2012 წლის 18 იანვარს ანაკლიაში გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის დედამ, ცინარა აბულაძემ შვილის გაუჩინარების და მის მიმართ განხორციელებული ზეწოლის, შეურაცხყოფის და ცემის ფაქტებთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს და მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს წერილობით მიმართა. იგი იუსტიციის მინისტრთან და მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვდა.
გოგიტა აბულაძის დებმა: მანანა და ნანა აბულაძემ, დედამ ცინარა აბულაძემ გუშინ იუსტიციის სამინისტროში საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი თეა წულუკიანთან შეხვედრას ითხოვდნენ. იუსტიციის სამინისტროში აბულაძეებთან მთავარი პროკურორის მოადგილე, კახა წერეთელი მივიდა, რომელმაც დებს და დედას სთხოვა მთავარ პროკურატურაში წაჰყოლოდნენ.
პროკურორის მოადგილეს მანანა აბულაძე გაყვა. წერეთელი საქმის გამოძიებას დაპირდა და მოუბოდიშა, რომ მათი საქმე დროულად ვერ განიხილეს.
მანანა აბულაძე ამბობს, რომ მისი ძმა ანაკლიაში მიმინარე მშენებლობაში ჩააბეტონეს.
"კონტრდაზვერვას, გოგიტა, რომელიც გენერალ ბორისოვს იცნობდა, "პად კალპაკომ" ჰყავდა. ჩემი ძმა არსად მუშაობდა, არავითარ ინფორმაციას არ ფლობდა. სანამ სასტუმრო "ანაკლიაში" დაიწყებდა მუშაობას სათანადო ორგანოებში დაიბარეს. თუ არასაიმედო პიროვნება იყო, მუშაობას როგორ დააწყებინებდნენ, მით უმეტეს, რომ ის სასტუმრო ვანო მერაბიშვილის უწყების სასტუმრო და მათი ბუდე იყო. რადგან იგი იცნობდა ბორისოვს, ჩემი ვარაუდით, კონტრდაზვერვის სამსახურმა შეარჩია ჩემი ძმა, დააწყებინეს სამსახური, რათა შემდეგში გამოეყენებინათ თავიანთი ინტრიგებისთვის. თუნდაც იმისთვის, რომ ერთ მშვენიერ დღეს გამოსულიყვნენ და ეთქვათ, ეს არის აგენტიო. თითქოს, ბორისოვის დავალებით ტერაქტის მოწყობა და ვიღაცის ლიკვიდაცია უნდოდა. თუ ასეთი ადამიანი იყო, რატომ აიყვანეს სამსახურში დამნაშავე ?! დაეჭირათ!"- ამბობს აბულაძის და.