომის გამოც კი მეწარმეებს 500-1000 ლარით აჯარიმებდნენ, რაც ზოგიერთისთვის დაღუპვის ტოლფასი გახლდათ, განსაკუთრებით კი - მცირე მეწარმეებისათვის.

- როგორ ფიქრობთ, კიდევ რა ცვლილებები უნდა შევიდეს ჩვენს საგადასახადო კოდექსში?

- ვიცი, რომ მომავალში რადიკალური ცვლილებები მზადდება, რადგან მთელი კანონმდებლობა მოსაწესრიგებელია. შეიძლება ახალი კოდექსიც კი შემუშავდეს. მთავრობა აპირებს ამ საკითხებზე მუშაობას, მეწარმეებთანაც ჰქონდათ შეხვედრები და სერიოზულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ. საერთოდ კი, ჩვენს კოდექსში ბევრი რამ არის გადასახედი, უნდა შეიცვალოს კიდევ ერთი რამ: შემოსავლების სამსახური ფასიან მომსახურებას უწევს გადამხდელებს, რაც დაუშვებელია. ეს მომსახურება ისედაც ევალებათ საგადასახადო ორგანოებს. დარწმუნებული ვარ, ახლო მომავალში ბევრი რამ შეიცვლება, ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ სახელმწიფო გადამხდელს არ უნდა უყურებდეს, როგორც პოტენციურ დამნაშავეს.

ცნობისათვის

ახლა კი, უფრო დაწვრილებით გაგაცნობთ ცვლილებებს, რომლებიც 1-ლი იანვრიდან საგადასახადო კოდექსში შევიდა: დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენისთვის მინიმალური ჯარიმა 200 ლარიდან 50-მდე შემცირდა. საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისთვის დადგენილი ჯარიმა - 500-დან 200 ლარამდე, ამასთანავე, წესების დარღვევის პირველად გამოვლენისას საგადასახადო ორგანოები გაფრთხილებით შემოიფარგლებიან. სასაქონლო ზედნადების გარეშე საქმიანობის პირველად გამოვლენისას 1000 ლარის ნაცვლად მეწარმე 500 ლარით დაჯარიმდება. ზედნადების გარეშე განმეორებით საქმიანობისათვის სანქცია არა 10 ათასი, არამედ 5 ათასი ლარი იქნება. საბაჟოზე საქონლის დეკლარირების ვადის, ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევისათვის ყოველ დაგვიანებულ დღეზე გადამხდელს 100 ლარის ნაცვლად 50 ლარის გადახდა მოუწევს. ამ ჯარიმის მაქსიმალური ზღვარი 1500 ლარი იყო, ახლა კი 1000-ლარიანი ჯარიმა დაწესდება. ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებული ცვლილებები სხვა ტიპის გადასახადებსაც შეეხო, კერძოდ - მიწაზე ქონების წლიური გადასახადის საბაზისო განაკვეთი მთავრობის დადგენილების ნაცვლად, კანონით განისაზღვრება. თამბაქოს ნედლეულის იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლების ვადა გაგრძელდება 2014 წლის 1-ელ იანვრამდე, ხოლო თამბაქოს ნაწარმის იმპორტისა - 2013 წლის 1-ელ ივლისამდე - ვფიქრობთ, რომ თამბაქოს ბიზნესში დასაქმებული მეწარმეებისათვის ეს ინფორმაციაც საყურადღებო იქნება.

ესაუბრა ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ