ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნაშოვარში ცოფის შემთხვევის გამოვლენის გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იძულებითი ვაქცინაცია დაიწყო.
ირკვევა, რომ ცოფით დაავადებულმა ძაღლმა სოფელში 2 სული მსხვილფეხა პირუტყვი დაკბინა. ვეტერინარულ-სანიტარული ღონისძიებების ფარგლებში ნაშოვარში ერთთვიანი კარანტინი დაწესდა. ჯამში ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა 2000-მდე შინაურ ცხოველს გაუკეთდება. აცრები დაავადების დაფიქსირების კერიდან 3 კილომეტრის რადიუსში ჩატარდება.
ადგილობრივი მოსახლეობა სოფელში დაავადების გავრცელებას მაწანწალა ძაღლებს და კატებს უკავშირებს. მათი თქმით, ძაღლების რაოდენობა ბოლო რამდენიმე წელია მკვეთრად გაიზარდა.