პარლამენტარები "ეტალონში" "რთული არაფერი ყოფილა..."

პარლამენტარები "ეტალონში" "რთული არაფერი ყოფილა..."

"ეტალონის" კიდევ ერთი განსხვავებული გადაცემა მედიაპროექტის გულშემატკივრებისთვის "პირველი არხის" ეთერში 12 იანვარს გავიდა. "ეტალონში" საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობები ამჯერად პარლამენტარებმა წარმოაჩინეს. სტუდიაში მათთვის და მაყურებლებისთვის "ნაბადის" მოცეკვავეები ცეკვავდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები კი შამპანურის ბოკლებით ხელში ულოცავდნენ მთელ საქართველოს ახალი წლის დადგომას...

ყველაზე ეროვნული მედიაპროექტისა და ახალგაზრდების ინიციატივით, "2012 წლის ეტალონი ტელეჟურნალისტის ტიტული" ნანა ლეჟავას მიენიჭა და ამის დასტურად დიპლომი გადაეცა. ნანა ლეჟავა გადაცემას ქალიშვილთან ერთად ესწრებოდა.

პარლამენტარები პიუპიტრებთან შემდეგი თანმიმდევრობით განლაგდნენ: ზვიად ძიძიგური (პარლამენტის ვიცე-სპიკერი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობების კომიტეტის წევრი), გუგული მაღრაძე (პარლამენტის წევრი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ზურაბ აბაშიძე (პარლამენტის ვიცე-სპიკერი, სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი), ირაკლი სესიაშვილი (პარლამენტის წევრი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე), გიორგი ცაგარეიშვილი (პარლამენტის წევრი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე), კობა დავითაშვილი (პარლამენტის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ზაზა პაპუაშვილი (პარლამენტის წევრი, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი) და სოსო ჯაჭვლიანი (პარლამენტის წევრი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე).

ზვიად ძიძიგური თამაშის პირველი ტურიდან ბოლომდე ლიდერობას ინარჩუნებდა. ქულათა რაოდენობით მას მოსდევდნენ კობა დავითაშვილი და ირაკლი სესიაშვილი. ეს სამეული ფინალშიც ერთად გადავიდა და გამარჯვება ზვიად ძიძიგურს ხვდა წილად. დასასრულ, ფინალისტთა სამეულს პროექტის შესახებ საკუთარი აზრის გაზიარება ვთხოვეთ.

ირაკლი სესიაშვილი:

- "ეტალონი" მართლაც ეროვნული პროექტია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან რთული ცხოვრება გვაქვს, არ შეიძლება, ერთი წამითაც კი დავივიწყოთ ჩვენი მომავალი თაობის განათლება, ინტელექტუალური გაძლიერება და მოტივაცია. ეს განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას ეხება. მათ უნდა ჰქონდეთ სურვილი, რაც შეიძლება მეტი იკითხონ, ისწავლონ, მოიპოვონ ცოდნა ყველა თემაზე. სწორედ ასეთი გონებრივი ვარჯიშით შეიძლება ადამიანი ჩამოყალიბდეს ძლიერ პიროვნებად, შეიქმნას კარიერა და საკუთარ ოჯახს, ხალხსა და ქვეყანას წაადგეს. ამიტომ მიმაჩნია, რომ ასეთი პროექტი ბევრი უნდა არსებობდეს ჩვენს ტელესივრცეში...

კობა დავითაშვილი:

- დაძაბული შეჯიბრება იყო. ყველაფერი ბოლო წამებში გადაწყდა და ზვიადმა ღირსეულად გაიმარჯვა. "ეტალონი" ძალიან კარგი გადაცემაა, რომელსაც მთელი საქართველო უყურებს. ის ბავშვებს უღვივებს ცოდნის სიყვარულს და საკუთარი თავის რწმენას მატებს.

ზვიად ძიძიგური:

- "ეტალონი" ძალიან მნიშვნელოვანი გადაცემაა და მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ყველა პროექტი, რომელიც ამ კომპიუტერიზებულ სამყაროში ბავშვებს უბიძგებს წიგნისკენ, აუცილებლად უნდა არსებობდეს ჩვენს ტელესივრცეში. ეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან არ არსებობს ამაზე კარგი საშუალება, რომ ბავშვის აზროვნება, შინაგანი სამყარო და ფანტაზია განავითარო. ეს მხოლოდ წიგნს შეუძლია და არა კომპიუტერს, რომელიც გამზადებული სახით გაწვდის ყველაფერს. შენ იღებ მხოლოდ ინფორმაციას, ამგვარად არ გექმნება და არ ფართოვდება მსოფლმხედველობა. ჩემს ბავშვებთანაც ამაზე მუდმივი საუბარი და კამათი მაქვს. ვსაყვედურობ ხოლმე, რომ რაც შეიძლება მეტი წიგნი იკითხონ. "ეტალონი" სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი და აუცილებელია ასეთი ტიპის გადაცემების ხელშეწყობა. ეს ჩვენი შვილების განათლებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. "ეტალონი" მართლაც ეროვნული, წარმატებული და პიარ-პროექტია, რომელმაც გაუძლო დროის გამოცდას. ანუ ყველაზე რთულ, მწარე და ძნელ გამოცდას. გადაცემაში პირველად ვთამაშობდი, ძალიან ხალისიანი გადაცემა გამოვიდა და არცთუ ისე რთული შეკითხვები დაისვა, ამიტომ სირთულე არაფერი ყოფილა (იღიმის).

ანა კალანდაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები