ირაკლი თოფურიძის გარდაცვალების საქმეს სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალური ინსპექცია შეისწავლის

ირაკლი თოფურიძის გარდაცვალების საქმეს სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალური ინსპექცია შეისწავლის

ციხიდან გათავისუფლებული პოლიპატიმრის, ირაკლი თოფურიძის გარდაცვალების საქმეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია შეისწავლის.

ამის შესახებ განცხადება მინისტრმა სოზარ სუბარმა დღეს გააკეთა. მისი თქმით, სამინისტრომ უკვე მიიღო ოფიციალური ინფორმაცია გათავისუფლებული პატიმრის გარდაცვალების შესახებ და შესაბამისი ორგანოები საქმეს სწავლობენ.

"თუ მოკვლევის შედეგად დადგინდება, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სამედიცინო პერსონალის მხრიდან არ მიექცა ირაკლი თოფურიძეს სათანადო ყურადღება, შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება",- განმარტა მინისტრმა.

თუმცა, როგორც სუბარმა აღნიშნა, წინასწარ არსებული ინფორმაციით, ირაკლი თოფურიძეს ციხეში ყოფნის დროს სამედიცინო პერსონალისთვის დახმარების თხოვნით არ მიუმართავს.

ამასთან სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ აუცილებელია, გაირკვეს მიმართა თუ არა მან უშაუალოდ გათავისუფლების შემდეგაც ექიმებს დახმარებისთვის, რადგან შესაბამისი ინფორმაცია ჯერ არ არსებობს.

მუხროვანის ამბოხის ბრალდებით დაკავებული ირაკლი თოფურიძე პატიმრობიდან 13 იანვარს, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა. იგი დღეს დილით გარდაიცვალა.

როგორც უფლებადამცველმა, ნანა კაკაბაძე აღნიშნა, თოფურიძე "სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, ფაქტობრივად, მიცვალებული გამოიყვანეს, იმდენად არაადამიანურ პირობებში უწევდა იქ ყოფნა".

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ